Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგაშვილის ყოფილი ადვოკატი: ჩემი დანიშვნა გომელაურის ინიციატივა არ ყოფილა


სოსო გოგაშვილი
სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინიციატივით ჰყავდა დანიშნული და მას ციხეში შეხვდა.

გოგაშვილმა გუშინ, 25 აგვისტოსაც გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ 26 აგვისტოს გაასაჯაროებდა კიდევ ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომელიც წაშლასა და დაზიანებას არ ექვემდებარება.

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, გომელაურმა ტელეფონით საუბრისას უთხრა, რომ ტელეფონით ლაპარაკი სარისკოა, რადგან რიგით ბადრაგებს არ ენდობოდა და კომუნიკაცია მისთვის სანდო პირის საშუალებით შესთავაზა.

"[გომელაურმა] შემომთავაზა, რომ კომუნიკაცია მოხდებოდა მათთვის სანდო პირის (ადვოკატი) საშუალებით, რომლის საკონტაქტო ინფორმაციასაც გადმომცემდა მე-12 დაწესებულების დირექტორის მოადგილე, ხარიტონაშვილი. შემდეგ ის შემოვიდოდა ჩემთან, როგორც ჩემი ადვოკატი და გადმომცემდა მათ პირობებს კონკრეტულად. ეს ჩემთვის დამატებითი მტკიცებულების შანსი იყო და ბუნებრივია, დავთანხმდი. ხარიტონაშვილმა გადმომცა დიმიტრი მჭედლიშვილის ტელეფონის ნომერი, რომელიც მე ჩემი ადვოკატების მეშვეობით გადავეცი ჩემს ოჯახს. თან გავუმხილე ჩემი განზრახვის შესახებ, რომ ეს იქნებოდა დამატებითი მტკიცებულება და უჩემოდ არ გაეხმოვანებინათ ეს ინფორმაცია. მოხდა დიმიტრი მჭედლიშვილთან დაკავშირება, იგი მივიდა ჩემს ოჯახში და მოხდა ფორმალურად კონტრაქტის შედგენა, აღნიშნული ფაქტი ოჯახმა დააფიქსირა", - წერს გოგაშვილი.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი შევიდა მასთან მე-12 დაწესებულებაში, გაეცნო, უთხრა, რომ ადრე მუშაობდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, რომ ქალაქგარეთ იმყოფებოდა, როცა დაურეკეს პროკურატურიდან და უთხრეს, რომ ჩამოსულიყო.

გოგაშვილის თანახმად, მჭედლიშვილმა ასევე უთხრა, რომ მისთვის კარგად ნაცნობი იყო, როგორ მუშაობდა სისტემა. ამიტომ, მისთვის სჯობდა, მათ შეთავაზებას დასთანხმებოდა.

"მან მითხრა, რომ მათი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში აფგან მუხთარლიზე უნდა მეთქვა, რომ მის შესახებ აღელვებულმა დავწერე ის სტატუსი და დამატებით ინფორმაციას არ ვფლობდი აღნიშნულის შესახებ, გარდა ოფიციალურად გავრცელებული ცნობებისა. რაც შეეხება არჩევნების გაყალბების თემას, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებულები არ იყვნენ და მოგვიანებით მეტყოდნენ რა ჩვენება უნდა მიმეცა. მე მას ვუთხარი, რომ გადაეცა ყველასთვის, რომ ჩემი პირობა იყო, ჩემი დაზარალებულად ცნობა, გაყალბებულ საქმეში გამართლება და ნამდვილი დამნაშავეების დასჯა. ამის შემდეგ მე მჭედლიშვილი აღარ მინახავს", - წერია გოგაშვილის წერილში.

თავად ადვოკატი დავით მჭედლიშვილი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ საქმეში ჩართვა უშუალოდ გოგაშვილის ოჯახმა სთხოვა და ხელშეკრულება გოგაშვილის ცოლთან გააფორმა.

"მე გომელაურს საერთოდ არ ვიცნობ. არცერთი იმ უწყების მაღალჩინოსანთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ვისაც გოგაშვილი ასახელებს. ამ საქმეში ჩავერთე უშუალოდ მათი თხოვნით. ხელშეკრულება გავაფორმე მის მეუღლესთან. ხელშეკრულებაში ჩვენ შორის ჰონორარის, ანგარიშსწორების, ანაზღაურების წესსა და პირობებზე პირდაპირ წერია, რომ ამაზე ჩვენ მოგვიანებით უნდა შევთანხმებულიყავით უშუალოდ ბატონ სოსოსთან შეთანხმების და მოლაპარაკების შემდეგ. შევედი ამის მერე ციხეში, ვერ შევთანხმდით ამ პირობებზე და მას მერე მე ჩამოვცილდი ამ საქმეს. შესვლის დროსაც ზოგადი საუბრები იყო, რადგან საქმის მასალები არ მქონდა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, თუმცა მესმის, რომ ცდილობს ყველა ბერკეტი და საშუალება გამოიყენოს, ალბათ", - ამბობს მჭედლიშვილი.

გოგაშვილის საკითხზე შეკითხვას 24 აგვისტოს უპასუხა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მას კითხვა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამწერი მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით დაუსვეს.

"მე არ ვიცი... ამ დღეების არის თუ არა. წაშლილია, არ არის წაშლილი. არ მისმენია ნამდვილად, გულწრფელად გეუბნები. ტექნიკოსი არ ვარ და როგორ უნდა აგიხსნათ, ცხრა კამერა იყო თუ ხუთი.

მე არ ვიცი შიგნით სისტემა როგორ აქვთ მოწყობილი. ეს კამერები როგორ მუშაობს... ჩემს სამსახურში რომ მკითხოთ, გეტყვით, რაც არ ვიცი, უნდა ვკითხო სპეციალისტებს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა იოსებ გოგაშვილის საქმეზე მიმდინარე შესწავლის შედეგები 24 აგვისტოს გამოაქვეყნა.

სოსო გოგაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით 2022 წლის 11 აგვისტოს გააკეთეს განცხადება. მათი ცნობით, გოგაშვილს სააბაზანო ოთახში შინაგან საქმეთა მინისტრთან მობილური ტელეფონით საუბრების დროს დაემუქრნენ.

ომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია ბრალდებულმა დაადასტურა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პირადი გასაუბრების დროსაც და მიუთითა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების კონკრეტული დროის მონაკვეთები 2022 წლის 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით. სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და იმავე დღეს მოითხოვა მე-12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება.

ომბუდსმენის ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს წერილით სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხის სანდოობა გარკვეულ კითხვებს აჩენს და ამასთან, ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის, რომელიც 24 საათის განმავლობაში ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, ფიზიკური უსაფრთხოების დაცულობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს ხსენებულ პერიოდში მე-12 დაწესებულებაში არსებული ვიდეოკამერების გაუმართავად მუშაობის მიზეზები, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს კამერების ხელოვნურად დაზიანების ან რელევანტური ჩანაწერების წაშლის ეჭვი.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მისი სახელით "ფეისბუკზე" ასევე დაიწერა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.

XS
SM
MD
LG