პუტინის ახალი დოქტრინა და "ახალი გამყოფი ხაზი" შავ ზღვაზე
უკრაინაში შეჭრიდან 5 თვეში და 3 თვეში მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა, შავ ზღვაში, რუსეთს ეროვნული სიამაყე - ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" ჩაუძირეს, ვლადიმირ პუტინი რუსეთისთვის „დიადი საზღვაო სახელმწიფოს“ ტიტულსა და თამაშის ახალ წესებზე იწყებს საუბარს.
ამ მიზნით რუსეთის პრეზიდენტმა ახალი საზღვაო დოქტრინა შეიმუშავა და ჩამოაყალიბა გეოპოლიტიკური ინტერესები:
- „რუსეთის ფედერაციისთვის დიადი საზღვაო სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნება“.
- „რუსეთის ფედერაციისთვის გლობალურ სატრანსპორტო კომუნიკაციებზე გარანტირებული წვდომის უზრუნველყოფა“.
- საკუთარი ეროვნული ინტერესების გარანტირებული უზრუნველყოფისა და დაცვისთვის მსოფლიო ოკეანის პრიორიტეტული ზონების განსაზღვრა.
ახალ დოქტრინაში შავი ზღვა „მნიშვნელოვან ზონად“ არის დასახელებული. ეს „ზონა“, დართული განმარტების მიხედვით - გავლენას ახდენს რუსეთის „ეკონომიკურ განვითარებაზე“, „მოსახლეობის მატერიალურ კეთილდღეობაზე“, ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოების მდგომარეობაზე“ და ასევე „სახელმწიფოს სტრატეგიული და რეგიონული უსაფრთხოების დაცვაზე“.
წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.
პელოსი ტაივანში ჩავიდა და გამოხატა აშშ-ის სოლიდარობა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სამშაბათს ტაივანში ჩავიდა ვიზიტით, რომლის მიზანიც, მისი თქმით, აშშ-ის სოლიდარობის გამოხატვაა ამ კუნძულის მიმართ - რომელზეც ჩინეთი გამოთქვამს პრეტენზიას. ეს პირველი მაღალი რანგის ვიზიტია ბოლო 25 წლის განმავლობაში, და მან, შესაძლოა, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს.
პელოსის და მის თანმხლებ დელეგაციას ტაიბეიში დახვდნენ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯოზეფ ვუ და ტაივანში აშშ-ის მთავარი წარმომადგენელი, სანდრა ოდკირკი.
"ჩვენი კონგრესის დელეგაციის ტაივანში ვიზიტი პატივს მიაგებს ამერიკის ურყევ პირობას მხარი დაუჭიროს ტაივანის დინამიკურ დემოკრატიას", - თქვა პელოსიმ თვითმფრინავის დაშვებიდან მალევე. "ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი ამერიკის სოლიდარობა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს - როცა მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა" - დასძინა მან.
ტაივანის სრუტის თავზე გუშინ ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდა პელოსის ჩასვლამდე, და ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სახალხო გათავისუფლების არმია სამშაბათიდან კვირის ჩათვლით ტაივანთან ახლოს წვრთნებს ჩაატარებს.
წაიკითხე მეტი.
ომი უკრაინაში - სარაკეტო იერიში ლვოვის რეგიონში
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ცნობით, გუშინ საღამოს უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რვიდან შვიდი ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც მოწინააღმდეგემ გაისროლა უკრაინის ცენტრალური, სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებისკენ.
"2 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, დამპყრობლებმა დაიწყეს სარაკეტო იერიში კასპიის ზღვის ტერიტორიიდან. გამოყენებულ იქნა სტრატეგიული ბომბდამშენები Tu-95 (Tu-160). საერთო ჯამში, X-101 (X-555) ტიპის რვა საკრუიზო რაკეტა გაისროლეს უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინის ცენტრალური, სამხრეთ და დასავლეთ რეგიონების მიმართულებით. რვა რაკეტიდან შვიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. სამწუხაროდ, ერთი რუსული რაკეტა ლვოვის რეგიონში მიზანს, საზენიტო სარაკეტო სისტემას, მოხვდა. ზარალისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ზუსტდება", - ნათქვამია უკრაინის სარდლობის ანგარიშში.
ომის პირობებში მყოფმა უკრაინამ გუშინ მარცვლეულის პირველი პარტია გაუშვა ექსპორტზე გემით, რომელიც თურქეთის პორტში სამშაბათს მშვიდობიანად შევიდა. ხომალდმა, რომელსაც 26 ათასი ტონა სიმინდი გადაჰქონდა, ოდესა 1 აგვისტოს დილით დატოვა და გეზი ლიბანის პორტ ტრიპოლისკენ აიღო.
აშშ-მა და კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვეს
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი რაუნდი დააწესა და სიას დაამატა რამდენიმე მსხვილი რუსი ბიზნესმენები და კომპანია, მათ შორის მაგნიტოგორსკის რკინისა და ფოლადის კომბინატი (MMK) და მისი რიგი შვილობილი სტრუქტურა, მათ შორის ფონდი Skolkovo.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები დაწესებულია რუსული ელიტის წევრებისა და ეკონომიკური სექტორის იმ კომპანიების მიმართ, რომლებსაც რუსეთის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვთ.
სანქციების სიაში ასევე მოხვდა ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელსაც აშშ-ის ხაზინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფს უწოდებს. მანამდე კაბაევას წინააღმდეგ სანქციები დააწესეს კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ.
საბჭოთა MИ-8-ს გარდა რა ვერტმფრენები გვყავს სამაშველო ოპერაციებისთვის
29 ივლისს გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენის ჩამოვარდნამ და მისი 8-კაციანი ეკიპაჟის დაღუპვამ განაახლა დისკუსია იმის შესახებ, საკმარისი და საკმარისად გამართული ვერტმფრენები აქვს თუ არა სახელმწიფოს.
ასეთი დისკუსია იყო 2015 წელს, ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობისას და 2017 წელსაც, როდესაც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეზობელი ქვეყნებიდან დაგვჭირდა ვერტმფრენების ჩამოყვანა.
მფრინავების, მაშველების და სასწრაფოს ეკიპაჟის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში შინაგან საქმეთა მინისტრმა ისე დატოვა, რომ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას. მედიას აინტერესებდა, აპირებს თუ არა სახელმწიფო ახალი სამაშველო ვერტმფრენების შეძენას. ვახტანგ გომელაურმა მხოლოდ ის თქვა, რომ მძიმეა გამოცდილი თანამშრომლების დაკარგვა და სახელმწიფო შეეცდება გარდაცვლილების ოჯახებს ტკივილი შეუმსუბუქოს.
სამაშველო სამსახურს საკუთარი ვერტმფრენი არ ჰყავს და საგანგებო მდგომარეობების დროს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენებს იყენებს. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სასაზღვრო პოლიციას 12 შვეულმფრენი და 2 თვითმფრინავი ჰყავდა. უწყებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში მითითებული არ აქვს ამ საფრენი მოწყობილობების დასახელებები. უცნობია ისიც, ამ 12 შვეულმფრენიდან რამდენია გამართული.
წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.
თუკი ერთმანეთს შევადარებთ თანხას, რომელიც საქართველომ რუსულ ნავთობში 2022 წლის პირველ ნახევარში გადაიხადა, წინა წლის ამავე პერიოდთან, აღმოჩნდება, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავზე საქართველომ წელს 208%-ით მეტი დახარჯა და 77%-ით მეტი პროდუქტი შემოიტანა.
გაიგე მეტი გვანცა ნემსაძის სტატიიდან.
დაწერეთ კომენტარი