უხვი ნალექით წარმოქმნილი წყალდიდობის და ღვარცოფების შედეგად, ოკუპირებული ახალგორის რაიონში 15-ზე მეტი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. - ამის შესახებ სააგენტო „რესს“ დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
„ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ქსანი ადიდდა, რამაც ერთდროულად რამდენიმე დასახლებული პუნქტი დატბორა“, - აცხადებენ ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
რაიონის მცხოვრებლების თქმით, მდინარეში წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა, სოფელ ლარგვისსა და მიმდებარე დასახლებებში გზები და ხიდები დაანგრია. ახალგორელების თქმით, მდინარე ქსანი ბოლოს 2012 წელს ადიდდა.
„რაიონის მუნიციპალური, კომუნალური სამსახურები სრული მასშტაბით ვერ იწყებენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, რადგან ტექნიკა მწყობრიდან არის გამოსული“, - აცხადებენ რაიონის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
ოკუპირებული ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის მშენებლობის, არქიტექტურისა და საბინაო-კომუნალური მომსახურების განყოფილების უფროსის, ვიტალი ბიტაროვის თქმით, 2008 წლიდან დღემდე, საბინაო და კომუნალური მომსახურების ავტოპარკი არ განახლებულა.
„სამუშაოების დროს ფუჭდება არსებული ტექნიკა, ამ დროისთვის სამუშაოები შეჩერებულია და ამასობაში სოფლებში რჩება ხალხი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებს“, - განაცხადა მან. გარდა ამისა, რაიონის გამგეობაში დასძინეს, რომ გზების გარდა, მდინარის ძლიერმა დინებამ ნაწილობრივ გაანადგურა საფეხმავლო ხიდი სოფელ ქურთაში. „რაზდახანის დასახლების ტერიტორიაზე ასევე ჩაიძირა ქვის სამტვრევი საამქრო. ზიანი მიადგა ნაკვეთებსაც, დაიტბორა ათობით ბოსტანი. მდინარის ძლიერმა დინებამ ხეები ამოძირკვა, ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა“, - აცხადებენ ე.წ. ადმინისტრაციაში.
პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ რეგიონში ელექტრომომარაგება აღდგენილია. ახალგორის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ გულიევის თქმით, სპეცტექნიკის პრობლემა უკვე რამდენიმე წელია არსებობს და საჭიროებს მოგვარებას.