Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხარდაჭერა "მთავარ არხს!“ - აქცია ბათუმში


აქცია ბათუმში "მთავარი არხის" მხარდასაჭერად, 16 მაისი, 2022 წელი
აქცია ბათუმში "მთავარი არხის" მხარდასაჭერად, 16 მაისი, 2022 წელი

ბათუმში, ევროპის მოედანზე, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ტელეკომპანია „მთავარ არხს“ მხარდაჭერა გამოუცხადა. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტრანსპარანტებით გამოსული ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

„უკრაინაში ომს და გლობალურ მოვლენებს დაამთხვიეს ეს გადაწყვეტილება, რომ შეუმჩნეველი დარჩეს ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში დემოკრატიის ნგრევა. სამართლებრივად ეს საქმე გაუმართავია. მე არ ვარ იურისტი და ეს ჩემი ჟურნალისტური შეფასებაა. „მთავარი არხი“ შეიძლება იყო მიკერძოებული, შესაძლოა, მეც ვიყო მიკერძოებული, ასევე ყველა იყოს მიკერძოებული, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული და არ შეიძლება, ადამიანებს იჭერდე განსხვავებული აზრის გამო. ჩვენი ქვეყანა 30 წლის განმავლობაში იბრძოდა, რომ ეს უფლება ჰქონოდა. შეზღუდული გარემოდან, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა, გამოვედით და ვიბრძვით ამისთვის, რომ გვქონდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“, - თქვა აქციის მონაწილემ, გაზეთ "ბათუმელების" რედაქტორმა ეთერ თურაძემ.

“შეიძლება არ მოგწონდეს „მთავარი არხი“ და ნიკა გვარამია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო უნდა ისჯებოდეს. ეს გავლილი გვაქვს საბჭოთა კავშირში და ახლა ხდება რუსეთში. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს პრეცედენტი პოლიტიკური დევნის. საზოგადოებას არანაირი ნდობა არ აქვს სასამართლოსი. როდესაც ერთ ადამიანს აკავებენ, იმიტომ რომ თითქოს დანაშაული ჩაიდინა, ამავე დროს არის დანაშაულის უამრავი ფაქტი, რომელზეც გამოძიებას რეაგირებაც კი არ აქვს. ამიტომ, რაც არ უნდა ამტკიცოს მავანმა, რომ ეს სამართლებრივი გადაწყვეტილებაა, ამ შემთხვევაში სამართალმა პური არ ჭამა“, - განაცხადა ორგანიზაცია "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" თავმჯდომარემ ასლან ჭანიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

სამოქალაქო სექტორის ნაწილი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მის დასჯას ემსახურება.

ტელეკომპანია „მთავარი არის“ გენერალური დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებაში, მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პოლიტიკურ მდგენელს ვერ ხედავენ. მათი განცხადებით, სასამართლომ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG