Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ერთიანი მხარდაჭერა, მეტი რეფორმა ევროკავშირის გზაზე - მესიჯები ვაშინგტონიდან


ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების პრესკონფერენცია თბილისში. 21 აპრილი, 2022 წელი.
ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების პრესკონფერენცია თბილისში. 21 აპრილი, 2022 წელი.

რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის ფონზე უკრაინისა და საქართველოს ბედი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული ამერიკელი კანონმდებლებისთვის, რომლებიც ევროპული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდნენ საქართველოს და საფრანგეთიდან 21 აპრილს ჩამოსულებმა, 22 აპრილს გზა იტალიისკენ გააგრძელეს.

მათი ევროპული ტურნე ემყარება იმ მტკიცე რწმენას, რომ რუსეთის აგრესიის შეჩერება მხოლოდ აშშ-ისა და ევროპის ერთიან ძალისხმევას შეუძლია და ამ კონტექსტში საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას შეახსენებენ.

ერთობისკენ მოწოდებების ფონზე, კვლავ იკვეთება კიევის იმედგაცრუება საქართველოსა და მოლდოვის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შეერთებაზე უარის თქმის გამო.

მარშრუტი და ძირითადი მესიჯები

საფრანგეთი-საქართველო-იტალია - ევროპული ტურნესთვის შერჩეული ასეთი მარშრუტი, ოფიციალური ცნობების თანახმად, ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე განმარტა ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიული დელეგაციის წევრმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, სტეფანი მერფიმ.

მისი სიტყვებით, ვიზიტი „ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყანაში“ - საფრანგეთსა და იტალიაში, ხოლო საქართველოში, როგორც „ნატოს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში“ - მიზნად ისახავს „დამატებითი ნაბიჯების განხილვას“, „უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად”.

კონგრესმენი ასევე აღნიშნავდა, რომ ამერიკის ხელისუფლებისთვის „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ კონსულტაციების გავლა ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, ურთიერთობების განსამტკიცებლად და ერთიანობის საჩვენებლად.

ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციის წევრებმა თბილისშიც არაერთხელ გაიმეორეს, რომ რუსეთის აგრესიის შეჩერება და უსაფრთხოების დაცვა მხოლოდ აშშ-ისა და ევროპის მტკიცე ერთიანობას შეუძლია და რომ ამ ერთობის ნაწილად განიხილება საქართველოც.

„მათ [ქართველებმა] იციან ის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მხრიდან აგრესიასა და რუსეთის შემოსვლასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. ერთად დავდგეთ და ვიმუშაოთ, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ უკრაინელებს. სწორედ ასევე ვაჩვენებთ, რომ ისტორიისგან, მისი წინა თავებიდან, ჩვენ მართლაც ვისწავლეთ რაღაც", - თქვა 21 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა, დემოკრატმა სენატორმა, კრის კუნსმა - აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა.

საქართველომდე, საფრანგეთში ყოფნისას, კრის კუნსი პრეზიდენტ ბაიდენის „ახლო მოკავშირედ“ წარადგინა, პირდაპირ ეთერში ჩართვისას, „ფრანს 24“-მა და ამ ინტერვიუშიც, სენატორმა მთელი ყურადღება უკრაინის თანმიმდევრული და ერთიანი დახმარების აუცილებლობას დაუთმო.

სენატორი კუნსი უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციის პრობლემებს შორის პარალელებს უკვე დიდი ხანია ავლებს. უკრაინასთან ერთად, საქართველოსაც შეეხება, მაგალითად, ტვიტერზე მის მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებული განცხადება:

„როდესაც მსოფლიო მოწმეა რუსეთის საშინელი შეჭრისა უკრაინაში, ჩვენ ასევე უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთის მიერ საქართველოს 14-წლიან უკანონო ოკუპაციას და აგრესიას მთელი რეგიონის მასშტაბით“.

იქვე სენატორი უკანონოსა და ფიქტიურს უწოდებს ე.წ. არჩევნებს, რომელიც გასულ კვირაში, ცხინვალის რეგიონში გაიმართა და მისი პროტესტი შეეხება რუსეთთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმსაც.

არის თუ არა ერთობა?

უკრაინის საკითხის გარშემო ერთობისკენ მოწოდებების ფონზე, ამერიკელი კანონმდებლების საქართველოში ვიზიტი დროში დაემთხვა სწორედ თბილისსა და კიევს შორის არსებული ხანგრძლივი კამათის ახალ ტალღას, რომელიც საქართველოს მიერ დასავლეთის სანქციებზე უარის თქმას უკავშირდება.

ეს არის ხანგრძლივი დავის თემა, რომელიც, უკრაინაში 16 აპრილს ვიზიტის შემდეგ, კიევისთვის ახსნილად და მოგვარებულად გამოაცხადეს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ამავე დელეგაციის წევრმა, ყოფილმა სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

მათი განმარტებით, საქართველო მიერთებულია დასავლელი პარტნიორების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

ასე არ ფიქრობს, მაგალითად, ზელენსკის პარტიის - „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე უკრაინის რადაში, დავით არახამია. ის „მთავარ არხთან“ ამბობს, რომ მაგალითად - რუსი ბიზნესმენები „თავს არიდებენ სანქციებს ქართული კომპანიების მეშვეობით. ხსნიან და არეგისტრირებენ კომპანიებს საქართველოში".

ეს არის ბრალდება, რომელიც მანამდე უკრაინის სამხედრო დაზვერვამაც გაახმაურა და რომელსაც კატეგორიულად უარყოფს და უსაფუძვლოდ თვლის თბილისი.

22 აპრილს, დავით არახამიას „ინტრიგებით დაკავებული კაცი“ უწოდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ. ხოლო "ბაცილად" მოიხსენია ინტერესი „ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად შეეცადოს გაამწვავოს, გაართულოს ან გააფუჭოს ურთიერთობები, რაც ორ მოძმე ხალხს, ორ მოძმე სახელმწიფოს შორის არსებობს“.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 22 აპრილს განაცხადა, რომ "ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები", რომლებსაც საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების არევა სურთ, საბოლოოდ მიზანს ვერ მიაღწევენ, მაგრამ "მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას ახერხებენ".

ივანიშვილის „ქართული ოცნებისა“ და ზელენსკის „ხალხის მსახურის“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება, ომის დაწყების შემდეგ, სულ უფრო იზრდება.

სანქციების შესახებ არაფერია ნათქვამი მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. გასულ კვირებში სწორედ პრემიერი გამოირჩეოდა კატეგორიული განცხადებებით იმის შესახებ, რომ საქართველო არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს.

„ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გადადგა, როგორც პოლიტიკური, ისე - ჰუმანიტარული მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერისა და თანასპონსორობის სახით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და ეს პროცესი გრძელდება“, - წერია უკრაინის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ევროკავშირისკენ

უკრაინის საზოგადოებაში, როგორც ჩანს, საკმაოდ მტკიცეა იმის აღქმა, რომ საქართველო და მოლდოვა არ უერთდებიან რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს და ეს იმედგაცრუებას იწვევს უკრაინელ ანალიტიკოსებს შორისაც.

დისკუსიებში ეს თემა უკავშირდება ასევე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გაჩენილ ახალ პერსპექტივას - კანდიდატის სტატუსის მიღების პროცედურებს.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე, ევროკავშირმა დააჩქარა „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისთვის [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებელი პროცედურები და ევროკომისიამ კითხვარები სამივე ქვეყანას გადასცა. როგორც იუწყებიან, უკრაინამ კითხვარის პირველი ნაწილი 10 დღეში შეავსო. ჯერ ეს არ გაუკეთებიათ საქართველოსა და მოლდოვას.

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, „ამჟამად ვითარება ისე გამოიყურება, რომ უკრაინა, რუსეთთან ომში თავისი გმირული თავგანწირვით ასრულებს ლოკომოტივის როლს ევროკავშირისკენ, ხოლო მასზე თითქოსდა მიბმულია მოლდოვისა და საქართველოს ვაგონები“.

„თუ ვილაპარაკებთ უკრაინელების ემოციებზე, ბევრს არ ესმის სიტუაცია და გაოცებული არიან საქართველოსა და მოლდოვის სიფრთხილით... რომ ისინი არ რეაგირებენ უნისონში და არ უწესებენ სანქციებს რუსეთს “, - ეუბნება რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ევროინტეგრაციის საკითხების ექსპერტი ვერონიკა მოვჩანი. თუმცა, მეორე მხრივ, ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციისთვის ქვეყნები დიდი ხანია ემზადებიან.

უკრაინელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გეოპოლიტიკურად უფრო გამართლებული იქნება, თუკი „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნები ერთად გაივლიან ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, თუმცა, თუკი რაღაც მიზეზით საქართველო და მოლდოვა შეფერხდებიან, ექსპერტების თქმით, ამის გამო არ უნდა შეფერხდეს უკრაინა.

უკრაინული სამსახურის სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთთან ომის გამოცდილება საქართველოსა და მოლდოვასაც აქვთ და რომ ამჟამად უკრაინელების მხარდამხარ ასობით ქართველი სამხედრო იბრძვის.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის?

ამის შესახებ რჩევები ქართულ მხარეს, ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა კანონმდებლებმაც მისცეს.

„ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე წინსვლისთვის საჭიროა განგრძობადი რეფორმები საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებაში; [საჭიროა] ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური ჩართულობა და მედიის თავისუფლების პატივისცემა“, - განაცხადა სენატორმა კუნსმა 22 აპრილს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ასევე მისი თქმით:

„შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას და დემოკრატია მოითხოვს - თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებასა და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ეწეოდა მუდმივ ინვესტირებას ყველა ამ მიმართულებით - მოსამართლეთა მომზადებით, უსაფრთხოების მხარდაჭერით, ინვესტირებით ეკონომიკასა და განვითარებაში“.

შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამერიკელმა სტუმრებმა ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იციან.

ამერიკელი კანონმდებლების საქართველოში ვიზიტს წინ უსწრებდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელშიც საქართველოში „მნიშვნელოვან დარღვევებად" არის მიჩნეული, მაგალითად:

  • „სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები და შერჩევითი ან უკანონო დაკავებები, გამოძიებები და სასამართლო დევნა, რომლებიც ფართოდ არის მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; უკანონო ჩარევა პირად სფეროში“;
  • „ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და ძალადობის მუქარა“;
  • „მშვიდობიანი და თავისუფალი შეკრებისა და გაერთიანების [უფლების] პატივისცემის შეზღუდვა“.

„თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი, გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის ნატოს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი და ახალი პერსპექტივა“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სენატორ კუნსს, 21 აპრილს, ვიზიტის ფარგლებში შემდგარ ერთადერთ ერთობლივ ბრიფინგზე.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG