Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება: საქართველო „აფხაზეთის სახელმწიფო უწყებებს შორის“ კონფლიქტის პროვოცირებას ახდენს


ფოტო არქივიდან, 12 მარტი, 2017 წელი
ფოტო არქივიდან, 12 მარტი, 2017 წელი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება სოციალურ ქსელებს აფხაზეთის „სახელმწიფო უწყებების“ დისკრედიტაციისთვის იყენებს.

უკანასკნელ პერიოდში ფიქსირება, დასავლელი მრჩევლების მოწოდებით, საქართველოს მთავრობის მომატებული ინტერესი აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების დისკრედიტაციისა და მათ შორის კონფლიქტის პროვოცირების მიზნით, სოციალური ქსელების გამოყენებით“, - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის განცხადებაში.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ სოციალურ ქსელებში ანონიმური მომხმარებლის უკან „იკვეთება სახელმწიფო მოხელეების ერთმანეთთან დაპირისპირების, ერთის კრიტიკისა და მეორის შექების ტენდენცია“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „მსგავსი საქმიანობა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს“ და მიზნად ისახავს „ნეგატიური გავლენის მოხდენას აფხაზეთის სახელმწიფო ხელისუფლების მუშაობაზე, უწყებათაშორისი ურთიერთქმედების ეფექტურობის შესამცირებლად“.

დე ფაქტო საგარეო უწყების მედიაცენტრში, რომლის გახსნაშიც მარტში მონაწილეობდნენ რუსეთის სახელისუფლებო პროპაგანდის გამტარებელი ჟურნალისტები მარგარიტა სიმონიანი და ტიგრან კეოსიანი, სოციალური ქსელების მომხმარებლებს მოუწოდებენ, „ინფორმაციის საიმედო და გადამოწმებულ წყაროებს დაეყრდნონ“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბას დანიშვნის შემდეგ, უწყების მხრიდან ანტიქართული განცხადებები გააქტიურდა.

არძინბამ თქვა ისიც, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

მანამდე, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული რეგიონის, ცხინვალის რეგიონის ამჟამინდელმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „გარე ძალები“​ ე.წ. სამხრეთ ოსური, ჩრდილოეთ ოსური და რუსული მეტსახელებით ინიღბებიან და „გარკვეული დაძაბულობის შექმნას ცდილობენ.“

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 31 წლის ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დანიშნა. სოხუმელი ინალ არძინბა, რომელსაც უმაღლესი განათლება მოსკოვში, „ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში“ აქვს მიღებული, 2014-2018 წლებში მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც 2016 წლიდან იკავებდა დსთ-ის საკითხებში მთავარი მრჩევლის თანამდებობას.
2018 წლიდან არძინბა იყო რუსეთის პატრიარქთან არსებული „ახალგაზრდობის საქმეთა საზოგადოებრივი საბჭოს“ ხელმძღვანელი.
ინალ არძინბა უკრაინის მიერ იძებნება 2015 წლიდან. უკრაინის პროკურატურა არძინბას ადანაშაულებს სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მომზადებასა და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე სეპარატისტული წარმონაქმნის, „ბესარაბიის სახალხო რესპუბლკის“ შექმნის მცდელობაში.

XS
SM
MD
LG