Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ОДКБ - ყოფნა-არყოფნის ზღვარზე


კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების დროშები.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების დროშები.

„ჩვენი ქვეყნების უსწრაფესი დარაზმვის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირების განმტკიცების გარეშე, ხვალ ჩვენ შესაძლოა აღარ ვიყოთ“, - განაცხადა ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ორ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა და, წესით, საზეიმო უნდა ყოფილიყო.

მაგრამ დაარსების მე-20 წლისთავზე, მოსკოვის ლიდერობით შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება, არაერთგვაროვანი გეოპოლიტიკური ინტერესებისა და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური ომის გამო, მართლაც აღმოჩნდა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე.

არშემდგარი „ანტინატოს“ დაარსება

16 მაისს ექვსი ქვეყნის - რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებმა ორი თარიღის აღსანიშნავ სამიტზე მოსკოვში მოიყარეს თავი.

2022 წლის 16 მაისს შესრულდა პოსტსაბჭოთა სივრცეზე შექმნილი პირველი სამხედრო ალიანსის - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ДКБ) ხელმოწერის 30-ე და მის საერთაშორისო ორგანიზაციად (ОДКБ) გარდაქმნის მე-20 წლისთავი.

მიუხედავად ამ გაერთიანების ლიდერის, მოსკოვის ძალისხმევისა, განვლილ პერიოდში ОДКБ ვერ ჩამოყალიბდა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების შემაკავშირებელ ახალ სამხედრო ალიანსად, ნატოს ალიანსის საპირწონედ, ერთგვარ ანტინატოდ, როგორც მას პირველ წლებში უწინასწარმეტყველებდნენ.

ზურაბ ბატიაშვილი
ზურაბ ბატიაშვილი

„ორი მიზეზი არსებობს, ჩემი აზრით. პირველი არის ის, რომ ხელოვნურად შეკოწიწებული ორგანიზაციაა, მასში არ არიან ბუნებრივი გზით მოხვედრილი ქვეყნები, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რა საერთო გამოწვევები შეიძლება ჰქონდეთ, მაგალითად, ტაჯიკეთსა და სომხეთს? ან ყირგიზეთსა და ბელარუსს? ანუ ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი ხელოვნური გაერთიანება. და მეორე, მათ არ აქვთ, არ აერთიანებთ საერთო ფასეულობები, ის რაც აქვს ნატოს - დემოკრატიის, ადამიანის უფლებების სახით. კაცმა არ იცის, თუ რა ფასეულობების გარშემო არის გაერთიანებული (ОДКБ). მას გამოცლილი აქვს ყველაფერი, გამოშიგნულია, არის მხოლოდ გარეგანი ფორმა და ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ის რეალურად არც მუშაობს. ბევრი კონფლიქტი და გამოწვევა იყო, სადაც მას არ უმუშავია და იყო ერთადერთი საჩვენებელი შემთხვევა ყაზახეთთან დაკავშირებით, რომელიც უფრო საჩვენებელი იყო, ვიდრე რეალური, როდესაც სომხეთიდან რაღაც ოცეულის დონეზე გააგზავნეს რაღაც ნაწილი და კაცმა არ იცის, თუ რა ფუნქცია ჰქონდა იქ. ბელარუსიდან ჩავიდნენ და უკან დაბრუნდნენ. ანუ ეს არ არის ფასეულობების გარშემო შეკრებილი გაერთიანება, ეს არის რუსეთის გარშემო შეკრებილი გაერთიანება და ამის გამო რეალურად ვერც ვერასოდეს გახდა ნატოს საპირწონე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ბატიაშვილმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა.

ხელშეკრულების არსებობის პირველი ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ორგანიზაცია 1999 წელს დატოვეს საქართველომ, აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა. მართალია, უზბეკეთი 2006 წელს სრულუფლებიან წევრად კვლავ დაუბრუნდა ОДКБ-ს, მაგრამ ორგანიზაციიდან ერთხელ გასულ აზერბაიჯანსა და საქართველოს უკან დაბრუნების მცდელობა აღარ ჰქონიათ სხვადასხვა გეოპოლიტიკური ინტერესისა და საერთაშორისო პრიორიტეტების გამო. აზერბაიჯანი თავის უსაფრთხოების სისტემას ნატოს წევრი თურქეთის მეთოდოლოგიური და ტექნიკური დახმარებით აყალიბებს, საქართველო კი ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის, რის გამოც პატარა სამხრეთკავკასიურ ქვეყანას 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესია დაატყდა თავს.

NATO - მუდმივი საფრთხის წყარო, მაგრამ არა ყველასთვის

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთ-ერთი მთავარი საფრთხის წყაროდ რჩება რუსეთისა და ბელარუსისთვის, ОДКБ-ს ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნისათვის, რომელთა ლიდერებმა საიუბილეო სამიტზე მოსკოვში არაერთხელ დაადანაშაულეს კოლექტიური დასავლეთი და მისი მთავარი სამხედრო გაერთიანება „საკუთარი გეოპოლიტიკური ჩარჩოების“ მიღმა მოქმედებისთვის.

ვლადიმირ პუტინი სამიტზე
ვლადიმირ პუტინი სამიტზე

„რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, დიახ, ეს არის პრობლემა, რომელიც იქმნება, ჩემი აზრით, სრულიად ხელოვნურად, ვინაიდან ეს კეთდება ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო-პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგადად, ნატო, ფაქტობრივად, ერთი ქვეყნის მიერ გამოიყენება როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი და ეს კეთდება საკმაოდ დაჟინებით, ოსტატურად და ძალიან აგრესიულად. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ საერთაშორისო უსაფრთხოების მდგომარეობას“, - განაცხადა 16 მაისს საიუბილეო სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

მას ნატოს მიმართ კრიტიკაში მხარი აუბა ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელმაც ОДКБ-ს სხვა წევრების გასაგონად განაცხადა, რომ „მარტო რუსეთი არ უნდა ებრძოდეს ნატოს გაფართოებას“ და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია „ერთიანი ფრონტით“ რომ გამოსულიყო, „არ იქნებოდა სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ“.

მაგრამ ОДКБ-ს სხვა წევრები ნატოსა და კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ „ერთიანი ფრონტით“ გამოსვლას არ აპირებენ. თავიანთ გამოსვლაში ნატოს გაფართოება, უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის მიმართ სანქციები არ უხსენებიათ ორგანიზაციის სხვა ოთხი წევრი ქვეყნის ლიდერებს. ამ თემებს გვერდს უვლის ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მიღებული ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზგასმული „ევრაზიის რეგიონში მყარი მშვიდობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა“ და დადასტურებულია სურვილი, რომ „დამყარდეს პრაქტიკული ურთიერთქმედება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან“.

რაში დაარწმუნა უკრაინასთან ომმა პუტინი?

ბევრი მოელოდა, რომ ОДКБ-ს სამიტის მოედანს რუსეთის პრეზიდენტი გამოიყენებდა ასევე უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობის შესახებ საუბრისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის ლიდერს სამხედრო მიღწევების შესახებ საჯაროდ ბევრი არაფერი აქვს სათქმელი და ამიტომ გადაწყვიტა, რომ „საბრძოლო საქმიანობის“ შესახებ კოლეგებისთვის დახურულ რეჟიმში მიეწოდებინა ინფორმაცია.

თუმცა თავის გამოსვლაში ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა „დოკუმენტურ მტკიცებულებებზე“, რაც სპეცოპერაციის მსვლელობისას რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მოიპოვა.

„რომ ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს, ბიოლოგიური და ტოქსინის იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევით, ფაქტობრივად, იქმნებოდა ბიოლოგიური იარაღის კომპონენტები, მუშავდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ეპიდემიური სიტუაციის დესტაბილიზაციის შესაძლო მეთოდები და მექანიზმები. როგორც მოგეხსენებათ, პენტაგონმა ჩვენს საერთო რეგიონში ათობით სპეციალიზებული ლაბორატორია და ცენტრი შექმნა და ისინი არ არიან დაკავებული იმ ქვეყნების მოსახლეობისთვის პრაქტიკული სამედიცინო დახმარების გაწევით. მათი მთავარი ამოცანაა ბიოლოგიური მასალების შეგროვება და საკუთარი მიზნებისთვის ვირუსებისა და საშიში დაავადებების გავრცელების სპეციფიკის შესწავლა“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ ОДКБ-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს.

უფრო ადრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე, სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა თქვა, რომ აშშ ხარკოვის ლაბორატორიაში მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა საიდუმლო პროექტს ღამურებიდან ადამიანებისთვის დაავადებების გადაცემის გზების შესასწავლად.

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ასეთ ბრალდებებს სასაცილოს უწოდებს კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი ევჰენ მაგდა.

ევჰენ მაგდა
ევჰენ მაგდა

„არსებობს გამოთქმა: მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. ბატონი პუტინი და რუსეთის პროპაგანდისტული სისტემა სწორედ ამით არიან დაკავებული. საკმარისია გავიხსენოთ, რომ თებერვლის ბოლოს რუსები ბომბავდნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და პრაქტიკულად შეეძლოთ, ბირთვული აფეთქების პროვოცირება მოეხდინათ. ამ ფონზე, პუტინის განცხადება ბიოლოგიურ თუ ნებისმიერი სხვა სახის გამანადგურებელ იარაღზე, თუ იმაზე, რომ უკრაინაში ამრავლებდნენ ისეთ ფრინველებს, რომლებსაც რუსების თავზე უნდა დაესკინტლათ, ერთი და იმავე ხასიათის განცხადებებია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საზღვრებიდან მომდინარე ბიოლოგიური საფრთხის შესახებ აპრილის დასაწყისში თავის საანგარიშო მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა.

კერძოდ, რუსმა გენერალმა, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებების გადამტანი კოღოებისა და ტკიპების მომრავლებაზე ისაუბრა. კირილოვის თქმით, დაავადების გადამტანი კოღოების გასავრცელებლად აშშ მის მიერ შექმნილ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს.

„ლუგარის ცენტრის დისლოცირების რეგიონში განსაკუთრებით უარესდება ვითარება გადამტანი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების თვალსაზრისით. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სახეობის კოღოების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, გავრცელების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, - თქვა კირილოვმა. მანვე დაამატა, რომ სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში ყირიმ-კონგოს ცხელების აფეთქების მიზეზი ტკიპების გავრცელება გახდა.

რუსეთი დიდი ხანია თავდასხმებს ახორციელებს ლუგარის ცენტრზე, კვლევით ლაბორატორიაზე, რომელსაც ფლობს საქართველო და იმართება საქართველოს მთავრობის მიერ. ამ ცენტრმა უდიდესი იმედი შემოიტანა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში, - უთხრა რადიო თავისუფლებას ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რუსეთის ბრალდებების პასუხად.

„მაგალითად შემიძლია დავასახელო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინა და არის ნამდვილი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის ამ დაავადების ელიმინაციის საქმეში. არის ასევე კოვიდ-19-ის კამპანია, რომლის ფარგლებშიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) თანამშრომლობენ, რომ საქართველომ შეძლოს პანდემიის გავლა. ლუგარის ცენტრი მნიშვნელოვანია აგრეთვე სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისა და ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების გამოვლენის კუთხით. ასე რომ, ნარატივი, რომელსაც რუსეთი აქ იყენებს და ცდილობს სხვაგანაც გამოიყენოს, უბრალოდ არ არის მართალი. ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ისინი კვლავაც იყენებენ იმას, რამაც ვერასდროს მოიპოვა პოპულარობა“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა და მედიამ დეზინფორმაცია არაერთხელ გაავრცელეს საქართველოში არსებული ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებაც. კერძოდ, ის, რომ, თითქოს, ლაბორატორიაში იქმნება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი და საშიში ვირუსების შტამები. 2018 წელს ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერეს ექსპერტებმა 17 ქვეყნიდან. მათ დასკვნაში წერია, რომ ლაბორატორია მხოლოდ სამოქალაქო, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

2005 წელს უკრაინის ჯანდაცვისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროებმა გააფორმეს ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ. საბუთის თანახმად, მხარეები გააკონტროლებენ და გამოავლენენ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სახიფათო ვირუსებსა და ბაქტერიებს, და ერთად იმუშავებენ „ბიოლოგიური საფრთხეების აღკვეთაზე”.

აშშ-ის მხარდაჭერის წყალობით, ლვოვის, ხარკოვის, კიევისა და სხვა ქალაქების ლაბორატორიებში შესაძლებელია უკვე არსებული ვირუსების ახალი შტამების გამოვლენაც.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG