Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონბასში ბრძოლები ინტენსიურ ფაზაშია - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 მაისს


ომის 93-ე დღე და რუსეთის გაძლიერებული იერიშები დონბასზე

რუსეთი უკრაინის პოზიციებზე ერთდროულად დონბასის რამდენიმე რაიონში შეიჭრა, ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ რუსეთის არმია დაპირისპირებული მხარეების შეხების ხაზზე ინტენსიურ დაბომბვებს აწარმოებს.

„მტერი ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს, ავიაციასა და არტილერიას იყენებს. სიტუაცია რთულია და არის ესკალაციის ნიშნები. მტერმა გამოიყენა ყველა რესურსი, რათა დაეპყრო ჩვენი ტერიტორია და ჩვენი ძალები ალყაში მოექცია. მტერი ჩვენს პოზიციებს სხვადასხვა წერტილში ერთდროულად უტევს. ჩვენ ბრძოლის ძალიან რთული და ხანგრძლივი ეტაპის წინაშე ვართ“, - თქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გუშინ რუსეთმა ლუგანსკის მხარის ქალაქ ლესიჩანსკში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზე განახორციელა იერიში. დაიღუპა სამი ადამიანი. ისროდნენ ხარკოვშიც, სადაც დაიღუპა 8, ხოლო დაშავდა 17 ადამიანი.

დონბასში ინტენსიური იერიშების პარალელურად არ წყდება ყურადღება „აზოვსტალიდან“ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაყვანილი უკრაინელი სამხედროების მიმართ. უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა 26 მაისს თქვა, რომ ისინი „დღეის მდგომარეობით, არ იმყოფებიან წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ქვეშ“.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

რატომ ვერ დაიცვა ორმა სახელმწიფომ 26 წლის ქალი გამოცხადებული მკვლელობისგან?

26 წლის როზეტა ყალიჩავა, სავარაუდოდ, ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მკვლელობა 24 მაისს, საღამოს 10 საათისთვის, პოლონეთის ქალაქ ლოძში მოხდა.

ქალი რომ ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ პოლონეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საელჩოს პოლონეთში და უფლებადამცველებს თბილისში. ამ უკანასკნელს შეშინებული და გაურკვევლობაში მყოფი როზეტა თავად დაუკავშირდა ფეისბუკით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი რამდენიმე კვირა ცდილობდა საქართველოდან დახმარებოდა ქალს. იურისტ თამარ ლუკავასთან კომუნიკაციით როზეტა ყალიჩავამ შეაგროვა ძალადობის სამხილები და პირველად შეძლო ადგილობრივ პოლიციამდე ხმის მიწვდენა, თუმცა მისი ხმა პოლონურმა პოლიციამ ვერ გაიგო, რადგან პირველად თარჯიმნის გარეშე მივიდნენ და ენის ბარიერმა ხელი შეუშალა საქმის ვითარებაში გარკვეულიყვნენ.

პროცესი გაიწელა საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაციითაც. როგორც თამარ ლუკავა გვეუბნება, საელჩოს წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ ოჯახში ძალადობის საკითხი მათი კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა.

როგორ ვერ დაიცვა როზეტა ყალიჩავა ორმა ქვეყანამ, წაიკითხე დეტალები ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

პრემიერსა და სამ მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ

27 მაისს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მივლენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

თითოეულ მათგანს თითქმის სამ საათამდე დრო დაეთმობა, რომლის განმავლობაშიც უპასუხებენ დეპუტატების შეკითხვებს.

განრიგი ასეთია:

  • ილია დარჩიაშვილთან ხუთი კითხვა ექნება „ქართულ ოცნებას“. კითხვები ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე მოლოდინებს შეეხება. ის პირველი მივა პარლამენტში.
  • შემდეგი იქნება ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრი შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა: დავით უსუფაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა, სალომე სამადაშვილმა, შალვა შავგულიძემ, არმაზ ახვლედიანმა, თამარ კორძაიამ და დილარ ხაბულიანმა. მათ მიერ წინასწარ დასმული შეკითხვა კი ასეთია: რა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების თუ სხვა სუბიექტების გამოყენებით რუსეთის ფედერაციისა და მათი წარმომადგენლების მიერ სანქციების რეჟიმის დარღვევა არ მოხდეს?
  • „ქართული ოცნების“ კითხვებს ინფლაციასთან, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გავლენასა და სხვა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით უპასუხებს მინისტრი ლევან დავითაშვილი.
  • იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან კი კითხვები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. ის ბოლო გამომსვლელი იქნება.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

გვარამია აცხადებს, რომ ციხეში ყოფნა არ უჭირს, რადგან მორალური უპირატესობა აქვს

პატიმრობაში მყოფმა „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ციხიდან ამავე ტელეარხთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ ციხეში ყოფნა არ უჭირს, რადგან მორალურ უპირატესობას გრძნობს.

მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ მისი დაპატიმრებით „დაიჭირა საკუთარი თავი და არ დაიჭირა, მაგრამ სამწუხაროდ, შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება“.

ნიკა გვარამიამ, აგრეთვე, ილაპარაკა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე მისაღები გადაწყვეტილების შესახებ.

„მე, ნიკა გვარამია, თანახმა ვარ, რომ აი, ამ ჩემს საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე, მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება. ნიკა გვარამია გამოვა და ის კვდება. აი, ამაზე რას ფიქრობენ? ამას შეუშვებენ ევროპულ კავშირში?! წამების ქეისებს შეუშვებენ ევროკავშირში?! არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში?! ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად, იმიტომ, რომ მიაჩნიხარ მათნაირად“, - თქვა გვარამიამ.

წაიკითხე მეტი.

არ უღირთ ახლა - რატომ გადადებს რუსეთი რეფერენდუმს ცხინვალის რეგიონში

რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებას არ ჩქარობს და 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის გადადებას საკითხის არასათანადო მომზადებითა და წინასწარი შეუთანხმებლობით ხსნის.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს რუსეთი ამ ეტაპზე, გაერთიანების ნაცვლად, ისევ ძველებურ ურთიერთობებს სთავაზობს. მოელიან, რომ წინამორბედ ანატოლი ბიბილოვის განკარგულებას - რეფერენდუმის 17 ივლისს დანიშვნის შესახებ - სულ მალე, ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი გააუქმებს.

25 მაისს, ე.წ.-მა ელჩმა სამხრეთ ოსეთში, მარატ კულახმეტოვმა მკაფიოდ თქვა, რომ რუსეთი ამ ეტაპზე არ უჭერს მხარს ოკუპირებული რეგიონის მიერთებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარებას, რადგან ეს საკითხი არასაკმარისად არის შეთანხმებული და მომზადებული.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი ამ ეტაპზე თავს არ აიტკივებდა და რეფერენდუმი იმიტომ შეაჩერეს, რომ „შემდეგ საზოგადოების ფრუსტრაცია არ გამოიწვიონ და პოლიტიკური ქულები არ დაკარგონ“.

რა გეგმით იმოქმედებს მოსკოვი? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

არქეოლოგი ნინო ჯაყელი 24 მაისს, 20 კოლეგასთან ერთად გაათავისუფლეს ეროვნული მუზეუმიდან, სადაც ქვის ხანის ფონდის კურატორი იყო. ის თვლის, რომ რაც მუზეუმში ხდება, წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტის მიზანმიმართული განადგურებაა. ნინოს გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკა ახალბედაშვილი - მას ნინომ 17 თებერვალს, საჯაროდ, მედიის თანდასწრებით უთხრა, რომ კულტურის სამინისტრო მუზეუმის მხარდაჭერის ნაცვლად დაპირისპირების კერებს აღვივებდა ამ სისტემაში. ნინო ამბობს, რომ გასაუბრებისას ნიკა ახალბედაშვილს ეს შეხვედრა არ უხსენებია, თუმცა დაუდასტურა პატივისცემა. გათავისუფლების შემდეგ ნინოსთვის არავის უთქვამს, ვის უნდა გადააბაროს ათასობით ექსპონატისგან შემდგარი ფონდი ან რა ბედი ელის იმ კვლევით პროექტებს, რომლებიც უკვე დაფინანსებულია და რომელიც მას მუზეუმის სხვა, ასევე გათავისუფლებულ თანამშრომლებსა და უცხოელ კოლეგებთან ერთად უნდა განეხორციელებინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG