საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე და მეექვსე ტურის შეხვედრების წინ, თბილისში გადის საწვრთნელ შეკრებას.
1 ივლისს უკრაინასთან და 4 ივლისს ესპანეთთან გასამართი მატჩებისა და ევროპის მოახლოებული ჩემპიონატის სამზადისის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ.
ილიას ზუროსმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საკუთარი კედლების და გულშემატკივრის ფაქტორი უდიდესი სტიმული იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.
„ძალიან მიხარია, რომ ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს თბილისი უმასპინძლებს. ამ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას მაქსიმალურად მომზადებულები უნდა შევხვდეთ და ქართველ გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება უნდა მივანიჭოთ. მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად“, - თქვა ილიას ზუროსმა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრებისთვის გუნდი ჯერ ვერ ემზადება სრული შემადგენლობით. თად მაკფადენი და თორნიკე შენგელია საწვრთნელ პროცესს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან. გოგა ბითაძე კი სრული დატვირთვით 27 ივნისიდან ივარჯიშებს.
გიორგი შერმადინმა თბილისში 4 ივლისს გასამართ მატჩზე ისაუბრა. საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ესტუმრება და ამ დაპირისპირებით გაიხსნება სპორტის ახალი სასახლე.
„ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე გვაკლდნენ. ახლა ორივე ითამაშებს და... დარწმუნებული ვარ, ესპანელები ამის გამო ძალიან ნერვიულობენ. მჯერა, ქართველი გულშემატკივარი ტრიბუნებს გაავსებს და ყველა ერთად ვიზეიმებთ წარმატებას“, - უთხრა გიორგი შერმადინმა ჟურნალისტებს.
ვლადიმერ ბოისას განცხადებით, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრების შემდეგ, აგვისტოში შვიდ ამხანაგურ თამაშს გამართავს, ევრობასკეტისთვის მოსამზადებლად. აქედან ხუთი ღია შეხვედრა იქნება და ორი დახურული. 5 და 6 აგვისტოს ქართველი კალათბურთელები უნგრეთის ნაკრებს შეხვდებიან. 11-13 აგვისტოს ისრაელთან შედგება ორი მატჩი. 17-19 აგვისტოს კი ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი აკროპოლისის თასზე მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოს გარდა ითამაშებენ თურქეთის, საბერძნეთისა და პოლონეთის ნაკრებები.
დაწერეთ კომენტარი