Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს ჯერ არა - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 ივნისს


გადაწყვეტილება მიღებულია: კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინას, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა

ბრიუსელში, ევროკავშირის ისტორიულ სამიტზე უკრაინამ და მოლდოვამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. საქართველომ ჯერ ვერა.

„ევროპულმა საბჭომ ეს წუთია გადაწყვიტა, რომ მისცეს კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. ეს ისტორიული მომენტია. დღეს იწყება თქვენი უმნიშვნელოვანესი სვლა ევროპისკენ“, - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზე, გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

ხოლო საქართველოს შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შარლ მიშელმა ქართულად (და ინგლისურად) დატვიტა.

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - წერს ის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირადად მიულოცა წევრობის კანდიდატ ორივე ქვეყნის ხალხს. საკუთარ მოქალაქეებს გადაწყვეტილება მოულოცეს მაია სანდუმ და ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

სამიტის პირველი დღე ბრიუსელში პრესკონფერენციით დასრულდა, სადაც ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვეტილება შეაჯამეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ მიღებული გადაწყვეტილება იქნება სასარგებლო სამივე ქვეყნისთვის, რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

წაიკითხე მეტი რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

„შინ ევროპისკენ“ - მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას გამართავს

დღეს, 24 ივნისს რუსთაველის გამზირზე მოძრაობა „სირცხვილია“ ისევ აქციით ბრუნდება.

„სირცხვილია“ აღნიშნავს, რომ მას ხელისუფლების არ სჯერა და აპირებს „დეოლიგარქიზაციის“ მიზნით სამოქმედო გეგმა გამოაცხადოს.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა გუშინ, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართული დივერსია განახორციელა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

"22 ივნისსაც კი, ევროპის ლიდერებს, რომლებსაც გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, შეურაცხყოფას აყენებდა პრემიერი და სიძულვილის ენას იყენებდა მათ მიმართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ევროპელებმა გვითხრეს, რომ ჩვენი დაახლოება და ევროინტეგრაცია არ არის რომელიმე ხელისუფლების დამსახურება, არამედ ხალხის დამსახურებაა. 20 ივნისიც იყო ის დღე, როცა ქართველი ხალხი დადგა ერთად. მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, ამაღლდა ყველაფერზე, რაც მათ განასხვავებდათ და 9 აპრილის მერე ყველაზე მასშტაბური შეკრება მოაწყო რუსთაველზე. ეს სულისკვეთება გაგრძელდება და 24 ივნისს 20:00 საათზე ყველანი შევიკრიბებით პარლამენტის წინ, რათა გავაჟღეროთ მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ და უზრუნველვყოთ ის, რომ საქართველო კვლავ გახდეს ლიდერი ევროინტეგრაციის გზაზე“, - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

თვალი ადევნე სიახლეებს რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ზალპური ცეცხლის ამერიკული სისტემები უკრაინაში ჩავიდა

ამერიკული წარმოების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული, HIMARS-ის ტიპის სისტემების პარტია უკრაინაში ჩავიდა, ამის შესახებ ტვიტერით ცნობა გაავრცელა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა.

მან მადლობა უთხრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს, "ამ მძლავრი იარაღისთვის“. HIMARS-ს მიზნის დაზიანება შეუძლია 80 კილომეტრის მანძილზე, რაც რუსეთის ზალპური ცეცხლის სისტემების მოქმედების რადიუსზე მეტია.

წაიკითხე მეტი.

Pew Research: პუტინი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერი გახდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერი გახდა. Pew Research Center-ის მიერ თვრამეტ ქვეყანაში, პოლონეთიდან ვიდრე ავსტრალიამდე, ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 9% ეკიდება დადებითად რუსეთის პრეზიდენტს; გამოკითხულთა 90%-ისთვის კი პუტინის პოლიტიკა სრულიად მიუღებელია.

ოცი წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ეს არის პუტინის საერთაშორისო მხარდაჭერის მაქსიმალური ვარდნა. საზოგადოებრივი აზრი არ არის შესწავლილი რუსეთში.

მაგალითისთვის, აშშ-ში პუტინს დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 6% აფასებს, ხოლო 77% უკიდურესად უარყოფითად არის განწყობილი მის მიმართ. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 14 და 85 პროცენტს შეესაბამება.

წაიკითხე მეტი.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ლიდერების ვიზიტები - ვინ რა მოასწრო?

უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი ომის დაწყებიდან ხუთ დღეში, 28 თებერვალს გააკეთა. 3 მარტს ევროკავშირს იმავე განაცხადებით მიმართეს საქართველომ და მოლდოვამაც. ოთხი თვის თავზე მოლდოვა და უკრაინა წევრობის კანდიდატები არიან. საქართველოს კი 12 მოთხოვნა აქვს შესასრულებელი კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ თქვა, რომ მას ჰქონდა „აქტიური საგარეო პოლიტიკა“ და „ძალიან ბევრი ვიზიტი“ განხორციელდა.

„დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას”, - ამბობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 6 ივნისს.

რადიო თავისუფლებამ გაიხსენა, განაცხადის გაკეთებიდან დღემდე კანდიდატობის მსურველი ქვეყნების ლიდერებმა რამდენი საერთაშორისო ვიზიტი გამართეს, ვისთან და სად.

წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

საქართველოს პარლამენტის არქივის დირექტორმა ირაკლი იაკობაშვილმა ორიოდე დღის წინ თავის ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა ძველ კინოფირზე აღბეჭდილი უნიკალური ვიდეო, რომელიც ასზე მეტი წლის წინ, 1918 წელს ტრაპიზონშია გადაღებული. ვიდეო ახლახან იპოვეს ინტერნეტში - ირაკლი იაკობაშვილი მას დიდხანს ეძებდა. კინოფირის დედანი, სავარაუდოდ, თურქეთის არქივებში უნდა იყოს დაცული და ირაკლი იაკობაშვილს იმედი აქვს, რომ მასაც მალე მიაკვლევს.

ვიდეოზე ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის ვიზიტია აღბეჭდილი. ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელებისგან შემდგარ დელეგაციას აკაკი ჩხენკელი მეთაურობს. ისინი ოსმალეთის ხელისუფლებას ხვდებიან სამშვიდობო მოლაპარაკების მიზნით.

ამ შეხვედრამ მაშინ ბევრი რამ გადაწყვიტა. მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაც.

კადრებში ქართული დელეგაციის მამაკაც წევრებთან - აკაკი ჩხენკელთან, გიორგი ლასხიშვილთან, გიორგი გვაზავასთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან, ჰაიდარ-ბეგ აბაშიძესა და სხვებთან ერთად მოჩანს ამ დელეგაციის წევრი ქალიც, რუსუდან მიქელაძე, პირველი ქართველი დიპლომატი ქალი, როგორც მას ირაკლი იაკობაშვილი უწოდებს.

ისტორიის ეს ოთხწუთ-ნახევარი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების ამსახველ იმ ერთსაათიან ვიდეომასალას მიემატა, რომელიც ჩვენამდეა შემონახული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG