Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას საქართველოში მედიაგარემოს შესახებ - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 ივნისს


საქართველოს ხელისუფლების "ღია კრიტიკა" ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღებამდე ერთი დღით ადრე

ძალადობა ჟურნალისტებზე, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის დაკავება, მედია მენეჯერების დევნა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება და ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოში - ეს ის თემები იყო, რაც ევროპარლამენტარებმა გუშინ ბრიუსელში დებატებზე გააჟღერეს. გამომსვლელებმა იმსჯელეს რეზოლუციის ირგვლივ, რომელიც საქართველოში მედიის მდგომარეობას შეეხება, თუმცა ცალკეული განცხადებები გასცდა მხოლოდ ამ თემას. რეზოლუციას ევროპარლამენტმა დღეს, 9 ივნისს უნდა უყაროს კენჭი.

დებატები სლოვაკმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სახალხო პარტიიდან“ მირიამ ლექსმანმა გახსნა. მისი თქმით, საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე ექმნება, რაც დემოკრატიის უკუსვლის ერთ-ერთი ნაწილია. მირიამ ლექსმანის თქმით, მას სჯერა, რომ ეს ტენდენცია სრულიად საპირისპიროა ქართველი ხალხის სურვილისა, რომ იცხოვრონ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში დასავლური მისწრაფებებით. მან თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილიც ახსენა.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას რომ სრულად გამოიყენოს ქართული საკანონმდებლო ჩარჩო, რათა უზრუნველყოს გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, რეფორმებით უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, შეწყვიტოს პოლიტიკური პოლარიზაცია და შეაჩეროს დემოკრატიის უკუსვლა. ასევე მჯერა, რომ საქართველოს მხარდასაჭერად ევროპულ გზაზე, მნიშვნელოვანია მიზანმიმართული სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის, იმ დესტრუქციული როლის გამო, რასაც ის საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშობს“, - თქვა მირიამ ლექსმანმა.

ევროპარლამენტარმა ლიეტუვიდან პეტრას ოშტრავიჩუსმა კი თქვა, რომ დამოუკიდებელი მედიის არსებობა საქართველოში კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მნიშვნელოვანია. „თუმცა ისეთი მიუღებელი მოვლენები, როგორიცაა კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, მათ მიერ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, ღია მუქარა და პასუხისგებაში მიცემა, საქართველოს აშორებს ამ ამბიციისგან“, - დაამატა მან.

ევროპარლამენტარის თქმით ევროკავშირი დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, თუნდაც ამისთვის ხელისუფლების ღია კრიტიკა იყოს საჭირო:

„თუ მანამდე ევროპარლამენტს იმედი ჰქონდა საქართველოს მთავრობის კეთილი ნებისა და გაგების, ახლა ჩვენ მოვითხოვთ ცვლილებას ქვეყნის პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში. თბილისმა უნდა გაიგოს რაზე დევს ფსონი ქვეყნის მომავლისთვის“, - თქვა პეტრას ოშტრავიჩუსმა.

სხვა ევროპარლამენტარების განცხადებები და გამოხმაურებები თბილისიდან, წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

პრეზიდენტი გვარამიას შეწყალების შესახებ: არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე

8 ივნისს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მედიამ ჰკითხა რას აპირებს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე. თუმცა პრეზიდენტმა საზღვარგარეთიდან ამ თემაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

„არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება და კომენტარებს არ ვაკეთებ", - უთხრა „პირველ არხს" სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვა მას მერე გაჩნდა, რაც გუშინვე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საჯაროდ მიმართა პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით. მოთხოვნის საფუძველი გახდა გვარამიას განაჩენი, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა შეისწავლა და დაასკვნა, რომ "სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო“, ის არსებითად დაუსაბუთებელია.

წაიკითხე მეტი.

ვითარება უკრაინაში: ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეს რუსეთის შემადგენლობაში შესაყვანად ამზადებენ

უკრაინაში, ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ჩაატარონ რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. მანამდე ამ რეგიონებში იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი აკონტროლებს ხერსონის ოლქის უდიდეს ნაწილს, მათ შორის ოლქის ცენტრს, და ზაპოროჟიეს ოლქის მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა ქალაქი ზაპოროჟიე უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. კირიენკო უკრაინაში იმყოფებოდა 7 ივნისს. თავდაპირველად ის ხერსონში ჩავიდა, ამის შემდეგ კი ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში.

წაიკითხე მეტი.

ლავროვი: 3+3 ფორმატის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება

სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის „3+3“ ფორმატის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი) მეორე შეხვედრა მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში გაიმართება. ტასის ცნობით, ამის შესახებ ოთხშაბათს თურქეთში ვიზიტისას განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ სამხრეთ კავკასიაში მუშაობა. მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3. პირველი შეხვედრა გავმართეთ მოსკოვში, ქართველმა კოლეგებმა ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება, მაგრამ ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მათი მოხარული ვიქნებით. უახლოეს მომავალში მზადდება მორიგი შეხვედრა, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მისი ჩატარების შესახებ გამოვაცხადოთ,“ თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

წაიკითხე მეტი.

ბორელმა საქართველოში კარლ ჰარცელის შემცვლელი წარადგინა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა, ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური ავრცელებს.

პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.

ევროკავშირის მოქმედ ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის სექტემბერში ეწურება.

წაიკითხე მეტი.

100 მილიარდი ევრო ბუნდესვერის ყველაზე ძლიერ ევროპულ არმიად გადასაქცევად - რას გეგმავს გერმანია?

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გერმანია საკუთარი შეიარაღებულ ძალების უპრეცედენტო გაძლიერების გზას დაადგა და მიზანი დაისახა, რომ ბუნდესვერი ევროპაში ყველაზე მსხვილ და მოწინავე არმიად აქციოს.

ფონდი 100 მილიარდი ევროს მოცულობით, რომლის შექმნასაც ივნისში მხარი დაუჭირეს გერმანელმა კანონმდებლებმა ბუნდესტაგში, მიზნად ისახავს გერმანული არმიის სერვისებისა და ჯარისკაცების მდგომარეობის შთამბეჭდავ გაუმჯობესებას. ყველაზე მეტი ფულის გამიზნულია ე.წ. „ჰაერის განზომილებისთვის".

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პაციფისტური მიდგომებით გამორჩეულ გერმანიაში, რომელიც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას ბოლომდე ცდილობდა და დიდხანს გაურბოდა თავდაცვის ხარჯებისთვის ნატოს მიერ დადგენილ 2%-იან სტანდარტს, ახლა უკვე მოსახლეობა მტკიცედ უჭერს მხარს კანცლერის ინიციატივას და ქვეყანაში რეზერვისტების ენთუზიაზმიც იზრდება.

გერმანიის გადაწყვეტილებას 100 მილიარდით დააფინანსოს საკუთარი არმია „მსოფლიო მასშტაბის სენსაცია“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა, რომლის აზრითაც „ეს ნიშნავს გერმანიის 1945 წლის პოლიტიკის რადიკალურ შეცვლას და ევროპაში ძალების ბალანსის რადიკალურ განახლებას“, რის გამოც მთელი მსოფლიო, წესით, „ყურებზე“ უნდა იდგეს“.

რას შეცვლის და რას მოასწავებს ბუნდესვერის უპრეცედენტო გაძლიერება? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

რით შეიძლება იყოს დაავადებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი?

რამდენი და რა სპეციალიზაციის ექიმი აკვირდება მას?

რა არის ცნობილი პუტინის არატრადიციული მედიცინით გატაცების, კერძოდ კი, ირმის ნორჩი რქის სისხლის აბაზანებით მკურნალობის შესახებ?

დმიტრი სუხარევი ერთ-ერთი ავტორია პუტინის ჯანმრთელობის გამოძიებისა, რომელიც გამოცემა Proekt-ისთვის მომზადდა. ის დაახლოებით ერთი წელია, რაც თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

XS
SM
MD
LG