Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ყოფილ თანაპარტიელებზე: დეპუტატის კითხვა აშშ-ის ელჩისთვის შეურაცხყოფაა?


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიმართ დასმული კითხვის უპასუხოდ დატოვებამ საზოგადოებაში გაურკვევლობა გააჩინა. პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გასული დეპუტატების შესახებ ირაკლი კობახიძემ რეგიონებში პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"კითხვები დაისვა დეპუტატების მხრიდან, ამაზე პასუხი არ გაიცა საელჩოს მხრიდან. ბუნებრივია, საზოგადოება არის უკვე გაურკვევლობაში... ელჩს რომ ეთქვა, ასეთი რამ არ მომხდარა ან მოხდა და მიუღებელიაო, დამთავრდებოდა ყველაფერი... როდესაც დეპუტატი კითხვას სვამს ელჩის მიმართ, ეს არის შეურაცხმყოფელი? სახელმწიფო ვართ თუ რა ვართ? დეპუტატს არ აქვს უფლება ელჩს კითხვით მიმართოს? თქვენ თუ ეს კითხვა გაქვთ - მაშინ ჩვენს ქვეყანას სახელმწიფოდ არ აფასებთ..." - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო ხანს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზე. ეს პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მანამდე კი, ევროპარლამენტმა დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

ომში ჩართვის კონტექსტში აშშ-ის ელჩის სახელი არაერთხელ მოიხსენიეს "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, რომლებმაც მიზნად გამოაცხადეს კულუარულად მიმდინარე პოლტიკური პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს, გამოაქვეყნა წერილი, რომლის თანახმად, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს მიზანი დღესაც აქტუალურია, თუმცა, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა, თუმცა, უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება.

ივანიშვილის განცხადებითვე, დღეს, როცა ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება მეტწილად გადაიტანოს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს, მისი თხოვნით შეხვდა 21 მარტს. ივანიშვილმა არ დაასახელა დეგნანთან შეხვედრის საფუძველი და შინაარსი.

28 ივლისს, სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ყოფილა ომში საქართველოს ჩართვაზე.

XS
SM
MD
LG