Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონსონმა პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან მოლაპარაკებას შეადარა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ვიზიტის დროს. 2022 წლის 9 აპრილი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ვიზიტის დროს. 2022 წლის 9 აპრილი

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სკეპტიკურადაა განწყობილი უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკების მიმართ.

ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან მოლაპარაკებას შეადარა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს იგივეა საქმე გქონდეს ნიანგთან, რომელსაც შენი ფეხი ყბებში აქვს მოქცეული.

20 აპრილს, ინდოეთში გამგზავრების წინ, ბორის ჯონსონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინის სტრატეგიაა დაიპყროს უკრაინის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და ძალის პოზიციიდან გამომდინარე აწარმოოს რაღაც ტიპის მოლაპარაკება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა განაგრძოს შეიარაღებით უკრაინის დახმარება. ინდოეთში ვიზიტისას ბორის ჯონსონი აპირებს ამ ქვეყნის მთავრობას მოუწოდოს, უარი თქვას უკრაინაში ომის მიმართ ნეიტრალურ პოზიციაზე.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა ბელარუსსა და თურქეთში გამართეს მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს. კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, მხოლოდ ბუჩასა და ირპენში ნაპოვნია ასეულობით მოკლული, მშვიდობიანი მოქალაქის გვამი.

XS
SM
MD
LG