Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დებატები პარლამენტში ევროინტეგრაციაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 მაისს


პარლამენტში გადადებული პოლიტიკური დებატები დღეს გაიმართება

ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროპასთან ურთიერთობა იქნება დებატების თემა დღეს პარლამენტში. ოპოზიციის ინიციატივით დანიშნული დებატები გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ვერდიქტს ივნისში ელის. კითხვებიც სწორედ ამ თემის ირგვლივ იქნება ხელისუფლებასთან.

„მარტივი კითხვები“ აქვს ოპოზიციასთან მმართველ პარტიას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ.
კობახიძეს გუშინ ჰკითხეს, დაასახელებს თუ არა ის ამ პოლიტიკოსების გვარებს დღევანდელ დებატებზე, რაც მან არ გამორიცხა და დაამატა:

„ჩვენ მარტივი კითხვა გვექნება, როცა აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რას ეფუძნება ეს შინაარსობრივად. მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაშიც პუნქტობრივად ჩამოთვალონ, რის გამო არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. იქით აქარწყლონ ჩვენი არგუმენტები, იქით გვაქვს მოსადავებელი მათთან, არავითარი საფუძველი არ აქვთ, ისე აწარმოებენ ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას“, - აღნიშნა კობახიძემ.

დღესვე საპარლამენტო ოპოზიცია აპირებს, რომ ერთობლივი წერილით მიმართოს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომელშიც გამოხატული იქნება თხოვნა და მზაობა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამის შესახებ გუშინ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, წერილის ტექსტი ოპოზიციაში უკვე შეთანხმებულია.

თვალი ადევნე სიახლეებს პარლამენტიდან რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
035c0000-0aff-0242-c48d-08da1d197fa5_w1023_r1_s.jpg

კლინიკა "ვივამედმა" სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა

კლინიკა "ვივამედი", რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება, განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ლაბორატორიული მონაცემები სტაბილურ დინამიკას აჩვენებს.

"საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად, შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს უგრძელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, კონსულტირებულია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ, ჩატარებული აქვს მრავალი ინსტრუმენტული (მათ შორის, მაგნიურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევა. კვლევების დროში გახანგრძლივება პირდაპირ კავშირში იყო პროცედურულ საკითხებთან, რაც გულისხმობს პაციენტისგან ნებართვის აღებას, თანაც ლაბორატორიული მონაცემები „ლოდინის“ საშუალებას გვაძლევდა“, - ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

გუშინ ექსპრეზიდენტმა გაავრცელა წერილი. სააკაშვილის თქმით, მას აქვს ძლიერი თავბრუსხვევა და ტრემორი, ძლიერი ტკივილები ზურგის არეში და უჭირს კიდურების დამორჩილება:

„MRT-ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც, დიდი ალბათობით, მივიღე გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას. ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. დღესდღეობით მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ტკივილგამაყუჩებელ ნემსს მიკეთებენ“.

წაიკითხე მეტი.

იან კელი და დევიდ კრამერი: „პუტინი მარცხდება უკრაინაში, იმარჯვებს საქართველოში“

მაშინ, როცა უკრაინელები რუსეთის იერიშს უმკლავდებიან, საქართველო არასწორი მიმართულებით მიემართება, - ასეთ დასკვნას შეიცავს 24 მაისს გამოცემა The Bulwark-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორები არიან აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი.

ავტორები აღნიშნავენ, რომ მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების მომხრეა, ქვეყნის მთავრობა სხვა არჩევანს აკეთებს.

„კერძოდ, უკრაინაში კრიზისის პერიოდში საქართველოს მმართველობა სულ უფრო მეტად მოგვაგონებს რუსულ მოდელს ერთპარტიული მართვითა და ოპოზიციის დევნით“, წერენ კელი და კრამერი სტატიაში, რომლის სათაურია „პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში“.

მათი თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გამოიყენონ საქართველოზე თავიანთი გავლენა და „მოთოკონ ეს დესტრუქციული ძალები“. ავტორთა თანახმად, „ავტორიტარიზმისკენ საქართველოს სვლის“ უკანასკნელი მაგალითია გასულ კვირაში „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას გასამართლება „პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით“.

წაიკითხე მეტი.

ომი უკრაინაში: რუსეთი აძლიერებს იერიშებს სევეროდონეცკზე

რუსეთის არმიამ 24 მაისს გააძლიერა იერიში უკრაინის აღმოსავლეთ ლუგანსკის რეგიონის მიმართულებით, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი ამჟამად კონცენტრირებულია დონბასსა და სამხრეთ სანაპიროზე თავისი წარმატების შენარჩუნებაზე.

ამის თაობაზეა საუბარი დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მორიგ ყოველდღიურ ანგარიშში, რომლის თანახმად, რუსეთის სამხედრო სარდლობა ცდილობს ალყაში მოაქციოს სევეროდონეცკი და განავითაროს შეტევები ლისიჩანსკისა და რუბეჟნოეს მიმართულებით.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთის ჯარმა ინტენსიური საარტილერიო ცეცხლის შედეგად გარკვეულ ლოკალურ წარმატებას მიაღწია, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგობა საკმაოდ მძლავრია, ხოლო უკრაინის გაერთიანებული ოპერატიული ძალების სარდლობის სტრუქტურა კვლავაც უზრუნველყოფს ფრონტის ამ მონაკვეთის კონტროლს.

წაიკითხე მეტი.

ალან გაგლოევმა "პრეზიდენტის ფიცი" ოსურად და რუსულად დადო

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში დღეს, 24 მაისს გაიმართა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახალი "პრეზიდენტის", ალან გაგლოევის „ინაუგურაცია“. როგორც ადგილობრივი სააგენტო „რესი“ იუწყება, გაგლოევმა „პრეზიდენტის ფიცი ორ სახელმწიფო ენაზე - ოსურად და რუსულად დადო“. ცერემონია ცხინვალის სახელმწიფო თეატრის შენობაში ჩატარდა.

„პრეზიდენტის თანამდებობა მაკისრებს ყველაზე მაღალ ვალდებულებებს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანებია კანონის დაცვა, თავისუფლების და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მოქალაქეთა საყოველთაო თანასწორობა“, - განაცხადა გაგლოევმა.

„რესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცერემონიას რუსეთის და მისი სუბიექტების: ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის და ყაბარდო-ბალყარეთის დელეგაციებთან ერთად დაესწრნენ აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დელეგაციები.

წაიკითხე მეტი.

ერევანში დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონები გაარღვიეს და გადაკეტეს სამთავრობო შენობების შესასვლელები

სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, პოლიციის კორდონები გაარღვიეს და გადაკეტეს რამდენიმე სამთავრობო შენობის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შესასვლელები.

ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა და საპარლამენტო ფრაქცია „სომხეთის“ დეპუტატმა 24 მაისს განაცხადა, რომ აქციის მიზანია, თანამშრომლებს ხელი შეუშალონ შენობებში შესვლაში, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროში, „რომელიც აღარ ემსახურება სომხეთის ან სომეხი ხალხის ინტერესებს“.

ერევანში ოპოზიციის ათასობით მომხრე ყოველდღე ატარებს დემონსტრაციებს, მათი აზრით, მიუღებელი დათმობების გასაპროტესტებლად, რომლებზეც ფაშინიანი წავიდა მთიანი ყარაბაღის შესახებ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე.

წაიკითხე მეტი.

სტეპან ბანდერა - წინააღმდეგობრივი ფიგურა წინააღმდეგობის მოძრაობიდან

ეროვნული გმირი თუ ტერორისტი? ვინ იყო სტეპან ბანდერა - ვერც უკრაინა და ვერც დანარჩენი მსოფლიო დღემდე ვერ შეთანხმებულა.
სტეპან ბანდერა ზედ ახალ წელს, 1 იანვარს დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ საახალწლოდ ყველა ისვენებს, მისი დაბადების დღის აღნიშვნა უკრაინაში მაინც არ ეზარებათ. ვისთვისაც ის ეროვნული გმირია, ჩირაღდნით ხელში ქუჩაში გამოდის და ბანდერას სახსოვრად გამართულ მსვლელობას უერთდება.

სტეპან ბანდერა 1909 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სოფელ ძველ უგრინოვში. მისი ახალგაზრდობა მსოფლიოს მორიგ „გადანაწილებას“ დაემთხვა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე უკრაინის დასავლეთი ნაწილი პოლონეთის შემადგენლობაში შედის. დანარჩენი უკრაინა კი, ყირიმის გარდა, თავს „უკრაინის სახალხო რესპუბლიკად“ აცხადებს. ამ რესპუბლიკამ, ისევე როგორც დამოუკიდებელმა საქართველომ, ცოტა ხანს იარსება, საქართველოსი არ იყოს, უკრაინაც მალე „გაასაბჭოვეს“.

ისტორიის მაგისტრი, თსუ-ის დოქტორანტი გიორგი ცომაია, რომელმაც სტეპან ბანდერას მოღვაწეობა შეისწავლა, ჰყვება, რომ ბანდერამ ცხოვრების დიდი ნაწილი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაატარა, ჯერ პოლონეთის (1920-1930 წლები), შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

სტეპან ბანდერა უკრაინელი ნაციონალისტების ყველაზე რადიკალურ ფრთას ხელმძღვანელობდა. ორად გაყოფილი სამშობლოს გასაერთიანებლად ისინი ტერორისტულ მეთოდებსაც იყენებდნენ.

წაიკითხე მეტი თეა თოფურიას სტატიაში.

ერთხელ, ბევრი წლის წინ, ერთ თბილისელ გოგოს, რომელსაც ძალიან უყვარდა ჯაზი, უცხოელმა მეგობარმა კახეთში თავისი კუთვნილი მიწა მიაბარა და დროებით მისი მიხედვა სთხოვა. სავარგულების მოვლა აზარტული, მაგრამ რთული საქმე გამოდგა. მაგრამ იმ გოგოსთვის, რომელსაც დღეს ინგა აბიგლუკოზას სახელით იცნობენ, ამ ერთმა შემთხვევამ მთელი ცხოვრება შეცვალა.

დაიწყო ექსპერიმენტები სოფლის მეურნეობაში, მუდმივად რაღაც ახლის ძიება და ცდა, ჰერბალისტიკის შეყვარება და ამ გატაცებას მოყოლილი, მცენარეების სახელების თუ მათი სამკურნალო და სხვა თვისებების სწავლაში გათენებული ღამეები... ამ წლებში ბევრი რამ მოხდა.

როცა დღეს ეკითხებიან, ვინ ხარო, ხუმრობით, მაგრამ მაინც პასუხობს ხოლმე, ალბათ, მცენარეებთან ურთიერთობის ექსპერტიო. ადვილი არ არის, მცენარეების მუდმივად გესმოდეს, რადგან, როგორც ინგა ამბობს, ეს იმას ჰგავს, ბევრ ადამიანში იდგე და ყველა ერთად ლაპარაკობდეს.

მაგრამ დღეს ამის გარეშე ინგას ცხოვრება წარმოუდგენელია. ინგასი და მისი მეუღლის, აჩიკოსიც, რადგან ეს ორნი იდეებს ერთად აქცევენ რეალობად - ერთად აშენებენ ფშავში, მათ მიერ ნაპოვნ მიწაზე სახლს, რომელსაც არა აქვს კუთხეები და აგროპარკს, სადაც ერთი ხელის გაწვდენაზე ათეულობით კულტურა მოჰყავთ და თან ყველაფერს აქვს თავისი კონცეფცია. ეს ადგილი, მათი „ტერა ინკოგნიტა“ კი, იმ ადამიანების, მოხალისეების სახლიცაა, რომლებიც ინგას ოცნების ახდენაში ეხმარებოდნენ. იქ მისვლა, ინგას გამოცდილების გაზიარება და სწავლა ყველას შეუძლია, ვინც ამას მოინდომებს.

ჯერ წინ ბევრი გეგმაა, მაგრამ „აბიმ“ (ასე ეძახიან ინგას მეგობრები) იცის, რომ მთავარი საქმე გაკეთებულია. მრგვალი სახლი - გადახურული და მას აქვს ადგილი, რომლისთვისაც ერთ დღეს თბილისსაც დათმობს - იქ ტყეა. ტყეში კი არ შეიძლება, რამე ცუდი ხდებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG