უკრაინის ხელისუფლება გამოეხმაურა გეგმებს იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ოთხ რეგიონში, მიმდინარე კვირაში ჩატარდეს ე.წ. რეფერენდუმები რუსეთთან შეერთების თაობაზე. კიევში განაცხადეს, რომ ეს არაფერს შეცვლის.
„ვერც ყალბი რეფერენდუმები, ვერც ჰიბრიდული მობილიზაცია ვერ შეცვლის ვერაფერს. რუსეთი როგორც იყო, ისე დარჩება აგრესორ ქვეყნად, რომელსაც ოკუპირებული აქვს უკრაინის მიწის ნაწილი. უკრაინას სრული უფლება აქვს, გაათავისუფლოს საკუთარი ტერიტორიები და მომავალშიც გაათავისუფლებს მათ, რაც უნდა ილაპარაკონ რუსეთში“, - დაწერა ტვიტერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განცხადებებს „გულუბრყვილო შანტაჟი“ უწოდა.
„ასე გამოიყურება განადგურების შიში. მტერს ეშინია და პრიმიტიულად მანიპულირებს. უკრაინა გადაწყვეტს რუსეთის საკითხს. საფრთხის ლიკვიდირება მხოლოდ ძალითაა შესაძლებელი“, - წერს ერმაკი ტელეგრამის არხზე.
ერმაკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა რეფერენდუმების ჩატარებას უწოდა რუსეთის პასუხი უკრაინის არმიის კონტრიერიშზე.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სეპარატისტების გეგმების შესახებ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა უკუაგდოს „ფიქციური რეფერენდუმები“. „ძალიან, ძალიან გასაგებია, რომ ეს ფიქციური რეფერენდუმები არ შეიძლება იქნეს მიღებული და მათზე არ ვრცელდება საერთაშორისო სამართლის მოქმედება“, - თქვა შოლცმა ნიუ-იორკში, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რეფერენდუმებს „ფიქციური“ უწოდა. მისი სიტყვებით, მათ „არ მოეპოვებათ ლეგიტიმურობა და არ ცვლიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს“. „ეს პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს უხეში დარღვევა და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა“, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
დაგეგმილ რეფერენდუმებს „ფიქციური მოქმედებები“ უწოდა შეერთებულმა შტატებმაც. „ეს რეფერენდუმები ხელყოფს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო სისტემას“, - თქვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს „ცინიკურ“ რეფერენდუმებს აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაკრონმა ამ გეგმებს ასევე უწოდა დამატებითი პროვოკაცია მეზობელ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. „დონბასში რეფერენდუმის იდეა ასე ტრაგიკული რომ არ იყოს, ეს სასაცილო იქნებოდა“, - დასძინა მაკრონმა, რომელიც ნიუ-იორკში იმყოფება.
უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში 23-27 სექტემბერს ჩაატარებენ „რეფერენდუმებს“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დე ფაქტო ხელმძღვანელებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა, ვლადიმირ სალდომ და ევგენი ბალიცკიმ.
სამშაბათს რუსეთის სახელმწიფო დუმამ საგანგებო წესით მიიღო მეორე და მესამე წაკითხვით კანონები, რომლებიც ამკაცრებს სასჯელს მობილიზაციისა და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის. სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ახალი მუხლები, მათ შორის ნებაყოფლობით ტყვედ ჩავარდნაზე და თავდაცვის სფეროში სახელმწიფო შეკვეთების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ. როგორც ვარაუდობენ, კანონებს უკვე ოთხშაბათს მიიღებს ფედერაციის საბჭო და პრეზიდენტი მათ ხელს მოაწერს.