Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 მაისს


ერთი თვის დაგვიანებით გამოქვეყნებული წერილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც 22 აპრილით თარიღდება. ადრესატი მინისტრი ილია დარჩიაშვილი იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი დანიშვნის შემდეგ გამოგზავნილ მისალოც წერილში ბლინკენი აღნიშნავს, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მათ შორის, ავღანეთში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში.

აქვე ბლინკენი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს უკრაინაში, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გადადგას ყველა შესაძლებელი ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ პასუხი აგოს ომის დანაშაულებისთვის“, - ნათქვამია წერილში.

საქართველოს ხელისუფლება „არაარგუმენტირებულ ბრალდებად“ მიიჩნევს ოპოზიციისა და უცხოელი პარტნიორების განცხადებას, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი არ გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად. გუშინ, დილით ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან მიმართა ოპოზიციასა და „მათ უცხოელ ლობისტებს“, ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ.

მკვლელობა ავტობუსში - ფემიციდის უცვლელი სტატისტიკა - რას არ აკეთებს სახელმწიფო

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ როინ მებონიას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა კლდიაშვილმა, 23 მაისს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა და წინასასამართლო სხდომა 14 ივლისს დანიშნა.

38 წლის კაცს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როინ მებონიას აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე ხმა არ ამოუღია. მისი პოზიცია ადვოკატმა, სულხან კომახიძემ გაახმოვანა და თქვა, რომ კაცი ბრალს არ ეწინააღმდეგება, თუმცა, მკვლელობის დეტალებს ვერ იხსენებს.

31 წლის ქალის მკვლელობიდან ორი დღის თავზე, 23 მაისს, თბილისში, ავტობუსის გაჩერებაზე კიდევ ერთი ქალის მკვლელობა სცადა ყოფილმა ქმარმა. შემთხვევა დიდუბეში მოხდა. კაცი დაკავებულია, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

თუკი ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების სახელმწიფოს მიდგომას გადავხედავთ, ის შეიძლება სწორედ ასე დახასიათდეს - არა პრევენციაზე, არამედ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

ამავეს ამბობს ორგანიზაციის „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო“ წარმომადგენელი, იდა ბახტურიძე. მისი თქმით, ეს მიდგომა თავდაპირველად ეფექტიანი იყო, თუმცა დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე არ ამართლებს.

რას აკეთებს სახელმწიფო ფემიციდისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

პარლამენტში გაიმართება დებატები ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე

დღეს, 24 მაისს პარლამენტში გაიმართება დებატები ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. დებატების ინიციატორი ოპოზიცია იყო. გუშინ საღამოს უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა გამართა.

შეხვედრიდან გამოსულმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილ საპარლამენტო საქმიანობაზე ისაუბრეს. „საკმაოდ დატვირთული კვირა იქნება. 24 მაისს, პოლიტიკურ განცხადებებთან და მიმდინარე კანონპროექტების განხილვასთან ერთად, გვექნება დებატები, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით ჩატარდება ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთან დაკავშირებით. 25 მაისს, იქნება „მინისტრის საათი“, ამ ფორმატში, საქართველოს რეგლამენტის მოთხოვნების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და შეეხება ძალიან ბევრ თემას, რომელიც, სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე, ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე და ამ მიმართულებით იქნება ძალიან საინტერესო დღე. 27 მაისს, ჩვენ გვექნება საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე, ინტერპელაციების დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და იუსტიციის მინისტრი”, - აღნიშნა მდინარაძემ.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

უკრაინის უშიშროებამ გამოაქვეყნა ვიქტორ მედვედჩუკის ჩვენება, რომელშიც პოროშენკოს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ პუტინის ნათლიმამის, ვიქტორ მედვედჩუკის ჩვენების შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა.

ჩანაწერში ღალატში ბრალდებული პოლიტიკოსი ჰყვება, თუ როგორ მოხდა ნავთობპროდუქტების მილსადენის, "სამარა–დასავლეთის მიმართულების", ნაწილის სახელმწიფო საკუთრებიდან გატანის სქემის ორგანიზება, რომლითაც შემდეგ დიზელის საწვავის გადაქაჩვა ხდებოდა.

როგორც მედვედჩუკი ვიდეოში აცხადებს, პოროშენკომ მას რუსეთის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება სთხოვა, რის შემდეგაც ყოფილმა პრეზიდენტმა უზრუნველყო საჭირო გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის ყველა ინსტანციაში.

სახელმწიფო ღალატში ბრალდებული პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ პოროშენკომ მილის შეძენაზე 23 მილიონი დოლარი დახარჯა: ფულის ამოღება ხდებოდა ფიქციური კონტრაქტებით, რომელთაც ფინანსური მრჩეველი მაკარ პასენიუკი აკონტროლებდა.

წაიკითხე მეტი.

მოსკოვში არ გამორიცხავენ "აზოვსტალის" დამცველების რუს ტყვეებში გაცვლის შესაძლებლობას

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები, „ინტერფაქსი“ და „ტასი“ იტყობინებიან, რომ შესაძლოა რუსეთმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაყვანილი უკრაინელი სამხედროები რუს ტყვეებში გაცვალოს.

„მე ვუშვებ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც საღ აზრს არ ეწინააღმდეგება“, - უთხრა 23 მაისს, მოსკოვში ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. შეკითხვას, განიხილება თუ არა გაცვლის საკითხი, რუდენკომ უპასუხა, რომ „ალბათ, განიხილება“.

რუსეთის მიერ კონტროლირებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშილინმა სააგენტო „ინტერფაქსს“ გუშინ განუცხადა, რომ „აზოვსტალში ტყვედ აყვანილები“ იმყოფებიან „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე“, სადაც „საერთაშორისო ტრიბუნალის ორგანიზება იგეგმება“.

წაიკითხე მეტი.

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის დაწყებაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ.

"დისკუსიების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება რეგიონული კომუნიკაციების გახსნისკენ მიმართული მუშაობის შემდგომ პროცესზე, საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომისიის მუშაობის დაწყების შესახებ", - იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური, სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ერევანში კი გრძელდება ოპოზიციის მიერ ორგანიზებული დაუმორჩილებლობის აქციები. სომხეთის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მთიანი ყარაბაღის ცალმხრივი დათმობების პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს.

წაიკითხე მეტი.

ქართული ამბოხი ტექსელზე: რას გვიამბობს ერიკ ლი აჯანყებულ ქართველებსა და მათზე შექმნილ მითებზე?

„1945 წლის 10 აპრილს, დილის 2 საათზე, ჰოვარდ დოუსსა და რეგ ერლს, ნორფოლკის პატარა სოფელ მანდსლეის სანაპირო დაცვის წევრებს, მკვეთრმა სინათლემ მოსჭრა თვალი, რომელიც ჩრდილოეთის ზღვიდან, კერძოდ, პატარა სამაშველო ნავიდან ავარდა ცაში“, - ასე იწყებს თავის წიგნში თხრობას ამერიკელი მწერალი ერიკ ლი, ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე მომხდარი ქართველთა აჯანყების შესახებ.

წიგნს ჰქვია „ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში“, რომელშიც ავტორი გვიამბობს, რომ ამ სამაშველო ნავში, სადაც მსხდარი ადამიანები ბრიტანელებს თავიდან მტრები ეგონათ, უჩვეულო შემადგენლობის ეკიპაჟი აღმოჩნდა - მათგან ათი ჰოლანდიელი იყო, ოთხს კი გერმანული ჯარის ფორმები ეცვა. მაგრამ ძალიან მალე, როცა საეჭვო ოთხეული ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გერმანელი ტყვეების „დასახარისხებელ“ პუნქტში მიიყვანეს დაკითხვაზე, გაირკვა, რომ ეს „გერმანელი ჯარისკაცები“ სინამდვილეში წითელი არმიის ყოფილი ჯარისკაცები იყვნენ საბჭოთა საქართველოდან.

ისინი, რამდენიმე წლით ადრე, გერმანელებს ტყვედ ჩაჰბარებოდნენ, მათ კი ისინი გერმანული არმიის ქართულ ლეგიონში მიეღოთ. გერმანული ფორმაც ამიტომ ეცვათ: „ამბავი, რომელსაც ისინი მოჰყვნენ - მართლაც გასაოცარი იყო“, - წერს ერიკ ლი თავის წიგნში, რომელიც ქართულად ქეთი ქანთარიამ თარგმნა და გამომცემლობა „ზიარმა“ გამოსცა.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

უკრაინაში მიმდინარე ომმა მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 100 მილიონამდე გაზარდა, - აცხადებს გაერო. ეს რეკორდია. ომებს, ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს ერთბაშად ამდენ ადამიანზე ჯერ არასდროს უმოქმედია.

წაიკითხე მეტი.

"ახლა სამსახური ძალიან მჭირდება, რაღაც თანხის გამომუშავება მაინც. სასტუმროში უფასოდ ცხოვრება სამუდამოდ ხომ არ გაგრძელდება..." - 19 წლის ნიკიტა, დედასთან და 13 წლის ძმასთან ერთად, საქართველოში მარიუპოლიდან ჩამოვიდა და დღეს ავტოსამრეცხაოში მუშაობს. ნიკიტას დედა, ლუდმილა კი სასტუმროში ოთახებს აწესრიგებს.

XS
SM
MD
LG