„ჯერ არ ვართ მზად“ - ევროკავშირი რუსული ნავთობის სრულ აკრძალვაზე კონსენსუსს ვერ აღწევს
ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტის პირველივე დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოჩნდა აზრთა სხვადასხვაობა წევრებს შორის რუსული ნავთობის სრულად აკრძალვის თაობაზე.
სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, 27 წევრი ქვეყანა ნავთობზე ემბარგოს ძირითად პრინციპებზე თანხმდება, თუმცა პრაქტიკული დეტალებისა და ნიუანსების განხილვა შემდეგისთვის გადაიდო.
„ამ დროისთვის არ არსებობს კომპრომისი“, - თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ბრიუსელში ჩასვლის შემდეგ. სწორედ უნგრეთია ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, რომელიც რუსულ ნავთობზე სრულად უარის თქმის გადაწყვეტილებას აფერხებს. ის ნავთობის 60%-ზე მეტს, ხოლო ბუნებრივი აირის 85%-ს რუსეთისგან იღებს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა კი 30 მაისს თქვა, რომ ნავთობის ემბარგოზე კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება ივნისის ბოლოს, ევროკავშირის შემდეგ სამიტზე უფრო შესაძლებელი იქნება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ევროკავშირმა სანქციების ხუთი პაკეტი მიიღო, მაგრამ ნავთობის ემბარგოზე გადაწყვეტილება დროში გაიწელა, რადგან ქვეყნების ნაწილი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე. ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი სანქციების ამ პაკეტის ავტორია. გუშინ მან სამიტის პირველ დღეს თქვა, რომ ევროკავშირი ჯერ არ არის მზად გადაწყვეტილებისთვის. ბრიუსელში შეხვედრები დღესაც გრძელდება.
„ტყუილია, ხელშეკრულებებს ვადა არ გასვლია“ - რესპუბლიკურიდან გათავისუფლებულები
ბექა ჩაფიჩაძემ 11 თვე იმუშავა უმცროს ექიმად ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის მეშვიდე სართულზე, კოვიდთერაპიის განყოფილებაში. 11 თვის თავზე, მას და მის კოლეგებს უთხრეს, რომ ხვალიდან სამსახურში აღარ მისულიყვნენ, რადგან კოვიდგანყოფილება პაციენტების არარსებობის გამო იხურებოდა.
გათავისუფლებული სამედიცინო მუშაკების ინფორმაციით, მათი რამდენიმე ათეული თანამშრომელიც იმავე პრობლემის წინაშე დადგა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საავადმყოფოდან თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლების შესახებ, 29 მაისს, რესპუბლიკური კლინიკის ახალი დირექტორი, ლიანა ჭუმბურიძე ვიდეოგანცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, კლინიკაში თანამშრომლების გათავისუფლება არ მიმდინარეობს და რომ რამდენიმე თანამშრომელს მხოლოდ კონტრაქტი ამოეწურა. „ჩვენ შევთავაზეთ მათ ჩვენთან ურთიერთობის გაგრძელება. 14-დან 12 დაგვთანხმდა და ორმა უარი თქვა ამაზე“, - ამბობს ლიანა ჭუმბურიძე.
ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ არც კონტრაქტები ამოსწურვიათ და არც რაიმე ალტერნატივა შეუთავაზებიათ მათთვის, კოვიდგანყოფილებაში სტრესული და მძიმე სამუშაოს შესრულების შემდეგ.
რა ხდება რესპუბლიკურ საავადმყოფოში? წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
ომი უკრაინაში: ხარკოვზე მორიგი იერიში განხორციელდა
რუსეთის ჯარებმა ისევ მიიტანეს იერიში უკრაინის ქალაქ ხარკოვზე, სადაც ამჯერად ათამდე ქუჩა ამოიღეს სამიზნეში. არიან დაშავებულები. უკვე ზედიზედ ორი დღეა ქალაქის სხვადასხვა უბანი იბომბება.
30 მაისს ბომბი აფეთქდა რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში. დაშავდა სამი ადამიანი. რუსულმა მხარემ მომხდარს „უკრაინელების საბოტაჟი“ უწოდა.
ლუგანსკის ოლქში კი საარტილერიო ცეცხლს საევაკუაციო ავტომობილში მყოფი ფრანგი ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკი ემსხვერპლა.
„ლუგანკის ოლქიდან ევაკუაციის პროცესი ოფიციალურად შეჩერებულია, „რაშისტებმა“ ხალხის წამოსაყვანად მიმავალ ავტომობილს ესროლეს. დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი“, - ინფორმაცია ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.
ბაიდენი: აშშ უკრაინას არ გადასცემს სარაკეტო სისტემებს, რომლებიც რუსეთს შეიძლება მისწვდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას არ გადასცემს სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შესაძლოა მიაღწიოს სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. კონკრეტულად რა სახის შეიარაღებაზეა ლაპარაკი, ბაიდენს არ დაუზუსტებია.
გასულ კვირაში CNN-ი და Washington Post-ი იტყობინებოდნენ, რომ აშშ აპირებს, უკრაინას მიაწოდოს სარაკეტო სისტემები, რომლებსაც რამდენიმე ასეული მილით დაშორებული სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. კერძოდ, ნახსენები იყო მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა HIMARS-ი და ზალპური ცეცხლის სისტემა MRLS-ი. უკრაინის ხელისუფლება ადრე სწორედ ამ სახეობის შეიარაღების მიწოდებას ითხოვდა. მაგრამ თეთრ სახლში გამოთქვამდნენ შიშს, რომ ასეთი იარაღი შესაძლოა რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ შეტევისთვის იქნეს გამოყენებული.
კაია კალასი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ყველა თანაბრად არ უჭერს მხარს
ევროკავშირის სამიტის კულუარებში ჟურნალისტებთან საუბრისას ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა თქვა, რომ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მისი თქმით, ამჟამად განიხილება ამ სტატუსის მინიჭება პირველ რიგში უკრაინისთვის.
„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ივნისის სამიტისთვის მივაღწიოთ შეთანხმებას. და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უკრაინამ მიიღოს მკაფიო პირობები - როგორ მიაღწიოს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, მოლდოვისა და საქართველოს საკითხიც განიხილება, მაგრამ, ვფიქრობ, ისინი ჯერ არ არიან მზად. ცხადია, ჩვენ ყველას თანაბრად ვუჭერთ მხარს, მაგრამ ყველა ამ სახით არ უჭერს მათ მხარს“.
ამავე საკითხს შეეხო ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრისტიანის კარინსი, რომლის აზრითაც, სამი ქვეყნისთვის კავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება ძალზე იოლია და ევროკავშირმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი.
უკრაინის ახალი კავალერია: როგორ იყენებენ ელექტროველოსიპედებს ომში
უკრაინაში ელექტროველოსიპედების გამოყენება ომის წარმოების ხერხებში ისტორიულ ტაქტიკურ გარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.
ახლახან გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს უკრაინული ძალების მხარდამხარ მებრძოლი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, რომელიც Eleek Atom-ის ელექტროველოსიპედით 90 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა The Drive-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ მის სნაიპერების დანაყოფს, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში ამჟამად მიმდინარე აქტიური ბრძოლების პირობებში უწევს მოქმედება, „სწრაფად მისვლა-მოსვლა“ ესაჭიროება.
„ასე რომ, ელექტროველოსიპედები გვჭირდება“, - თქვა მამულაშვილმა.
ელექტროველოსიპედების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დიდი მანძილის შეუმჩნევლად და უხმაუროდ დაფარვა შეუძლიათ. სპეცდანიშნულების სადესანტო რაზმებს ეს მტრის ზურგში მალულად გადაადგილების, დანიშნულების ადგილის მიღწევის და შემდეგ იქაურობის სწრაფად განრიდების შესაძლებლობას აძლევს.
მუზეუმის ათობით თანამშრომლების გათავისუფლება, მანამდე ხელოვნების მუზეუმის დირექტორის გაშვება, რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმ „მოთვინიერების“ გაუქმებული ჩვენება, კინოცენტრის ხელმძღვანელის შეცვლა, თვეობით დაფინანსებაგაჩერებული ლიტერატურული ჟურნალები, ჩაშლილი ლიტერატურულ პრემია „ლიტერა“, თბილისის ლიტერატურული ფესტივალის გაურკვეველი მომავალი, ბოლო დღეებში გახმაურებული წიგნის ფესტივალის მხარდაჭერაზე უარის თქმის ამბავი და საქართველოს 65 ბიბლიოთეკისთვის ყოველწლიური წიგნადი ფონდების განახლების პროგრამის გაუქმება - ეს ის ფაქტებია, რაც, სულ ცოტა, ერთ შეკითხვას მაინც ბადებს: რატომ აკეთებს ამას კულტურის სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი, რისი მიღწევა სურს ამით?
მკაფიო პასუხები არ არსებობს. კულტურის სამინისტრო, IDFI-ს ბოლო გამოკვლევის თანახმად, ყველაზე ჩაკეტილი საჯარო უწყების სტატუსს ატარებს და არათუ ამ, არამედ გაცილებით მარტივ შეკითხვებზეც მედიისთვის პასუხების მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
მაგრამ ისიც ჩანს, რომ რაც მეტია მსგავსი გადაწყვეტილებები, მით უფრო მკაფიოა პროტესტი მწერლების, მეცნიერების, რეჟისორების იმ ნაწილში, ვისაც სჯერა, რომ მათ ასე ადვილად ვერავინ „მოათვინიერებს“. და სულ ცოტა, რაც ახლა მათი აზრით, უნდა გაკეთდეს, ეს პროტესტი არ უნდა მიჩუმდეს.
სტამბოლში მცხოვრები მწერალი და მთარგმნელი ირაკლი კაკაბაძეც ამ აზრზეა და ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო თავად არის საზოგადოების მსახური და დავალების შემსრულებელი და არა პირიქით.
დაწერეთ კომენტარი