Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოკუპანტებს მშვიდად არ უნდა ეძინოთ!“ - უკრაინული პარტიზანული მოძრაობა ძალებს იკრებს


ფოტოილუსტრაცია: უკრაინელი ჯარისკაცი. მიკოლაევის რეგიონი, უკრაინა. 10 აგვისტო, 2022 წ.
ფოტოილუსტრაცია: უკრაინელი ჯარისკაცი. მიკოლაევის რეგიონი, უკრაინა. 10 აგვისტო, 2022 წ.

New York Times-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მებრძოლ ერთ-ერთ უკრაინელ პარტიზანთან, რომელიც ჰყვება, თუ როგორ აფეთქებენ სარკინიგზო ხაზებს და თავს ესხმიან საოკუპაციო ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს. 

„ჩვენი მიზანია, ოკუპანტებს ვაჩვენოთ, რომ მათი სახლი აქ არ არის, რომ ისინი აქ არ უნდა დაფუძნდნენ, რომ მათ არ უნდა ეძინოთ მშვიდად“, - აღნიშნა პარტიზანმა ინტერვიუში.

უკრაინელ პარტიზანებზე ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად საუბრობს როგორც უკრაინული, ისე დასავლური მედია.

პარტიზანების მოქმედებებს მტრის ზურგში მნიშვნელოვანს უწოდებენ ფრონტის ხაზზე მოქმედი სამხედროები, განსაკუთრებით უკრაინელი არტილერისტები, რომლებიც მეტწილად სწორედ უკრაინელი პარტიზანების მიერ მიწოდებული კოორდინატების საშუალებით ახორციელებენ დარტყმებს მოწინააღმდეგის ზურგში არსებულ სამხედრო ობიექტებზე.

„რა თქმა უნდა, მე თავად მაქვს შეხების წერტილები მელიტოპოლ-ბერდიანსკის მიმართულებაზე მოქმედ პარტიზანებთან. ერთ-ერთი ამ პარტიზანული დაჯგუფების ხელმძღვანელი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. თითქმის 2014 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ისინი ძალიან მაგრად გვეხმარებიან. მაგალითად, ბოლოს, HIMARS-ებიდან (ამერიკული შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - რედ.), მოწინააღმდეგის პოზიციების დაბომბვისას ზუსტ კოორდინატებს პარტიზანების მეშვეობით ვიღებდით, რომლითაც ცეცხლის კორექტირება ხდებოდა მათ სამხედრო საწყობებსა და სამეთაურო პუნქტებზე“, - ამბობს ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში 8 წლის განმავლობაში იმყოფება.

„სვაროგის“ სიგნალი ოკუპანტებს

New York Times-ის თანახმად, უკრაინელ პარტიზანს, მეტსახელად „სვაროგს“, ჟურნალისტები ზაპოროჟიეში არსებულ ერთ-ერთ ქართულ რესტორანში შეხვდნენ. „სვაროგის“ თქმით, ის პარტიზანულ ბრძოლას ეწევა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში, რომელიც რუსმა სამხედროებმა მალევე დაიკავეს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებით უკრაინის წინააღმდეგ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო.

ვიდრე პარტიზანებს შეუერთდებოდა, „სვაროგი“ მანამდე წვრთნას „მემარჯვენე სექტორსა“ და „ნაციონალურ კორპუსში“ გადიოდა.

უკრაინელი პარტიზანის თქმით, მისი და მისი თანამებრძოლების მოქმედების მიზანი რუსეთის ჯარებისა და მათი მოკავშირეებისთვის, კოლაბორანტი უკრაინელი მოხელეებისთვის, სიგნალის გაგზავნაა, რომ ისინი ვერასოდეს იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ.

ასეთი „სიგნალის“, ანუ მელიტოპოლში საოკუპაციო ძალების ზურგში განხორციელებული რეიდის შესახებ „სვაროგმა“ ანონიმურობის დაცვით, დაწვრილებით უამბო New York Times-ს. გაზაფხულის ერთ ღამეს „სვაროგმა“ სხვა პარტიზანებთან ერთად პოლიციის უბნის გვერდით მდგარი ავტომობილი დაბომბა. იმისთვის, რომ შეუმჩნევლები დარჩენილიყვნენ, პარტიზანებმა წინასწარ გათიშეს რაიონის მთელი განათება. ამის შემდეგ მათ მოქმედებაში მოიყვანეს ავტომობილის საბურავის თაღზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთიც - დაიჭრა. „სვაროგის“ თქმით, მისი რაზმი მონაწილეობდა ასევე უკრაინელ ოლეგ შოსტაკზე მოწყობილ თავდასხმაში. შოსტაკი, რომელიც რუსეთის მმართველ პარტია „ედინაია როსიაში“ გაწევრიანდა, აფეთქების შედეგად დაიჭრა.

მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, უკრაინელი პარტიზანები თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინის რეგულარულ არმიას, რომელსაც ფასეულ ინფორმაციას აწვდიან მტრის ზურგში მელიტოპოლსა და ხერსონში მდებარე სამხედრო ობიექტების შესახებ.

„განსაკუთრებით გამოვარჩევდი მელიტოპოლსა და ხერსონში მოქმედ პარტიზანულ დაჯგუფებებს. სხვათა შორის, მელიტოპოლთან მდებარე სოფელ ოსიპოვოსა და ნოვა კახოვკასთან საწყობებისა და სამეთაურო პუნქტის დაბომბვის დროს არტილერისტებს მთელი კოორდინატები სწორედ პარტიზანებმა მიაწოდეს. კი, რა თქმა უნდა, დრონებიც დაფრინავენ და აწვდიან კოორდინატებს, მაგრამ ძირითადი ინფორმაცია მოდის პარტიზანებიდან. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი ახლო მეგობარი, მეტსახელად „მულა“, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია პარტიზანებს შორის“, - ამბობს ვანო ნადირაძე.

ფოტოილუსტრაცია: აფეთქებები ყირიმში. 16 აგვისტო, 2022 წ.
ფოტოილუსტრაცია: აფეთქებები ყირიმში. 16 აგვისტო, 2022 წ.

„რუსებთან თანამშრომლობისათვის შურისძიების ჟამი დადგება“

უკრაინელი პარტიზანების სამიზნეს წარმოადგენს არა მხოლოდ ე.წ. მაღალი რანგის უკრაინელი კოლაბორანტები, არამედ ასევე პოლიციის თანამშრომლები, მუნიციპალური და საოლქო ადმინისტრაციების მოხელეები და მასწავლებლები, რომლებიც თანახმა არიან, რომ მოსწავლეებს რუსეთის მიერ შედგენილი პროგრამებით ასწავლონ.

ამასთან, როგორც კიდევ ერთი უკრაინელი პარტზანი „ვიკინგი“ აკონკრეტებს, პარტიზანები არ ესხმიან თავს მასწავლებლებს. არამედ ანტიკოლაბორანტული შინაარსის სააგიტაციო ფურცლების გავრცელებით ცდილობენ მათ საჯაროდ შერცხვენას. გამოცემის თანამოსაუბრემ ცოტა ხნის წინ მათ მიერ გავრცელებული ასეთი სააგიტაციო ფურცლის მაგალითიც მოიყვანა. მასზე დატანილია სკოლის დირექტორის გვარი, ფოტოსურათი და ასეთი ფრაზა: „რუსებთან თანაშრომლობისთვის შურისძიების ჟამი დადგება“.

მელიტოპოლის გარდა პარტიზანები მსგავსი ხელწერით მოქმედებენ ასევე სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონში, რომელიც მელიტოპოლის მსგავსად რუსეთის არმიამ 24 თებერვალს ინტერვენციის პირველსავე დღეს დაიკავა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ რეგიონებში უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება „დაბალი დონის“ პარტიზანული ომი, რომელიც მოიცავს საბოტაჟს, თავდასხმებს და პროპაგანდისა და დეზინფორმაციის კამპანიებს, რომლებიც აშკარად მიმართულია რუსეთის კონტროლისთვის ძირის გამოთხრისკენ.

ხერსონშიც ლამპიონების ბოძებზე, ავტობუსების გაჩერებებსა და საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში ლამის ყოველდღიურად აკრავენ ახალ-ახალ პლაკატებს, რომელთა ადრესატები სწორედ რუსი ოკუპანტები და მათი მოკავშირე უკრაინელი კოლაბორანტები არიან.

„რუსებო! აი, ასე გიზამთ...“ წერია ერთ-ერთ პლაკატზე, დაკეპილი ხორცის სურათის თავზე, რომელიც ივნისში გამოჩნდა.

მეორე პლაკატზე, რომელიც კედლებზე მიუკრავთ ხერსონში, წერია: „თუ გინდა სიცოცხლე, დაგვნებდი!“ და შეიცავს QR კოდს, რომელიც, ტელეფონით სკანირების შემთხვევაში, გადაგიყვანთ უკრაინის მთავრობის ვებსაიტზე, რომელსაც კონკრეტული მითითებები აქვს, თუ როგორ უნდა მიმართონ უკრაინელ ჯარისკაცს იმისთვის, რომ მას ჩაბარდნენ.

"მოვამზადეთ მითითებები მათთვის, ვისაც არ სურს თავისი სამშობლოსთან ბრძოლა", წაიკითხავთ იქ.

თანაც, თუ მტრის ზურგში მდებარე სამხედრო ობიექტების კოორდინატებს უკრაინელი ჯარისკაცები უშუალოდ პარტიზანებისგან იღებენ, ასეთი შინაარსის პლაკატებს შესაძლოა ოკუპირებულ ქალაქებში დარჩენილი ის უბრალოდ მოქალაქე აკრავდეს, რომელსაც ვანო ნადირაძე პოტენციურ პარტიზანს უწოდებს.

აფეთქებული ხიდი ხერსონის რეგიონში. 4 აგვისტო, 2022 წ.
აფეთქებული ხიდი ხერსონის რეგიონში. 4 აგვისტო, 2022 წ.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ხერსონი. მიუხედავად იმისა, რომ ხერსონი ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებულია, თვითონ ამ ქალაქის მოსახლეობაში, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება 1% იყოს პრორუსულად განწყობილი. დანარჩენები პროუკრაინულები არიან და არ შეუჩერებიათ ბრძოლა. კი, ფაქტია, რომ აქტიურად მოქმედებენ პარტიზანული და დივერსიული დაჯგუფებები, მაგრამ ხერსონის თითოეულ მოსახლეს, ყოველ მეოთხეს მაინც, მე პარტიზანად ვთვლი“, - ამბობს ვანო ნადირაძე.

როგორც New York Times-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში მოწამვლის შედეგად დაახლოებით 15 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ხოლო ხერსონის ოლქში ელევატორზე მომხდარი დივერსიის შედეგად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვერ შეძლეს მოპარული 60 000 ტონა მარცვლეულის გატანა. დამოუკიდებელი წყაროებით, როგორც გაზეთი წერს, ვერ მოხდა იმის დადასტურება, ნამდვილად იყო თუ არა ასეთი ფაქტები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ყველაფერს რუსი სამხედროები და მათ მიერ ხელდასხმული კოლაბორანტები ან პირდაპირ რუსეთიდან გაგზავნილი „გაულაიტერები“ აკონტროლებენ.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ კრასნოდარის ხელმძღვანელი, 44 წლის ანდრეი ალექსეენკო, მალე დაიკავებს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული ხარკოვის რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს. ამის შესახებ კრემლთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ტელეგრამის არხით გაავრცელა ცნობა.

"კავკაზ.რეალიის" ცნობით, კრასნოდარის მერ ალექსეენკოს მიმართ 2021 წლის დეკემბრიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქრთამის აღების ფაქტზე და გადაწყვეტილება მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტაზე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხარეო აპარატს დღემდე არ მიუღია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG