Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილი სანიოლი: იმედია, თბილისში კარგ ხასიათზე დავბრუნდებით


ვილი სანიოლი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგაზე მოგებების სერიის გაგრძელებას დღეს სკოპიეში შეეცდება. გიბრალტართან (4:0) და ბულგარეთთან (5:2) გამარჯვებების შემდეგ, მესამე ტურში ქართველი ფეხბურთელები მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად დაუპირისპირდებიან და წარმატების შემთხვევაში, ჯგუფის ლიდერის პოზიციას გაიმყარებენ.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი სკოპიეში თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა და ვარჯიშიც მოასწრო. მთავარმა მწვრთნელმა კი წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან. ფრანგმა სპეციალისტმა ჩრდილოეთი მაკედონია ჯგუფის ფავორიტად დაასახელა, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველოს ნაკრებში საბრძოლო განწყობაა და ფეხბურთელები მზად არიან მორიგი წარმატების მისაღწევად.

„ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ვთქვი, რომ ჩრდილოეთი მაკედონია ჩვენი ჯგუფის ფავორიტია. ამ გუნდმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხა იტალია... მაგრამ ეს ფეხბურთია და მარტო ფაქტებზე საუბარი არაფერს ნიშნავს. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები დაამტკიცებენ, რომ ჯგუფში პირველ ადგილს საქართველოს ნაკრები იმსახურებს. იმედია, დასახულ მიზანს შევასრულებთ და თბილისში კარგ ხასიათზე დავბრუნდებით“, - თქვა ვილი სანიოლმა.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG