პოლიტიკოსები მთელი მსოფლიოდან მწუხარებას გამოთქვამენ საბჭოთა კავშირის ბოლო მეთაურის, მიხაილ გორბაჩოვის გარდაცვალების გამო.
ერთ-ერთი პირველი, ვინც გორბაჩოვის გარდაცვალების ცნობას გამოეხმაურა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენია. მან მიხაილ გორბაჩოვს უწოდა სანდო და პატივსაცემი ლიდერი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა „ცივი ომის“ შეწყვეტასა და „რკინის ფარდის“ დაცემაში, რამაც გახსნა გზა თავისუფალი ევროპისკენ.
მიხაილ გორბაჩოვის გარდაცვალების გამო, თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება. ჯო ბაიდენი მიხაილ გორბაჩოვს უწოდებს იშვიათ ლიდერს, რომელმაც დაინახა, რომ შესაძლებელია სხვაგვარი მომავალი, ამის მისაღწევად საკუთარი კარიერაც გარისკა და შედეგად მოიტანა უფრო უსაფრთხო მსოფლიო და დიდი თავისუფლება მილიონობით ადამიანისთვის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტვიტერზე დაწერა, რომ მშვიდობისადმი მიხაილ გორბაჩოვის ერთგულებამ შეცვალა ევროპის საერთო ისტორია და მისმა გადაწყვეტილებებმა რუსეთს თავისუფლებისკენ გზა გაუხსნა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მიხაილ გორბაჩოვს უწოდა სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც "ცივი ომი" დაასრულა და ისტორიის მსვლელობა შეცვალა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ტვიტერზე წერს, რომ ყოველთვის აღფრთოვანებული იყო მიხაილ გორბაჩოვის ვაჟკაცობით და პატიოსნებით და უკრაინაში პუტინის აგრესიის დროს, ყველასთვის სამაგალითოა საბჭოთა საზოგადოების გახსნილობისადმი გორბაჩოვის დაუღალავი ერთგულება.
საბჭოთა კავშირის ბოლო მეთაური მიხაილ გორბაჩოვი 30 აგვისტოს გარდაიცვალა 91 წლის ასაკში. მისი მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირში პირველად დაუშვეს სიტყვის, სინდისისა და მეწარმეობის თავისუფლება. გორბაჩოვის მიერ დაწყებული რეფორმების შედეგად, ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტეს საბჭოთა კავშირმა და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კომუნისტურმა რეჟიმებმა. მიხაილ გორბაჩოვის სახელთანაა დაკავშირებული გერმანიის გაერთიანება და "ცივი ომის" დასრულება. მან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე და პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა დასავლეთის სახელმწიფოებთან, რითიც ბოლო მოეღო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის გამყოფ "რკინის ფარდას".