Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მარიუპოლს ემუქრება ქოლერის მასშტაბური აფეთქება


მარიუპოლის მცხოვრები ქალაქის ერთ-ერთ განადგურებულ რაიონში. 2022 წლის აპრილი
მარიუპოლის მცხოვრები ქალაქის ერთ-ერთ განადგურებულ რაიონში. 2022 წლის აპრილი

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც ამჟამად რუსეთის კონტროლქვეშაა, ქოლერის მასშტაბური აფეთქების საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით. მარიუპოლიდან მაისის შემდეგ ვრცელდება ცნობები, რომ ქალაქში ქოლერით დაავადების შემთხვევებია.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ 1995 წელს, უკრაინაში ქოლერის ეპიდემია იყო და მას შემდეგ, პერიოდულად ხდებოდა მცირე მასშტაბის ეპიდაფეთქებები აზოვის ზღვის სანაპიროზე, მათ შორის მარიუპოლში.

საომარი მოქმედებების შედეგად ქალაქის თითქმის მთლიანად განადგურების გამო, მარიუპოლში სამედიცინო მომსახურება კოლაფსის ზღვარზეა, ქოლერის მასშტაბური აფეთქება კი, სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 17 მაისს განაცხადა, რომ მარიუპოლის წყლით მომარაგების და საკანალიზაციო სისტემების დაზიანების გამო შესაძლებელია ინფექციური დაავადებების, მათ შორის, ქოლერის გავრცელება.

უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება თითქმის მთლიანად დანგრეულ ქალაქში. მაისში უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მარიუპოლში უმძიმეს პირობებში იმყოფება 100 ათასზე მეტი მოქალაქე. ომის დაწყებამდე ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 400 ათასს აჭარბებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG