Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი ფინეთისა და შვედეთისგან შესაძლო საფრთხეებს "სარკისებურად უპასუხებს"


პრეზიდენტი პუტინი უსაფუძვლოს უწოდებს ნატოს განცხადებას, რომ ალიანსის გაფართოებასთან ბრძოლამ რუსეთს უკუეფექტი მოუტანა.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე, პუტინის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ნატოს უარი ეთქვა ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნატოში შესვლა გადაწყვიტეს ფინეთმა და შვედეთმა. 2022 წლის 29 ივნისს, მადრიდის სამიტზე, ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვიეს.

„ჩვენ არ გვაქვს შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები, როგორიც, სამწუხაროდ, უკრაინასთან. ჩვენ არ გვაქვს არც ტერიტორიული საკითხები და დავები და არაფერი ისეთი, რაც შეიძლება გვაღელვებდეს ნატოში ფინეთის ან შვედეთის გაწევრების თვალსაზრისით. ნუ, თუ უნდათ - კი, ბატონო“, - უთხრა პუტინმა თანმხლებ ჟურნალისტებს აშხაბადში, სადაც 29 ივნისს დაესწრო კასპიის რეგიონის ქვეყნების ლიდერთა სამიტს.

ამასთან, პუტინის განცხადებით, ფინეთმა და შვედეთმა "ნათლად უნდა წარმოიდგინონ, რომ ადრე მათთვის არანაირი საფრთხე არ არსებობდა, მაგრამ ახლა, სამხედრო კონტინგენტების და ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში", რუსეთი იძულებული იქნება, "სარკისებური პასუხი გასცეს და შექმნას ისეთივე საფრთხეები ტერიტორიებისთვის, საიდანაც საფრთხე მომდინარეობს“ რუსეთისთვის.

29 ივნისს, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მადრიდის სამიტზე მხარი დაუჭირეს ახალ სტრატეგიულ კონცეფციასაც, რომლის თანახმად, ნატო რუსეთს განიხილავს უკვე არა პარტნიორად, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ მოკავშირეთა უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის.

XS
SM
MD
LG