ორშაბათს ლონდონში დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. 96 წლის ბრიტანეთის მონარქი, რომელიც ტახტზე 70 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, 8 სექტემბერს გარდაიცვალა.
ამ ხნის განმავლობაში ელისაბედ მეორეს უამრავი ადამიანი გამოემშვიდობა.
19 სექტემბერს დედოფლის კუბო ვესტმინსტერის სასახლიდან სამეფო ოჯახის წევრების თანხლებით ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენეს, სადაც გაიმართა პანაშვიდი. ცერემონია სულ ერთ საათს გაგრძელდა. მასში მონაწილეობდნენ მეფე ჩარლზ III, კენტერბერის ეპისკოპოსი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები.
"სხვადასხვა პროფესიაში იშვიათია ადამიანი, რომელსაც უყვარს სამსახური. კიდევ უფრო დიდი იშვიათობაა ლიდერი, რომელიც სიყვარულით ემსახურება ხალხს", - განაცხადა დაკრძალვის ცერემონიაზე კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ასტინ ველბიმ, რომელმაც ხოტბა შეასხა დედოფალ ელისაბედ მეორის მიერ დიდი ბრიტანეთისა და თანამეგობრობისთვის სიცოცხლის განმავლობაში გაწეულ ღვაწლს.
ბრიტანეთის დედოფლის გამოსათხოვარ წირვას 2000 სტუმარი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტოც ესწრებოდნენ.
ამის შემდეგ დედოფლის კუბო კატაფალკით უინდზორის სასახლეში გადაასვენეს, სადაც ოჯახისა და უახლოესი ნათესავების დასწრებით დაკრძალვის დახურული ცერემონია გაიმართა.
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II უინდზორების სასახლის საგვარეულო საძვალეში ქმრის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალეს.
დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, მისი 73 წლის ვაჟიშვილი ჩარლზი ავტომატურად გახდა გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე.
უინდზორების (1917 წლამდე საქსე-კობურგი და გოთა) დინასტიის წარმომადგენელი ელისაბედ ალექსანდრა მერი ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს.
ელისაბედ II იყო თანამეგობრობის წევრი 15 სახელმწიფოს, მათ შორის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და კანადის მეთაური, ასევე ანგლიკანური ეკლესიის საერთო მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
დედოფალ ელისაბედ მეორესთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე არ მიუწვევიათ რუსეთის, ბელარუსისა და მიანმარის (ყოფილი ბირმის) წარმომადგენლები. ბრიტანეთის მონარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი პუტინი მხოლოდ სამძიმრის წერილით შემოიფარგლა. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ოფიციალური პირები "არც აპირებდნენ მონაწილეობას" დაკრძალვის ღონისძიებებში.
დაწერეთ კომენტარი