Accessibility links

site logo site logo

ღირს თუ არა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შედარება - რეიტინგები და რეალური საზომები


"ქართული ოცნების" აქცია, 27.10.2022

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში "ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველო, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგით, უკრაინასა და მოლდოვაზე კარგი მაჩვენებლები აქვს, ევროპელებმა უსამართლოდ "დასაჯეს".

თუმცა, როგორც ბრიუსელში განმარტავენ, „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნების შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია არა ერთმანეთთან შედარების საფუძველზე, არამედ ინდივიდუალურად, კონკრეტულ ქვეყანასთან დაკავშირებული ტენდენციების მიხედვით.

ევროკომისიას ასევე პასუხი აქვს გაცემული მოარულ ეჭვებზე, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი, არა დამსახურების, არამედ ომის გამო ენიჭება.

  • რის საფუძველზე მიიღო ევროკომისიამ გადაწყვეტილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ უსამართლოდ მიიჩნევს?
  • რელევანტურია თუ არა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მაჩვენებლების ერთმანეთთან შედარება, რასაც „ოცნება“ აკეთებს?
  • როგორ გამოიყურება, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის ტენდენციები უკრაინასა და საქართველოში?

რეიტინგების მიღმა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეფასებით, უსამართლოა ევროპელების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, კონკრეტული პირობების შესრულებამდე. ბოლო დღეებში მმართველი გუნდის ლექსიკონში ფეხი მოიკიდა ასევე სიტყვამ - „დასჯა“.

ყოველწლიური ანგარიშის წარსადგენად პარლამენტში მისული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, 22 ივნისს, ხმაურიან სხდომაზე, დეპუტატებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საერთაშორისო რეიტინგების ერთმანეთთან შედარებას სთავაზობდა და ეს პროცესი მთავრობამ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზეც გააგრძელა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” (TI) აცხადებენ, რომ „საქართველოს მთავრობა ხშირად იყენებს საერთაშორისო რეიტინგების არასწორ ინტერპრეტაციას ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების დასამალად“.

ორგანიზაციის ყოველწლიური კვლევის - „კორუფციის აღქმის ინდექსი - 2021“-ის (CPI) * მონაცემების მიხედვით: საქართველო - 45-ე ადგილზეა, უკრაინა - 122-ე ადგილზე, ხოლო მოლდოვა - 105-ეზე.

TI-ის ინფორმაციით, როცა CPI-ის კვლევას იმოწმებდა, პრემიერ-მინისტრმა 22 ივნისს პარლამენტში თქვა, რომ საქართველო 2012 წელს 51-ე ადგილას იყო, ხოლო 2021 წელს 45-ე ადგილასაა, „თუმცა არ უხსენებია, რომ მთავარი განმსაზღვრელი ინდექსში მიღებული ქულაა“.

TI აცხადებს, რომ, ქულების მიხედვით - საქართველოს შემთხვევაში, წლების განმავლობაში, სტაგნაციის ტენდენცია შეინიშნება.

საქართველო, საერთო ქულებით, მართლაც უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, მაგრამ თუკი საქართველოს 2012 წელს, საუკეთესო 100 ქულიდან 52 ქულა ჰქონდა, 2021 წელს მისი მაჩვენებელი სულ 3 ქულით არის გაუმჯობესებული და 55 ქულას შეადგენს. TI-ის განმარტებით, მექრთამეობის წინააღმდეგ ეფექტიანი ძირეული რეფორმები 18 წლის წინ ჩატარდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, 2019 წელს, „სახელმწიფოს მიტაცება“ ქვეყანაში გამოხატული დემოკრატიული უკუსვლის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა.
„კორუფციის აღქმის ინდექსის“ ავტორები ამ ფაქტორს შემდეგნაირად ხსნიან:
„სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც, 55 ქულით, რეგიონში ლიდერობს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი“.

რამდენად სწორია ქვეყნების ერთმანეთთან შედარება?

17 ივნისს, როცა „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გამოცხადდა, გერმანიის მედიის წარმომადგენელმა ევროკომისიის პრეზიდენტს ჰკითხა - რატომ ჩაითვალა კორუფციასთან ბრძოლაში უკრაინის მიღწევები დამაკმაყოფილებლად, როცა, მაგალითად, აუდიტორთა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ანგარიშით, „ელიტური კორუფციის“ მიმართულებით, ქვეყანას 2016-2019 წლებში უკუსვლა ჰქონდა?

ურზულა ფონ დერ ლაიენმა შეკითხვის ავტორს უპასუხა, რომ ახალი მეთოდოლოგიით, ყურადღება ექცევა დინამიკას და ქვეყნების ინდივიდუალური ძალისხმევის ხარისხს:

„საერთო მეთოდოლოგია შეიცვალა, ვფიქრობ, 1,5 წლის წინ, 2 წლის წინ და ჩვენ მივიღეთ დინამიკა მეთოდოლოგიაში ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც განაცხადი აქვს გაკეთებული ევროკავშირის წევრობაზე.
ეს არის [ეს ადგენს - რთ], თუ გაქვს სწრაფი წინსვლა შეჯამებული ჯგუფების მიხედვით; მაგრამ შესაძლებელია იყოს ასევე უკუსვლა, შექცევადი პროცესი, როცა არ მოქმედებ და უკან იხევ. ეს [საზომი - რთ] მოქმედებს ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც განაცხადი შეაქვს ევროკავშირის წევრობაზე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მშვენიერი ამ პროცესისთვის, რადგან ეს აჩვენებს, რომ თავად ქვეყნის ხელშია - აგრძელებს პროგრესს, სტაგნაციაა თუ არის უკუსვლა.
კორუფციის თემას რაც ეხება, ეს არის თემა, ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ. უკრაინელი ხალხის მიერ ახალი ხელისუფლების არჩევის [2019 წელს აირჩიეს პრეზიდენტი ზელენსკი - რთ] მიზანი სწორედ კორუფციასთან ბრძოლა იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ დროთა განმავლობაში, და განსაკუთრებით ბოლო წლებში, პროგრესია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
თუკი გადავხედავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ [ანგარიშს - რთ] ბოლო 6 წლის განმავლობაში ... დიახ, უკრაინამ დაიწყო დაბალი მაჩვენებლით, მაგრამ მნიშვნელოვანია ტრაექტორია და ტრაექტორია არის დადებითი. გარკვეული ვარდნა იყო 2019-ში, მაგრამ შემდეგ, მათ ისევ გააგრძელეს [პროგრესი]“, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

თუკი ევროკომისიის მიერ მომზადებულ შეფასებებს გადავხედავთ, საქართველოსა და უკრაინას შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო განსხვავება, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის პროცესში, დამოუკიდებელი ინსტიტუციების შექმნას უკავშირდება.

ევროკომისიის შეფასებაში საქართველოს შესახებ წერია:

  • არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც იმუშავებდა ინტერესთა კონფლიქტზე, შეამოწმებდა დეკლარირებულ აქტივებს, პოლიტიკური პარტიების ხარჯებსა და ინფორმატორების დაცვას...
  • ქვეყანაში არ არსებობს სპეციალიზებული სამართალდამცველი, პროკურატურის სერვისები თუ სპეციალიზებული სასამართლოები, რომლებიც მუშაობენ მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. აუცილებელია გაკეთდეს მეტი გამოძიების გასაძლიერებლად ამ მიმართულებით.
  • ანტიკორუფციული ორგანო წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილს... საქართველოში ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე უარყოფითად აისახება ის ფაქტი, რომ კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული საბჭოს (უწყებათაშორისო საბჭო) სხდომა 2019 წლის შემდეგ არ გაუმართავს. 2021 წლის მდგომარეობით, საბჭოს სამდივნომ იუსტიციის სამინისტროდან გადაინაცვლა მთავრობის ადმინისტრაციაში და კვლავაც დაუკომპლექტებელია.
  • ჯერჯერობით არ არის შემუშავებული ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021-2022 წლებისთვის.

დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის შექმნის აუცილებლობაზე მრავალი წელია ლაპარაკობენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო საზოგადოება.

ევროკომისიის შეფასებებში უკრაინის შესახებ ვკითხლობთ:

  • 2014 წლის შემდეგ უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ითამაშეს საკვანძო მასტიმულირებელი როლი სპეციალიზებული ანტიკორუფციული ინსტიტუტების შექმნაში და კერძოდ - შეიქმნა ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU), სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (SAPO), კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტო (NAPC), ქონების დაბრუნებისა და მართვის სააგენტო (ARMA) და უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო (HACC).
  • ამ უწყებებს აქვთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ყოვლისმომცველი მანდატი და მუშაობენ სულ უფრო დამოუკიდებლად... გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ანტიკორუფციული სტრუქტურების დამოუკიდებელ მუშაობას.
  • უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო (HACC) 2019 წელს შეიქმნა მოსამართლეებისა და დასაქმებული პერსონალის გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის გზით, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ანტიკორუფციული დაწესებულებების მუშაობა და საერთო შედეგად მოიტანა კორუფციის საქმეების უფრო ეფექტიანი განხილვა.

კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, უკრაინას მიღწევად ეთვლება პრეზიდენტ ზელენსკის მიერ 2021 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ე.წ. ანტიოლიგარქიული კანონი.

ომის გამო?

კიდევ ერთი აქცენტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, აქტიურად სვამენ, უკრაინისა და მისი მოსაზღვრე მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის ომის გამო მინიჭებას და ასევე ომის არარსებობის მიზეზით საქართველოს „დასჯას“ უკავშირდება.

„თურმე, საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო? პირდაპირ, საჯაროდ თქვეს, პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში“, - თქვა 22 ივნისს, პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ომის გამო მიიღო თუ თავისი საქმით დაიმსახურა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი?

ეს შეკითხვა პირდაპირ დაუსვა ევროკომისიის პრეზიდენტს უკრაინელმა ჟურნალისტმა, ბრიუსელში.

ურზულა ფონ დერ ლაიენმა თავის გამოსვლაში მანამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინელების გმირობა დასაფასებელია და ეს ევროპული ქვეყანა მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს; მაგრამ სტატუსთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გაცემულ პასუხში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არა ომს, არამედ უკრაინის დამსახურებასა და პროგრესს ეფუძნება.

დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა ხაზგასმულია 23 ივნისს ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ კიდევ ერთ რეზოლუციაში. ტექსტში კიდევ ერთხელ ვკითხულობთ, რომ „საქართველოც უნდა გახდეს კანდიდატი აუცილებელი რეფორმების შესრულების შემდეგ“.

ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ზოგადად ევროკავშირის გაფართოების პროცესს ახალი ბიძგი მისცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტმა, თუმცა, მათი თქმით, ეს არ არის გაღებული მოწყალება, რადგან ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, საერთო ფასეულობების ერთგულია.

პრობლემების დაგროვება

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ჩამოთვალა უპირატესად საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები თუ არგადადგმული ნაბიჯები, რომლებმაც საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არასასურველ შედეგამდე მიიყვანა.

საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანდათან სულ უფრო მეტი პრობლემა რომ გროვდებოდა, ამაზე რადიო თავისუფლებასთან მუდმივად ლაპარაკობდნენ ექსპერტები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც მიმდინარე მოვლენებსა და საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებს ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს.

პრობლემურ საკითხებს შორის არის:

  • „ქართული ოცნების“ მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ცალმხრივი „ანულირება“, 2021 წლის ივლისში - „ოცნება“ აცხადებდა, რომ პროცესს იმის გამო გამოეთიშა, რომ დოკუმენტს თავის დროზე არ შეუერთდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ოპოზიციურმა პარტიამ დოკუმენტს სექტემბერში მოაწერა ხელი]. თუმცა „ოცნება“ ასევე აცხადებდა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დოკუმენტზე მათ მოტყუებით მოაწერინეს ხელი და, ასევე, ამ შეთანხმების მოთხოვნებს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გაჰყავდა ქვეყანა;
  • „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ვაკანტური ადგილების შევსებასთან დაკავშირებული მრავალი შენიშვნა. მათი განმარტებებით, ყველაფერი კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად ხდებოდა და საერთაშორისო პარტნიორები ითხოვდნენ იმას, რაც უკვე შესრულებულია;
  • „ქართული ოცნების“ მხრიდან მოხდა მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალი წესის იგნორირება საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომელსაც ასევე 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი „შარლ მიშელის შეთანხმება“ ითვალისწინებდა;
  • საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ არ დაისაჯნენ (დღემდე არ არიან დასჯილი) 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები. „ოცნება“ აცხადებს, რომ ჟურნალისტების ცემის გამო ათობით ადამიანი მოხვდა ციხეში;
  • 2021 წლის აგვისტოში, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირის მაკროსაფინანსო იაფი სესხის მორიგ ტრანშზე - 75 მილიონ ევროზე, არგუმენტად ეკონომიკის სწრაფად ზრდა დაასახელა. 21 სექტემბერს კი, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო იღებდა „აზიის განვითარების ბანკის“ 100-მილიონდოლარიან სესხს;
  • პრობლემა შექმნა ე.წ. სუსის ფაილების საკითხმა - ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სექტემბერში აღნიშნა, რომ ე.წ. სუსის ფაილებში დიპლომატების საუბრების მოხვედრა მეგობრული სახელმწიფოს ქმედებას არ ჰგავს და ამის გამო საქართველოს ელჩი ევროკავშირის შტაბბინაშიც იყო დაბარებული. „ოცნება“ აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ კიდევ დასადგენია, ვინ ჩაიწერა და გაავრცელა ეს ფაილები.
  • საერთაშორისო პარტნიორების შეკითხვები და ეჭვები უკავშირდება პატიმრებს - ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასა და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ევროპარლამენტის რეზოლუციაში გვარამიას განაჩენზე, „რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ მუდმივ უნდობლობას“, წამოყენებულია განაჩენის გადახედვის საკითხი; ხოლო სააკაშვილის შემთხვევაში ლაპარაკია ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირებაზე და მოთხოვნილია „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ საზღვარგარეთ მკურნალობა. ყველას, ვინც ამ საკითხებით ინტერესდება და მათ შორის - ევროპარლამენტარებსაც, „ქართული ოცნება“ „კრიმინალების მფარველებსა“ და საქართველოს ომში ჩართვის მსურველებს უწოდებს.

ყველა იმ პრობლემას, რომელიც, მათ შორის - პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლების მოქმედებებისა თუ უმოქმედობის შედეგად წარმოიშვა, თან ერთვოდა მწვავე დაპირისპირება საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლის შედეგადაც საქართველომ თითქმის ყველა კარგი მეგობარი „გაანაწყენა“ და იზოლაციის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

„ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები ბოლო ორი დღეა განსაკუთრებულად მწვავედ დაუპირისპირდნენ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ვეტო დაადო ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს. „ოცნება“ ამბობს, რომ ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება და დასძენს, რომ პრეზიდენტს ოპოზიციონერებისგან ვეღარაფრით ასხვავებს.

დაძაბულობა არ იკლებს

ევროკომისიის რეკომენდაციების ჩამონათვალში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოლარიზაციის დაძლევას უკავშირდება. თუმცა ბოლო დღეებში და განსაკუთრებით 22 ივნისს, პარლამენტში გამართული სხდომის შემდეგ, პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს ისევ „რადიკალურ ოპოზიციას” აბრალებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სხდომაზე ოპოზიცია „გიჟებივით და სამარცხვინოდ“ იქცეოდა და „ოცნებამ“ მხოლოდ პასუხი გასცა.

პრემიერ-მინისტრის პასუხი იყო ეპითეტები - „საცოდავი“, „არარაობა“, „სამკურნალო“, „მოღალატე“ და სხვა. დეპუტატებისთვის წლიური ანგარიშის ჩასაბარებლად მისულმა პრემიერმა დიდი დრო ისევ წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკს დაუთმო.

მწვავე წინააღმდეგობა იყო ოპოზიციის ნაწილის მხრიდანაც. დეპუტატების მიერ უმიკროფონოდ, ადგილიდან ნასროლი რეპლიკებისა და წინადადებების უდიდესი ნაწილი ტრანსლაციის მაყურებლებს არ ესმოდათ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროკავშირის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, დაიწყებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შესრულებას. ოპოზიციას დაპირების არ სჯერა.

იმის გამო, რომ მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე საქართველოს არ ენიჭება კანდიდატის სტატუსი, ვიდრე ყველა პირობას არ შეასრულებს, გაურკვეველი მომავლით შეწუხებული ათობით ათასი ადამიანი 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გავიდა. შემდეგი აქცია 24 ივნისისთვის დაიგეგმა.

*სტატია შესწორებულია 23 ივნისს:სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ბანერზე, რომელიც „კორუფციის აღქმის ინდექსი - 2021“-ის (CPI) მაჩვენებლებს ასახავს, დაშვებული იყო შეცდომა და 45-ის ნაცვლად, 41 ადგილი იყო მითითებული. სამთავრობო ბანერი ასახავდა არა „კორუფციის აღქმის ინდექსი - 2021“-ის მონაცემებს, არამედ „გლობალური კორუფციის ინდექსის“ (GCI) მაჩვენებლებს და ამ რეიტინგში საქართველოს მართლაც 41-ე ადგილი უჭირავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG