Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. პლატფორმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივითაა შექმნილი.

სამიტი ონლაინფორმატში დღეს, 23 აგვისტოს, ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციასა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

საქართველოს პრეზიდენტი სამიტის მონაწილეებს, მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს.

"ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში მონაწილეობას 60-მდე ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ.

"დიდი შვიდეულის" ლიდერებმა - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ - "ყირიმის პლატფორმის" ონლაინსამიტში მონაწილეობა დაადასტურეს.

სამიტში მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც.

"ყირიმის პლატფორმა" 2021 წელს შექმნილი საერთაშორისო ფორმატია, რომლის მიზანი ყირიმის დეოკუპაციის მიღწევაა. პირველი სამიტი გასული წლის 23 აგვისტოს კიევში გაიმართა. მასში 47 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ ერთობლივი სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტი შეიმუშავეს, რომელშიც აღნიშნულია ერთობლივი ძალისხმევის გაწევაზე უკრაინის ტერიტორიის ანექსიის დასასრულებლად და ყირიმის დასაბრუნებლად.

XS
SM
MD
LG