რუსეთის სამხედროებმა დაიწყეს უკრაინის სამხრეთში თავიანთი თავდაცვითი პოზიციების გაძლიერება და იქ დამატებითი ძალებისა და სამხედრო ტექნიკის შეყვანა. ეს ხდება უკრაინის პოლიტიკოსების უკანასკნელი განცხადებების ფონზე, რომ მიმდინარეობს მზადება იერიშისთვის და ქვეყნის სამხრეთი რეგიონების დეოკუპაციისთვის. ამის შესახებ ლაპარაკია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ბიულეტენში.
„საქმე ეხება ცოცხალი ძალის, ტექნიკისა და თავდაცვითი მარაგის გადაადგილებას მარიუპოლს, ზაპოროჟიესა და ხერსონს შორის. რუსეთის ძალები მელიტოპოლშიც აძლიერებენ უსაფრთხოების ზომებს,“ ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მიმოხილვაში. მასში აღნიშნულია, რომ უკრაინის ძალები უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც აქტიურ გავლენას ახდენენ რუსეთის ჯარების თავდაცვით ხაზზე ხერსონის ოლქში. გარდა ამისა, რამდენიმე დარტყმა მიაყენეს ობიექტებს რუსეთის ჯარების ზურგში. მათ შორის ყველაზე ცნობილია იერიში ნოვაია კახოვკაზე, რის შედეგადაც, უკრაინის მხარის ცნობით, განადგურდა რუსეთის საბრძოლო მასალის საწყობი. რუსეთის სამხედროების თქმით, იქ აზოტის სასუქი ინახებოდა. ორივე მხარე იტყობინება ძლიერი ნგრევის შესახებ აფეთქებების გამო, რომლებიც თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოებით დასტურდება. იტყობინებოდნენ ასევე დარტყმებზე სამეთაურო პუნქტებზე და რუსეთის რამდენიმე მაღალი რანგის სამხედროს დაღუპვაზე. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ დასტურდება ღია წყაროებით.
„სამხრეთის გამაგრება დონბასში შემდგომი ბრძოლის ფონზე, სავარაუდოდ, მეტყველებს სერიოზულობაზე, რომლითაც ეკიდება საფრთხეს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა,“ ასკვნიან ბრიტანეთის დაზვერვაში.
უკრაინის წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ ზაფხულში, უნდა დაიწყოს კონტრიერიში ქვეყნის სამხრეთ რაიონების - ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილების - გასათავისუფლებლად, რომლებზეც რუსეთმა დაამყარა კონტროლი უკრაინაში შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ, თებერვალ-მარტში.
ამჟამად ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები კვლავაც წარმოებს დონეცკის ოლქში, სადაც რუსეთის ჯარები ცდილობენ ჩრდილოეთიდან შეტევას სლავიანსკზე და დასავლეთიდან - სოლედარსა და ბახმუტზე.