საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიები გამოეხმაურნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ევროპის მხრიდან საქართველომ მაქსიმალურად კარგი გზავნილი მიიღო.
„ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ელოდა უფრო სწრაფ შედეგს საქართველოსთვის, თუმცა რეალობა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ამ იმედების საფუძველს, სამწუხაროდ, არ იძლეოდა. მესმის მათი ემოციის, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს. ამ რეჟიმმა იმ გზაზე დააყენა ქვეყანა, რომელიც არის შეუთავსებელი არათუ ევროკავშირის ან NATO-ს წევრობასთან, არამედ, ზოგადად, თავისუფალი სამყაროსკენ სვლასთან არის შეუთავსებელი, - თქვა ბოკერიამ და დაამატა, - ამ ვითარებაში, რეალისტურად, მაქსიმალურად კარგი გზავნილი იყო საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის. არათუ კარია ღია ჩვენთვის, არამედ კონკრეტულად შეგვიძლია, რომ ჩვენი ისტორიული მისია შევასრულოთ“.
ბოკერია აცხადებს, რომ საქართველოში დღეს მოქმედი „ივანიშვილის რეჟიმი“ ამ ამოცანასთან შეუთავსებელია. „ეს წერია დიპლომატიურ, პოლიტიკურად კორექტულ ენაზე ამ რეკომენდაციაში. იმიტომ, რომ ის ტრანსფორმაციული ცვლილებები, რაც რეკომენდაციაში წერია და ერთი განსაკუთრებით - დეოლიგარქიზაცია - არის შეუძლებელი ამ რეჟიმის პირობებში. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა შევასრულოთ, ეს რეჟიმი უნდა შევცვალოთ, ამის შემდეგ თავისუფალი სამყარო ჩვენ, როგორც ბუნებრივ წევრებს ამ სამყაროსი, მიგვიღებს“, - მიიჩნევს გიგა ბოკერია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი ამ სიტყვებით დაიწყო: „მძიმე დღეა საქართველოსთვის. განიხილებოდა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხი. ევროკომისიამ უარი უთხრა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, თუმცა ქართველ ხალხს შეუნარჩუნა ევროპული პერსპექტივა. ეს იყო ხელისუფლების მიზანმიმართული, შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი. ჩვენ აქამდე მოვედით ხელისუფლების ინტენსიური, მონდომებული საბოტაჟის შედეგად“.
მელიას შეფასებით, საბოტაჟი შედგებოდა რამდენიმე ნაწილისაგან:
„პირველი და მთავარი, როგორ ფორმაში შეხვდა ქვეყანა ამ ისტორიულ მომენტს: ძალადობრივი და პრობლემური არჩევნები, კლანი სასამართლოში, ზეწოლა მედიაზე, პოლიტიკური დევნა და ტოტალური კორუფცია.
უფრო მეტიც, ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით, საგანგებოდ, ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სპეციალურად პროცესის საბოტაჟისთვის დააჩქარა მკაფიო პოლიტიკური დევნის აქტის განხორციელება.
ამ თავხედურ და ღია პოლიტიკურ დემარშს, ქვეყანაში არსებულ ანტიდემოკრატიულ გარემოს, მედიის დევნას და ღია პოლიტიკურ მართლმსაჯულებას მოჰყვა ევროპარლამენტის ძალიან კრიტიკული რეზოლუციაც.
„პროცესი ხელისუფლებამ განგებ შეიყვანა ჩიხში“, - მიიჩნევს მელია.
ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი, ვინც განვლილ 30 წელიწადში საქართველოს კარგ მცოდნედ, საქართველოს მეგობრად და საქართველოს ქომაგად ჩამოყალიბდა, არა მარტო ლანძღა, არამედ კრიმინალად გამოაცხადა. მელიას თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფრაქციას, "ევროპის სახალხო პარტიას", კრიმინალების პარტია უწოდა.
მესამე და ფუნდამენტურად ანტიქართულ პოლიტიკად მელია ასახელებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინასა და მის პრეზიდენტზე თავდასხმებს.
„ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ მთავრობამ არასაკმარისად იმუშავა ან კომპეტენცია არ ეყო. მთავრობამ იმუშავა - მაგრამ იმუშავა საპირისპირო მიმართულებით“, - შენიშნავს მელია.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ნებას.
„ახლა ჩვენი, ქართველი ხალხის ჯერია. უნდა გამოვიდეთ, უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორია, ჩვენი აწმყო, ჩვენი მომავალი. დღეს უკვე ოფიციალურად გავიგეთ, რომ ჩვენსა და ევროპულ განვითარებას შორის დგას რუსი ოლიგარქი. თუ მოლდოვამ შეძლო, მოახდინა ქვეყნის დეოლიგარქიზაცია და მიიღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენც შევძლებთ. გელოდებით რუსთაველზე 20-ში 20 საათზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიტყვები გაიხსენა. „ეს არჩევანი კვლავ დაუდგა ქართველ ხალხს, მსგავსად იმ არჩევანისა, რომელიც იყო 1990 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ ხალხს მოუწოდა არჩევანი გაეკეთებინათ ქრისტეს გზასა და ბარაბას გზას შორის. ახლა კვლავ ვართ არჩევანის წინაშე - არის ევროპული გზა, რომლისკენაც მოგვიწოდებს ევროკავშირი და არსებობს ივანიშვილი-კობახიძის გზა, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისაკენ. ძალიან მნიშვნელოვანია 20 ივნისს ქართველმა ხალხმა გამოხატოს ერთიანობა, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის მიმართ სრული თანადგომა და მხარდაჭერა. ევროპულ ოჯახში დაბრუნება ბრძოლის გარეშე ვერ მოხდება, აუცილებელია გაერთიანება და უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს ქვეყანას, ქვეყანას წარმოადგენს ქართველი ხალხი!“ - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირისგან საბოლოო უარის მიღება სურდა.
„ჩვენ ვირჩევთ ან ოლიგარქს, ან დასავლეთს, ჩვენ ვირჩევთ ან რუსეთს, ან ევროპას და ამერიკას. ძალიან მარტივია და ცხადზე ცხადია ეს ყველაფერი. დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პირდაპირ თქვა, სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის საქართველომ, ქართველმა ხალხმა უნდა გადადგას ნაბიჯი. როგორ? 20 ივნისს უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი. ამის შემდგომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ბევრი იმისთვის, რომ ჩვენ და ჩვენ შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩამოწერილია ყველა საკითხი: 19 აპრილი, სასამართლო, დეოლიგარქიზაცია და ა.შ. რამე ახალი გაიგეთ? ეს რეკომენდაციები კი არ არის, ამიტომ ჯერი ქართველ ხალხზეა, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე და ამატებს, - ამერიკა, ევროპა, დასავლეთი გვეუბნება: ა, ბატონო, შენ, ბოლო შანსი! კიაფობს კიდევ ეს შესაძლებლობა. ახლა ჯერი ჩვენზეა! 19 აპრილის შეთანხმება ჩვენ არ დაგვიტოვებია, თუ ვინმე უნდა დაბრუნდეს, „ქართული ოცნება“ უნდა დაბრუნდეს და მთავარი - საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულება ჯერ არ დასრულებულა, პირიქით, მოქმედებაშია. დამერწმუნეთ, რომ დღეს ყველაზე უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით არის „ქართული ოცნება“. ისინი ლამობდნენ, რომ ჩვენ ბოლომდე უარი მიგვეღო. ამას ვერ მიაღწიეს. ეს გზავნილი ევროპის მხრიდან ქართველი ხალხისთვის არის. გამოვფხიზლდეთ მეგობრებო, რა გვინდა ჩვენ - პუტინი გვინდა თუ დასავლეთი“.
პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, პირველ რიგში, უნდა აღიაროს პრობლემა და შემდგომ გამოასწოროს.
„დღევანდელი მოცემულობა, ის, რომ საქართველო "ასოცირებული ტრიოდან“, პრაქტიკულად, მოწყვეტილია, მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების“ დამსახურებაა! მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს და დანარჩენ "ოცნებას", რომ ერთ დროს "ასოცირებული ტრიოს“ ლიდერ საქართველოს ევროპა დღევანდელი მოცემულობით უყურებს, როგორც კანდიდატის სტატუსისთვის შეუსაბამო ქვეყანას! ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობაა, რასაც ქვეყნის და ხალხის წინაშე ვერ გაექცევით.
ჩვენ არაერთხელ გაგაფრთხილეთ, რომ გეღიარებიათ პრობლემები და აგეღოთ პასუხისმგებლობა ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებაზე. მიუხედავად ამისა, თქვენ ძალაუფლების შენარჩუნებაში მზად იყავით გადაგეხადათ ნებისმიერი ფასი და როგორც შედეგი, საქართველოს მოქალაქე დააყენეთ არჩევანის წინაშე - ან ივანიშვილი, ან ევროკავშირი. ამის მიუხედავად, ქართველი ხალხის ევროპულმა მისწრაფებებმა შედეგი გამოიღო - საქართველო და ქართველი ხალხი ევროკავშირმა არ მიატოვა და 2022 წლის ბოლომდე მისცა შანსი დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს“, - აცხადებს მეზვრიშვილი.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
საქართველო, ამ გადაწყვეტილების თანახმად, „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის ერთადერთი აღმოჩნდა, რომელთან დაკავშირებითაც ევროკომისიამ განსხვავებული რეკომენდაცია გასცა.
"ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების თაობაზე "ურთიერთგაგების მემორანდუმს" უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი 2021 წლის 17 მაისს კიევში მოაწერეს. იგი ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით ძალების გაერთიანებას გულისხმობდა.
2021 წლის 19 ივლისს სამივე ქვეყნის პრეზიდენტებმა - სალომე ზურაბიშვილმა, მაია სანდუმ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ - საქართველოში, პეტრას ციხეზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თანდასწრებით მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვით განაცხადეს, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრების მიზანი აერთიანებს.
დღეს კი ევროკომისიამ საქართველოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად, 12 მთავარი პირობის შესრულება დაავალა. მათ შორის, აიღოს და შეასრულოს “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულება, გააქროს რა გადაჭარბებული ზეგავლენა, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე.
ამასთან, საუბარია პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის დაძლევაზე, რაც გულისხმობს პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობას, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით.
საუბარია ასევე გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
ასევე თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შესაქმნელად გადასადგმელ ნაბიჯებზე, რაც უნდა გამოიხატოს იმაში, რომ "სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს" და ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ოპოზიციურ "ნაციონალურ მოძრაობას" და "მის სატელიტებს" ადანაშაულებდა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში.
თავის მხრივ, ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო. ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ.
ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართა, იმუშაონ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.
უკრაინაში ომის დაწყებამდე, "ქართული ოცნების" მთავრობა ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენას 2024 წელს აპირებდა.