აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უარს იტყვის სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, თუ ერევანი ხელს არ მოაწერს ორმხრივ სამშვიდობო შეთანხმებას ბაქოს წინადადებების შესაბამისად. 22 აპრილს მსოფლიოს აზერბაიჯანელთა მეხუთე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ქალაქ შუშაში, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის რეგიონში, სადაც ორ ქვეყანას 2020 წლის შემოდგომაზე ბოლო ომი ჰქონდა, ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოს მიერ შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმება სომხეთის "ერთადერთი და ბოლო შანსია".
"თუ ისინი უარს იტყვიან [ამ შეთანხმებაზე], ჩვენც ასევე უარს ვიტყვით სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე", - თქვა ალიევმა. მან ასევე მოუწოდა ერევანს, თავი აარიდოს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაჭიანურებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ადრე შეთავაზებული შეთანხმების ხუთივე ელემენტს დაეთანხმა.
ამ თვის დასაწყისში, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეთანხმდნენ, დაეწყოთ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების შემუშავება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად და შეექმნათ ერთობლივი კომისია საერთო საზღვრის დემარკაციის შესახებ. მოლაპარაკებები ბრიუსელში გაიმართა და მას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მასპინძლობდა.
ბაქოს სურს, რომ სამშვიდობო შეთანხმება დაფუძნებული იყოს ხუთ ელემენტზე, მათ შორის ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. ფაშინიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი, პრინციპში, მისაღებია ერევნისთვის, რასაც მოჰყვა სომხური ოპოზიციის მძაფრი განცხადებები იმის შესახებ, რომ პრემიერი მზადაა ცნოს აზერბაიჯანის სუვერენიტეტი სეპარატისტულ მთიან ყარაბაღზე.
2020 წლის ექვსკვირიან ომში, ბაქომ აღადგინა კონტროლი რეგიონის ნაწილზე, მათ შორის შუშაზეც, ისევე როგორც შვიდ მიმდებარე რაიონზე, რომლებიც ეთნიკურად სომხური ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ 1994 წლის ომის დამთავრების შემდეგ.
რეგიონში დაახლოებით 2000 რუსი ჯარისკაცი იქნა განთავსებული ცეცხლის შეწყვეტის ზედამხედველობის მიზნით.
მთიანი ყარაბაღი, რომელიც ეთნიკური სომხების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი.