Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას?


თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს ვერ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, რადგან ისინი თითქოს მხარს უჭერენ ქურთ მებრძოლებს და სხვა ჯგუფებს, რომლებიც, ანკარის თქმით, მათ ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან. 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ალიანსი სწრაფად იმოქმედებს შვედეთისა და ფინეთის საკუთარ რიგებში მისაღებად. თუმცა, ერდოანის განცხადებები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ამ ორი ჩრდილოური ქვეყნის გზა ნატოს წევრობამდე შესაძლოა უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს თავიდან ჩანდა.

თურქეთის თანხმობა მნიშვნელოვანია, რადგან სამხედრო ალიანსი გადაწყვეტილებებს კონსენსუსის წესით იღებს. 30 წევრი ქვეყნიდან ნებისმიერს შეუძლია ვეტო დაადოს ახალი წევრის მიღებას.

ელიან, რომ ერდოანი შექმნილ ვითარებას გამოიყენებს თავისი მოკავშირეებისგან დამატებითი დათმობებისა და გარანტიების მისაღებად.

აი, როგორია თურქეთის პოზიცია, რისი მიღება შეიძლება სურდეს მას და რა შედეგებს უნდა ველოდეთ:

როგორია თურქეთის ოფიციალური პოზიცია?

თურქეთი, რომელსაც ნატოს წევრებს შორის სიდიდით მეორე არმია ჰყავს, ტრადიციულად ალიანსის გაფართოების მომხრე იყო და მიიჩნევდა, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა ევროპის უსაფრთხოებას აძლიერებდა. ანკარა, მაგალითად, ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მომხრე იყო.

ერდოანის უკმაყოფილება გამოწვეულია სტოკჰოლმისა და ჰელსინკის პოზიციით, რომელსაც თურქეთი აღიქვამს ქურთისტანის მუშათა პარტიის, მემარცხენე ექსტრემისტული ჯგუფის DHKP-C-სა და აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერად.

ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შვედეთს თავი შეაფარა ბევრმა ქურთმა ლტოლვილმა. აქ ცხოვრობენ გიულენის მოძრაობის მხარდამჭერებიც. თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, შვედეთმა და ფინეთმა ანკარას უარი განუცხადეს 33 ადამიანის ექსტრადიციაზე.

თურქეთი ასევე უკმაყოფილოა მისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის აკრძალვით, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის, შვედეთმა და ფინეთმა დაუწესეს 2019 წელს ჩრდილოეთ სირიაში შეჭრის გამო.

ერდოანი ასევე აცხადებს, რომ მის ქვეყანას არ სურს გაიმეოროს წარსულში დაშვებული შეცდომა, როდესაც, 1980 წელს, ანკარა დათანხმდა საბერძნეთის ნატოს სამხედრო სტრუქტურებში დაბრუნებას. მისი თქმით, ამან საშუალება მისცა საბერძნეთს, ნატოს ხელშეწყობით, თურქეთის საწინააღმდეგო პოზიცია დაეჭირა.

რა შეიძლება მიიღოს თურქეთმა?

ელიან, რომ თურქეთი მიაღწევს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შვედეთი და ფინეთი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, გაამკაცრებენ პოზიციებს PKK-ს და სხვა ჯგუფების წინააღმდეგ. მთავარი მოთხოვნა, სავარაუდოდ, იქნება, რომ ამ ორმა ქვეყანამ შეწყვიტოს სირიაში მოქმედი ქურთული დაჯგუფების, YPG-ს მხარდაჭერა. ეს ჯგუფი დასავლეთის მოკავშირეა ჩრდილოეთ სირიაში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში, თუმცა თურქეთი მას PKK-ს ნაწილად მიიჩნევს.

ერდოანმა ასევე შეიძლება სცადოს, რომ გაწევრიანების საკითხი გამოიყენოს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან დათმობების მისაღებად. თურქეთს სურს, დაუბრუნდეს F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების ამერიკულ პროგრამას, საიდანაც ის გააძევეს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის გამო. თურქეთი ასევე შეიძლება ცდილობდეს F-16 გამანადგურებლების შეძენას და არსებული ფლოტის განახლებას.

სხვა მოთხოვნები შესაძლოა იყოს მოკავშირეების მიერ თურქეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის არაოფიციალური ემბარგოს დასრულება; ევროკავშირის მხრიდან დათმობებზე წასვლა ამ ქვეყნის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით და თურქეთისთვის დაფინანსების გაზრდა, 3,7 მილიონი სირიელი ლტოლვილის დასახმარებლად.

როგორ აისახება ეს თურქეთის იმიჯზე დასავლეთში?

ვეტოს მუქარა თურქეთს ალბათ სტატუსს შეურყევს ვაშინგტონსა და ნატოში და განამტკიცებს მის იმიჯს, როგორც ქვეყნისა, რომელიც საკუთარი მოგების მიზნით ალიანსის გაფართოებას ხელს უშლის. ამ ნაბიჯით თურქეთი ასევე ზიანს აყენებს კეთილგანწყობას, რომელიც მან დაიმსახურა უკრაინისათვის „ბაირაქტარის“ საფრენი აპარატების მიწოდებით, რომელიც ეფექტიანი იარაღი აღმოჩნდა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ.

„არ არსებობს სცენარი, სადაც თურქეთი არ გამოჩნდება პუტინის „თხუნელად“ ნატოში“, - ამბობს სონერ ჩაგაპტაი, ვაშინგტონის ინსტიტუტის ექსპერტი თურქეთის საკითხებში. „ყველა დაივიწყებს, რომ პრეტენზიები PKK-ს შეეხება. ყველა აქცენტს გააკეთებს იმაზე, რომ თურქეთი ბლოკავს ნატოს გაფართოებას. ეს თურქეთის მიმართ დამოკიდებულებას გააუარესებს მთელ ნატოში“.

ხომ არ ცდილობს თურქეთი, რუსეთს ასიამოვნოს?

თურქეთს ახლო კავშირები აქვს რუსეთთანაც და უკრაინასთანაც და ცდილობს ეს ურთიერთობები დააბალანსოს. ანკარა არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა, ამავე დროს, უმნიშვნელოვანეს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის უკრაინას.

სონერ ჩაგაპტაი მიიჩნევს, რომ ერდოანი შესაძლოა ცდილობდეს, უკრაინისთვის გაწეული ძლიერი სამხედრო დახმარება რუსეთისთვის გაწეული ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით დააბალანსოს.

მაღალი რანგის თურქმა პოლიტიკოსმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებამ შეიძლება რუსეთი გააღიზიანოს და უკრაინაში ომი გაამწვავოს. ერდოანთან დაახლოებული ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელიმ თქვა, იქნებ ამ ორი ქვეყნის „მოსაცდელ ოთახში“ დატოვება სჯობდესო.

როგორ იმოქმედებს ეს ნაბიჯი ერდოანის რეიტინგზე თურქეთში?

თურქეთის ლიდერის მხარდაჭერა შემცირებულია, გაუარესებული ეკონომიკისა და მზარდი ინფლაციის გამო.

დასავლეთთან დაპირისპირება ემოციურად დამუხტული საკითხის გამო შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს და შეძლოს ნაციონალისტურად განწყობილი ამომრჩევლის დარაზმვა 2023 წლის არჩევნების წინ.

ავტორი: associated press

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG