Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში რვა დეპუტატი გაემგზავრება


ხათუნა სამნიძე, ლევან იოსელიანი, შალვა პაპუაშვილი.
ხათუნა სამნიძე, ლევან იოსელიანი, შალვა პაპუაშვილი.

უკრაინაში ვიზიტისთვის დაზუსტდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობა. მას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „ქართული ოცნებიდან" დელეგაციაში ასევე იქნებიან: ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო ოპოზიციას დელეგაციაში ხუთი დეპუტატი წარმოადგენს: პარლამენტის ვიცე-სპიკერი პარტია „მოქალაქეებიდან“, ლევან იოსელიანი; დეპუტატი პარტიიდან „საქართველოსთვის“, გიორგი ხოჯევანიშვილი; ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, დეპუტატი „გირჩიდან“, ვახტანგ მეგრელიშვილი, პარლამენტის წევრი პარტია „ლელოდან“ ანა ნაცვლიშვილი.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტზე უარი განაცხადა ფრაქციამ, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია".

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს მის დელეგაციაში შესვლა 14 აპრილს ბიუროს სხდომიდან საჯაროდ შესთავაზა.

მანამდე, გუშინ, 13 აპრილს, ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნებოდა.

როგორც მან თქვა, ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „[მათი] პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც, თავისთავად, ხვდებით, რომ ზრდის დელეგაციის რაოდენობას, მოცულობას. თუკი ეს იქნება თანაბარი რაოდენობა, გამოდიოდა თხუთმეტკაციანი დელეგაცია, სადღაც 15-20 კაციანი. იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების სახელით, ამიტომ სამწუხარო არის, რომ არ არიან”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ უკრაინაში ცალკე ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინშეხვედრაზე შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე 13 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.

XS
SM
MD
LG