Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს უკრაინის წინსვლა რუსეთისთვის - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 ოქტომბერს


ლიმანის დაკარგვამ რუსეთის არმიის სარდლობისადმი ნდობა შეარყია

უკრაინის მიერ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ წითელი ლიმანის დაბრუნებამ მოსკოვში სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

დონეცკის ოლქის ქალაქ წითელ ლიმანთან რუსეთის არმიის უკანდახევის გამო, რუსეთის სარდლობა საჯაროდ ყველაზე პირველად და ყველაზე მწვავედ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა, რამზან კადიროვმა გააკრიტიკა. ტელეგრამით გავრცელებულ ვრცელ პოსტში, კადიროვმა ქალაქის დაკარგვაზე პასუხისმგებლობა დააკისრა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინს, რომელსაც, როგორც კადიროვი ამტკიცებს, გმირის ვარსკვლავიც კი დაუმსახურებლად მიუღია.

3 ოქტომბერს რამზან კადიროვის კრიტიკას მოკლე კომენტარით უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც ჩეჩნეთის ლიდერს მძიმე მომენტებში „ემოციური შეფასებებისგან“ თავის შეკავება ურჩია.

რა ხდება რუსეთში ყოველდღიური უკანდახევის ფონზე? წაიკითხე ვრცლად კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

დეოლიგარქიზაცია უკრაინულად - რამდენად ერგება საქართველოს რეალობას?

დეოლიგარქიზაციაზე გადის საქართველოს გზა ევროკავშირისკენ. ის ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის მიცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია "ქართული ოცნების" მიერ უკრაინული კანონის პირდაპირ თარგმნა და ქართულ რეალობასთან მორგების მცდელობა.

„ქართული ოცნება“ ხელმძღვანელობს არგუმენტით, რომ უკრაინული კანონი მოწონებულია ევროკომისიის მიერ და, შესაბამისად, ამ კანონის თარგმნით დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება საქართველოს შემთხვევაშიც. ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ უკრაინული კანონი საქართველოს კონტექსტს არ ითვალისწინებს და ის, შესაძლოა, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღადაც იქცეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი არ გადაეგზავნება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას და საქართველო უკრაინისთვის დაწერილ შეფასებებს დაელოდება.

ვის შეეხება და არ შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინულიდან თარგმნილი კანონი? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ძალადობის მსხვერპლ დედა-შვილს?

პროკურატურა უარს ამბობს დაზარალებულად ცნოს 27 წლის ქალი, რომელზეც ქალის დედის მტკიცებით, ქმარი სისტემატურად ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით და რასაც მისი შვილისა და შვილიშვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის შერყევა მოჰყვა.

ქალი გენერალურ პროკურორს მიმართავს შვილისა და შვილიშვილის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით. გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ აგვისტოში გაათავისუფლა ძალადობაში ბრალდებული, 42 წლის კაცი.

სამგორის რაიონის პროკურატურამ 27 ქალისა და მისი შვილის დაზარალებულად ცნობაზე უარი მტკიცებულებების უსაფუძვლობით ახსნა.

როგორც ქალის ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, ეკა ქობესაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, საქმეში დევს არაერთი აუდიომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კაცის მიერ ცოლ-შვილზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს და მისთვის უცნობია, რა არგუმენტაციას ეყრდნობა პროკურატურა, როდესაც უარს ამბობს 27 წლის ქალისა და მისი ორი წლის შვილის დაზარალებულად ცნობაზე.

რა მტკიცებულებები დევს საქმეში და რას სთავაზობს სახელმწიფო ქალსა და ბავშვს? გაიგე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიიდან.

სააკაშვილის მოსანახულებლად უცხოელ ექსპერტს არ უშვებენ

უცხოელი სამედიცინო ექსპერტი ჯეიმს კობი ამ დრომდე ვერ ახერხებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას. სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ის ნობელის პრემიის ლაურეატი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტია, რომელიც საქმეში ჩასართავად საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით ჩამოვიდა.

შალვა ხაჭაპურიძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, საკუთარი ეგიდით უზრუნველყოს კლინიკა "ვივამედში" ექიმსა და სააკაშვილს შორის შეხვედრა.

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რომ უცხოელ სამედიცინო ექსპერტს, ჯეიმს კობის "არასრულყოფილი" დოკუმენტაციის გამო უთხრეს უარი საექიმო ლიცენზიის აღებაზე.

წაიკითხე მეტი.

დღეს გაიმართება ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი

დღეს, სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

ბოლო პროცესი საქმეზე 20 სექტემბერს ჩატარდა. გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

აქციების ფონზე ირანში დააკავეს ქალთა უფლებების ცნობილი დამცველი

3 ოქტომბერს, დილით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ დაპატიმრებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა, თეირანში დააკავეს სტუდენტური მოძრაობის და ქალთა უფლებების დაცვის ცნობილი აქტივისტი ბაჰარე ჰედაიათი, იუწყება ბიბისი.

მაჰსა ამინი გარდაიცვალა 16 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში იყო მორალის პოლიციის პატიმრობაში, როგორც იუწყებიან ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო.

ჰედაიათი ყოფილი პოლიტპატიმარია, ის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 2 ოქტომბერს დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ჰოსეინ მასუმი, რომლის ოჯახმაც არაფერი იცის მისი ადგილსამყოფლის შესახებ.

წაიკითხე მეტი.

მედიცინის დარგში 2022 წლის ნობელის პრემია მიიღო შვედმა სვანტე პააბომ

ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში 2022 წლის ნობელის პრემია მიენიჭა არქეოგენეტიკის შვედ სპეციალისტს, სვანტე პააბოს აღმოჩენებისთვის, "რომლებიც ეხება გადაშენებული ჰომინინების გენომებს და ადამიანის ევოლუციას". მან ნეანდერტალელთა გენომი შეისწავლა და აღმოაჩინა მანამდე უცნობი ჰომინინი "დენისოველი", - განაცხადა ნობელის კომიტეტმა 3 ოქტომბერს.

"იმ გენეტიკური განსხვავებების წარმოჩენით, რომლებიც ამჟამად ცოცხალ ადამიანებს განასხვავებს გადაშენებული ჰომინინებისან, მისი აღმოჩენები გვიხსნის გზას შევისწავლოთ ის, რაც უნიკალურ ადამიანებად გვაქცევს", - დასძენს კომისია.

შარშან ნობელის პრემია მიენიჭა მკვლევრებს დევიდ ჯულიუსს და არდემ პატაპუტიანს, რომლებმაც აღმოაჩინეს ადამიანის მიერ ტემპერატურის და შეხების შეგრძნებისას ამოქმედებული უჯრედების რეცეპტორები.

წაიკითხე მეტი.

გაიყინება ევროპა "მგლის კუდივით"?

ევროპის რუსული გაზით შანტაჟი დასრულდა. ბალტიის ზღვის ფსკერზე, „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მარშრუტის ოთხ ტოტზე ერთდროულად მომხდარი დაზიანებების გამო, ევროპა ზამთრის დადგომამდე დარჩა რუსული გაზის გარეშე.

ევროკავშირის ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ელოდნენ ამ დღის დადგომას და, შესაბამისად, ეძებდნენ საწვავის მიღების ალტერნატიულ გზებს მაშინ, როცა რუსეთის მთავრობა სრულად იყო დარწმუნებული, რომ ევროკავშირი იძულებული იქნებოდა შეეძინა რუსული გაზი იმ რაოდენობით, რა რაოდენობის მიყიდვასაც რუსული მონოპოლისტი „გაზპრომი“ გადაწყვეტდა და რუბლებში გადაეხადა ის ფასი, რომელსაც კრემლი დაუწესებდა.

ევროკავშირის ქვეყნების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობაში „გაზპრომის“ მიერ მიწოდებული საწვავის წილი 40%-ს აღემატებოდა, რუსულ გაზზე დამოკიდებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი - 55% - გერმანიაში იყო.

რა ელის ევროპას ზამთარში? წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

ნინო ძანძავა, კინომცოდნე, არქივების სპეციალისტი, სოხუმში დაიბადა. თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შეერთებულ შტატებში, როჩესტერის კინოს კონსერვაციის სკოლაში სწავლობდა.

კინოს სამყაროში ნინოს კარგად იცნობენ, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული ამ ზაფხულს გახდა, როცა სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნინო ძანძავა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიუხედავად ხალხმრავლობისა, მარტოდმარტო უცხადებს პროტესტს „რუსულ კონცერტს“.

„შვილის“ მორიგი ეპიზოდის გმირი იხსენებს ბავშვობას, სოხუმის დატოვებას და დევნილობაში გატარებულ მძიმე წლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG