შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები აქტიური კერების რაოდენობას სჭარბობს, თუმცა ხეობაში პერიოდულად ისევ ქრის ძლიერი ქარი, რაც ხანძრის ქრობის პროცესს ხელს უშლის.
მათივე თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
"ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა.
"ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, თუმცა მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია. ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე", - ამბობს უწყება.
რთულ, მიუვალ რელიეფზე კი, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, ხანძრის ქრობის სამუშაოებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ახორციელებენ.