Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიური მედიის ცნობით, დრაგი, მაკრონი და შოლცი უკრაინაში ჩავიდნენ


მარიო დრაგი, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი
მარიო დრაგი, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი

უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად ჩავიდნენ იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ამის შესახებ იუწყებიან იტალიური გამოცემა La Repubblica და ტელეკომპანია RaiNews 24.

იტალიის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდნენ. მათი ფოტო, რომელიც ღამით, მატარებელშია გადაღებული, ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ კამიშინმა.

ბოლო დღეებში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრაგი, მაკრონი და შოლცი უკრაინაში 16 ივნისს ჩავიდოდნენ, თუმცა, ოფიციალურად ამას არცერთი მხარე არ ადასტურებდა.

ევროკავშირის წევრი გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერების ვიზიტი წინ უძღვის უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. ხვალ, 17 ივნისს, რეკომენდაციები უნდა გამოაქვეყნოს ევროკომისიამ, 23-24 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე კი, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა.

15 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი იმყოფებოდა მოლდოვაში, რომელიც ასევე, ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას. სტატუსის მოლოდინშია საქართველოც. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

XS
SM
MD
LG