Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის წასვლისა და ივანიშვილის მოსვლის ალბათობა - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 აგვისტოს


სააკაშვილის წასვლა, ივანიშვილის დაბრუნება - რას ნიშნავს და რამდენად შესაძლებელია?

სააკაშვილი დამაჯერებლად უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ხოლო ივანიშვილი ოფიციალურად უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში - ეს არის სამიდან ორი აუცილებელი პირობა, რომელთა შესრულების გარეშეც, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ დეპუტატები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას ვერ ხედავენ.

მათი ლოგიკა ასეთია: ამ ნაბიჯების გადადგმის გარეშე ვერ შესრულდება ევროკომისიის 12-პუნქტიანი ჩამონათვალის ორი მთავარი პირობა - დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ და, შესაბამისად, პრობლემა შეექმნება კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიერ წინა კვირას, 4 აგვისტოს გახმაურებული ინიციატივის კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა - საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება და, შესაბამისად, საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირება, რათა მომავალ პარლამენტში, ორი პოლუსის გარდა, ბევრი პარტია მოხვდეს.

ამ ეტაპზე სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე უფრო მკაფიო განცხადებები კეთდება, ვიდრე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, თუმცა არც მიხეილ სააკაშვილს გაუჟღერებია ეს გადაწყვეტილება პირადად. ამაზე მხოლოდ მისი ოჯახი და ადვოკატები საუბრობენ.

როგორ და რა დროში წარმოუდგენიათ დეპუტატებს წამოყენებული პირობების შესრულება? რამდენად რეალისტურად გამოიყურება სააკაშვილის წასვლა და ივანიშვილის დაბრუნება? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ერთი ომის ორი თარიღი

8.08.08 - ეს მარტივად დასამახსოვრებელი თარიღი სინამდვილეში რუსეთის პროპაგანდის პირმშოა აგვისტოს ომის შესახებ. ქართული დაზვერვის ინფორმაციითა და მედიაში მაშინ გამოქვეყნებული მასალებით ცხადი ხდება, რომ საქართველოში რუსეთის [არამშვიდობისმყოფელი] ჯარი 7 აგვისტოს გამთენიისას შემოიჭრა. ომიც 7 აგვისტოს დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინწინ, 7 აგვისტოს შეამკო ყვავილებით გარდაცვლილი ჯარისკაცების მემორიალი. 7 აგვისტოს მიიღო საქართველომ მეგობარი ქვეყნებისგან ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი გზავნილებიც.

ღამით ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 8 აგვისტოს ეძღვნებოდა და არა შვიდს. ღარიბაშვილმა დაღუპული გმირების საფლავებიც სწორედ 8 აგვისტოს მოინახულა.

„მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი, 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საკითხი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აქ 8 აგვისტოს ამოდიოდნენ“, - უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას: „რატომ მიდის მმართველი გუნდი მუხათგვერდის სასაფლაოზე 8 აგვისტოს?“

„მე გეტყვით მთავარს: ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ჩვენი სამხედროები“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული რუსეთის მიერ ოკუპირებულია

პრემიერ-მინისტრის ფეისბუკპოსტი 8 აგვისტოს შესახებ კიდევ ერთი მიზეზით გახდა კრიტიკის საფუძველი საზოგადოების მხრიდან. განცხადებაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაწერა, რომ „14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპაცია 90-იანი წლებიდან დაიწყო, 1991-1992 წლებში ცხინვალის ომით და 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომით.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გუშინ ამ კრიტიკას უპასუხა და თქვა, რომ 2008 წელს აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი „დაიკარგა“.

"შეიძლებოდა პასუხის გარეშე დაგვეტოვებინა, მაგრამ, უბრალოდ, ვერ მოვითმინე, რომ პასუხის გარეშე დავტოვო. ვფიქრობ, რომ თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის, ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში რა და როდის ხდებოდა, მაგრამ თქვენ, ჩვენ უბრალოდ ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დავმალავთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - კოდორის ხეობა ზუსტად ამ პერიოდში დაიკარგა, ხომ? გმადლობთ!" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

წაიკითხე მეტი.

რუსი სამხედროები მზად არიან, ააფეთქონ ზაპოროჟიეს დანაღმული ატომური ელექტროსადგური - "ენერგოატომი"

უკრაინის სახელმწიფო საწარმო "ენერგოატომის" ცნობით, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს დანაღმული ატომური ელექტროსადგურის აფეთქებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

"რუსები არ მალავენ თავიანთ გეგმებს და უკვე ღიად აშანტაჟებენ მთელ მსოფლიოს, აცხადებენ ზაპოროჟიეს აეს-ის დანაღმვისა და მისი აფეთქების მზადყოფნის შესახებ. თავის განცხადებაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილიევმა, რომელიც ამჟამად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარნიზონის მეთაურიცაა, თქვა ასეთი რამ: "აქ ან იქნება რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო", - ნათქვამია "ენერგოატომის" მიერ ტელეგრამით გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის და სად გაკეთდა ეს განცხადება.

გასულ კვირაში, უკრაინული კომპანია "ენერგოატომის" ცნობით, თავდასხმის გამო ავარიულად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მედვედევი: საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთისნაირ სახელმწიფოს ვერ დაუპირისპირდება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი სააგენტო "ტასსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ეჭვი არ ეპარებოდა და არც ახლა ეპარება, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის არმიის შეყვანის გადაწყვეტილების სისწორეში. ამასთან, ის უკრაინაში შეჭრასაც ამართლებს.

„სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინაში, ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა რუსეთს არჩევანი არ დაუტოვეს, კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პროცესის ჩაშლით და ჩვენ გააზრებულად წავედით სამხედრო ჩარევაზე“, - განაცხადა მან.

ინტერვიუში მედვედევმა საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "სისხლიანი სულელი", "შეშლილი ფრიკი" და "მუყაოს ყეყეჩი" უწოდა.

მისივე სიტყვებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთის ძლევამოსილი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირებაში არ ჩაერთვება.

წაიკითხე მეტი.

ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი თანამდებობის დატოვებაზე: ორმხრივი გადაწყვეტილებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯერ კიდევ მოქმედი დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება ჯანდაცვის მინისტრისა და მისი "ორმხრივი გადაწყვეტილება" იყო. ეს არის ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იგი პოსტიდან მიდის.

"ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა, აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, გარდამავალი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ მე დავტოვებ პოსტს... [პოსტის დატოვება] ორმხრივი გადაწყვეტილება იყო", - უთხრა ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებს.

წაიკითხე მეტი.

რეჟისორმა მიხალკოვმა ციხის მწამებელი გმირად წარმოაჩინა

8 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო არხ "როსია 1"-ის საინფორმაციო პროგრამაში უჩვენეს ნაწყვეტი რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის სატელევიზიო გადაცემიდან, უკრაინაში დაღუპული პატიმრის შესახებ.

კონსტანტინ ტულინოვი, რომლის "გმირობას" მიუძღვნა თავისი გადაცემა "ბესაგონ-ტვ" კრემლის ფავორიტმა რეჟისორმა, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა უკრაინის ომში მოხალისედ წასვლის სანაცვლოდ. მიხალკოვის გადაცემით რუსეთმა პირველად აღიარა, რომ უკრაინაში საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად შეიარაღებული ძალები პატიმრებს ქირაობს.

ივლისის დასაწყისში, საგამოძიებო პროექტი „ვაჟნიე ისტორიი“ იტყობინებოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ დაიწყო პეტერბურგის კოლონიის მსაჯავრდებულთა გადაბირება. საპატიმროდან გასათავისუფლებლად მათ ხელი უნდა მოეწერათ კონტრაქტისთვის და უკრაინაში საომრად წასულიყვნენ.

ჯარისკაცად ქცეული პატიმრის ბიოგრაფიაზე საუბრის დროს მიხალკოვს არ უხსენებია ტულინოვის, მეტსახელად "რიჟის" (წითური) ციხეში ყოფნის ის პერიოდი, როდესაც ის პეტერბურგის ცნობილ იზოლატორ „კრესტებში“ პატიმრებს აწამებდა ციხის ე.წ. აქტივის სხვა წევრებთან ერთად.

წაიკითხე მეტი.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ჯარისკაცი შმაგი სოფრომაძე 25 წლისა იყო. ის ცხინვალთან ახლოს, თავისი დაჭრილი თანამებრძოლების გადარჩენის მცდელობისას აიყვანეს ტყვედ, აწამეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ბრძანება არ შეასრულა და საქართველოს დროშაზე ფეხით არ შედგა, დახვრიტეს. შმაგი რამდენიმე თვის განმავლობაში ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. მის დედას ბოლომდე ჰქონდა შვილის ცოცხლად დაბრუნების იმედი. თუმცა ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დეკემბერში, ომში დაღუპული 45 მეომრის და მათ შორის შმაგი სოფრომაძის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს და მათი ვინაობები დნმ-ის ანალიზით დაადასტურეს.

შმაგის და, სოფო სოფრომაძე, ძმის დაღუპვის შემდეგ თავადაც სამხედრო სამსახურში წავიდა. მამის გზის გაგრძელებას გეგმავს შმაგი სოფრომაძის უფროსი ვაჟიც. 14 წლის შემდეგ, სოფო კიდევ ერთხელ გვიყვება თავის გმირ ძმაზე, უიმისოდ გასულ 14 წელზე და იმაზეც, როგორ არ დასრულებულა ომი მათი ოჯახისათვის.

XS
SM
MD
LG