Accessibility links

site logo site logo

საოკუპაციო ხაზთან მფრინავი ვერტმფრენები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოჩნდა


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს გამოჩენილი ვერტმფრენის შესახებ. უწყების ცნობით, "მი-24" და "იროკეზის" ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ჩატარდა.

შესაბამისად, აღნიშნული საფრენი აპარატები გადაადგილდებოდნენ თბილისიდან ახალციხის მიმართულებით და სწავლების დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ უკან".

თავდაცვის სამინისტრო თხოვნით მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, გაავრცელონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და საქართველოს თავდაცვის ძალების გეგმურ სწავლებებზე გამოყენებული ტექნიკის გადაადგილების გამო ცრუ ინფორმაციების გავრცელებით, არ შეიტანონ საზოგადოებაში ზედმეტი დაძაბულობა.

18 მაისს, შუადღეს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ქართულ სოფლებში შეამჩნიეს ვერტმფრენი. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ვერტმფრენი ოკუპაციის ხაზის გასწვრივ დაფრინავდა, სოფლების ზარდიანთკარის და მერეთის მონაკვეთზე.

18 მაისს საოკუპაციო ძალების სამხედროები ოკუპირებულ სოფელ ხელჩუასთან გამოჩნდნენ, რამაც ადგილზე გარკვეული დაძაბულობა შექმნა. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს ცხინვალის რეგიონთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მახლობლად. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა სოფელში გორის მერის წარმომადგენელმა, მერაბ მახარაშვილმა. მისი ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობენ: „უკვე არსებული საოკუპაციო ხაზის შიგნითა მხარეს ავლებენ... ალბათ, თავისი ხალხიც რომ აკონტროლონ".

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის მიერ დღეს, 18 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას შემოგარენში მიმდინარეობს „სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 700-მეტრიან მონაკვეთზე“.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სოფელი ხელჩუა ზარდიანთკარს ესაზღვრება. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასაზღვრო სამსახური ამ უკანონო სამუშაოების მიზნად ასახელებს „ადგილობრივ მცხოვრებთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სახელმწიფო საზღვართან კანონსაწინააღმდეგო მისწრაფებების ლოკალიზებას“.

„ამ ასპექტების გათვალისწინებით, დესტრუქციულად მიგვაჩნია ცალკეულ პირთა ქმედებები, საკუთარი კონტრაბანდული და სხვა უკანონო ქმედებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც აფერხებს რესპუბლიკის სასაზღვრო ორგანოების საქმიანობას“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

კონკრეტულად ვინ ეწევა „დესტრუქციულ ქმედებებს“, მითითებული არ არის. ოკუპირებულ სოფელ ხელჩუასა და ზარდიანთკარს შორის „ბორდერიზაციას“ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მისი ინფორმაციით, უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 2022 წლის თებერვალ-მარტში ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოებს ატარებდნენ გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელთან: კირბალთან, მეჯვრისხევსა და ჯარიაშენთან. კირბალის მონაკვეთზე საოკუპაციო გამყოფი ხაზი სოფლის სასაფლაომდე ჩამოსწიეს.

13 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც, ოფიციალური განცხადების თანახმად, ასახული იყო ახალციხიდან გორის მიმართულებით სარკინიგზო ვაგონებით ტექნიკის ტრანსპორტირება.

როგორც სამინისტრომ განმარტა, ტექნიკა პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებაა და ის გეგმური ასეულის დონის საველე სწავლების შემდეგ ბრუნდებოდა ქალაქ გორში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG