Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინიკის დირექტორის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ექიმს პატიმრობა შეეფარდა


განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ექიმი
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ექიმი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კლინიკა "კანვენის" ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. კლინიკის დირექტორის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე განჩინება მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა დღეს, 8 აგვისტოს.

სასამართლო სხდომაზე პირველად ისაუბრა ბრალდებულმა თეიმურაზ ბეჟანიძემ.

"კუთხეში გავისროლე. ამ დროს ადგა თუ არ ვიცი და მხარში მოხვდა. მე რომ მისი მოკვლა მდომოდა, პირისპირ ვიყავით, არ ავაცილებდი. მე გული სად არის და თავი სად არის, ექიმმა კაცმა ვიცი და იმას მე არ ავაცილებდი. ყოფილი ოფიცერი ვარ, იარაღიც მესმის. ეს არ მქონდა განზრახული, მოხდა შეშინების მიზნით, რომ მან სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა. კონდიციონერის პულტი არ მივეცი და ამაზე განაწყენდა... 25 წელი ერთად ვმუშაობდით, როგორც შვილი, ისე მყავდა. ჩემს ხელში გაზრდილია", - უთხრა მან მოსამართლეს.

სასამართლო პროცესი
სასამართლო პროცესი

იმის მიუხედავად, რომ ბრალდებული 80 წლის კაცია და ამ დრომდე არ ყოფილა ნასამართლევი, მოსამართლე მისთვის სხვა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას არ დათანხმდა.

"მე რამ მინდა, ბატონო თეიმურაზ, გითხრათ. მე მესმის თქვენი ასაკი. მე ძალიან მიჭირს ამხელა პასუხისმგებლობა... მე მესმის, რომ ნასამართლევი არ ხართ. რამ გამოიწვია, ამას გამოძიება დაადგენს. გამოძიება დაადგენს და სასამართლო იმსჯელებს იმ ფაქტზე... დღეს თქვენ ბრალი წარდგენილი გაქვთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში...

ამ ეტაპზე ვერც მე და ვერც სხვა მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა... დაზარალებული გამოჯანმრთელდება. თქვენი ასაკიდან, თქვენი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, [შეიძლება] საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს... უკაცრავად, მე ამ ეტაპისთვის სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი", - უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.

ეს არ ნიშნავს, რომ დაკავებული ექიმი დამნაშავედ ცნეს. მისთვის შეფარდებული პატიმრობა არის აღკვეთის ღონისძიება შემდეგ სასამართლო სხდომამდე. წინასასამართლო სხდომა 20 სექტემბერს გაიმართება.

5 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ "კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" ("კანვენის") ექიმმა კლინიკის დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით - ამ მუხლით განზრახ მკვლელობის მცდელობა ისჯება ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა 6 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს 1942 წელს დაბადებული ექიმი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი - 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა", - აღნიშნავდა შსს-ს პრესსამსახური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG