Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიცვლება, სამსახურები რომ 7 საათზე დაიწყოს?


რა მოხდება, თუ კომპანიების ნაწილი სამუშაოს დილის 6-ზე ან, ვთქვათ, 7 საათზე დაიწყებს? ბევრი ქვეყანა სწორედ ასე ადრე იღვიძებს. ამით ხალხს მეტი დრო რჩება დასვენების, ოჯახისთვის და ქალაქებს ხერგილებისგან განტვირთვაში ეხმარება.

სამუშაო დღე მთელ ქვეყანაში 8 საათზეაიწყოს და 16 საათზე დამთავრდეს“, - ასეთი იდეა ჰქონდა „რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელს შოთა ბურჯანაძეს 2021 წელს. თუკი საქართველო ორის საათით ადრე გაიღვიძებდა, ეს ხალხსაც წაადგებოდა და ქვეყნის ეკონომიკასაც, - ამტკიცებდა რესტორატორი.

ასეთივე ინიციატივები ჰქონდათ სხვებსაც და არამარტო საქართველოში. ივლისში სომხეთის დედაქალაქის მერმა, ჰრაჩია სარქისიანმა გადაწყვიტა, რომ ერევანმა ადრე უნდა გაიღვიძოს და ამისთვის „უკიდურეს ზომებსაც“ მიმართა.

ამიერიდან მუსიკას, რომელიც ჩვენ ერევნის მერიის საათიდან გვესმის, ერთდროულად დედაქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში დილის 7 საათზე გაიგონებენ“, - თქვა მან. ახლა ერევნის მერიასა და სომხეთის სხვა მუნიციპალიტეტებში დილის 7 საათზე ჰიმნს უკრავენ.

მაინც რა იცვლება, როცა სამსახური არა 10 საათზე, არამედ 2-3 საათით ადრე იწყება?

ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც გერმანულენოვანი ქვეყნების (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) გამოცდილებას სწავლობდა, ამბობს, რომ ასე ოჯახისა და დასვენებისთვის მეტი დრო რჩება.

ჩვენთან ადამიანი მუშაობას იწყებს ათ საათზე, ბრუნდება რვის ნახევარზე, რადგან თბილისში სახლში დროულად ვერც მიაღწევ. შეჭამს, დაწვება და დაიძინებს. ერმანიაში ექვს საათზე იწყება სამუშაო დღე. 14-15 საათზე უკვე სახლში არიან და მთელი საღამო წინ აქვთ. ძირითადად ქუჩაში სეირნობენ ოჯახთან ერთად. ამას მოჰყვება ისიც, რომ ვიღაცა მზესუმზირას გაყიდის, ვიღაცა მოხალულ წაბლს (ძალიან პოპულარულია ევროპაში), ვიღაც ნამცხვარს გამოაცხობს და იმას გაყიდის და დამატებითი შემოსავალი ექნება“, - ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ სამუშაო საათების გადაწევა ქვეყნის ეკონომიკაზეც მოქმედებს: - არ შეიძლება, დაქცეულ ქვეყანაში მუნიციპალური სტრუქტურები 10 საათზე იწყებდნენ მუშაობას. მე თუ მაქვს დეველოპერული კომპანია და სახელმწიფო სამსახურები 6 საათზე გაიღება, მეც მასზე ავეწყობი. მაგრამ ჩვენთან ეს რომ შემოიტანონ, იტყვიან, ძილის უფლებასაც აღარ გვაძლევენო“.

კიდევ ერთი ფაქტორი - თბილისის ქუჩებში დილის და საღამოს საათებში მუდმივი ხერგილებია. სამსახურში ყველა ერთსა და იმავე დროს დადის. ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ კომპანიების ნაწილი მუშაობას ადრე დაიწყებს, ეს ქუჩების განტვირთვასაც შეეშველება.

„განტვირთვაზე ყველაფერი მოქმედებს, - ამბობს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა, - თბილისში ძირითადი ტრანსპორტი მანქანაა, თან ამ მანქანებში უმეტესად ერთი კაცი ზის... სამუშაო საათების გადაწევასაც აქვს აზრი, განსაკუთრებით დიდ ოფისებში. ამაში თავად კომპანიებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულები, მით უფრო, თუ თანამშრომელი სამსახურში დროზე ვერ მოდის...“

2022 წლის მონაცემებით, ადამიანები მსოფლიოში საშუალოდ 6:00 - 9:00 საათამდე იღვიძებენ. ეს ხშირად ამა თუ იმ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ცხოვრების წესსა თუ კულტურაზეა დამოკიდებული. ყველაზე ადრე იღვიძებს სამხრეთი აფრიკა - 6:24 სთ. ტოროლების რიგში არიან კოსტა-რიკა და კოლუმბიაც. ევროპა და აზიის ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, იაპონია და სამხრეთი კორეა 7 საათისთვის იღვიძებს. ყველაზე გვიან კი საბერძნეთი და საუდის არაბეთი „დგება“ - 8:30 საათზე.

ეს საშუალო მაჩვენებელია, სხვადასხვა წელს ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი გაცილებით ადრეც ახერხებს ადგომას, მაგალითად, ამერიკელების საკმაოდ დიდი ნაწილი დილას 4 საათზე იწყებს, რაც თითქმის წარმოუდგენელია ესპანელებისთვის. ესპანეთში ამ დროისთვის ბევრი ჯერ მხოლოდ დასაძინებლად ემზადება.

კვლევებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია „ეისითიმ“ 2018 წელს ჩაატარა კვლევა, თუ რომელ საათზე იღვიძებს თბილისის მოსახლეობა. გაირკვა, რომ 41% იღვიძებს 06:00-08:00 საათებში, 39% - 08:00-10:00 საათებში, ხოლო 9% - 10:00-12:00 დროის პერიოდში. მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი (4%) იღვიძებს 12:00 საათზე ან უფრო გვიან. ასევე ცოტანი არიან (6%) ისინიც, ვინც 06:00 საათზე ან უფრო ადრე დგებიან.

გარემოს დამცველი კახა ბახტაძე იხსენებს, წლების წინ როგორ სცადეს ორგანიზაციაში სამუშაო საათები დილისკენ გადაეწიათ. მცდელობა მცდელობად დარჩა, რადგან თანამშრომლების ნაწილს ბავშვები სკოლაში ჰყავდა მისაყვანი.

„გვინდოდა 7-8 საათზე დაგვეწყო, მაგრამ 9 საათზეც კი ვერ მოდიოდნენ სამსახურში, რადგან მანამდე ბავშვი უნდა მიეყვანათ სკოლაში. ლოგისტიკურმა პრობლემებმაც იჩინა თავი, აღმოჩნდა, რომ ისეთი თანამშრომლები, როგორიცაა, მაგალითად, ოფის-მენეჯერი, მთელი დღე სამსახურში უნდა ყოფილიყო, ან ორი ადამიანი უნდა აგვეყვანა ამ ადგილას“, - ამბობს კახა ბახტაძე და მიიჩნევს, რომ დღეს გაცილებით მოსახერხებელია, თანამშრომელი დისტანციურად მუშაობდეს ან შედარებით თავისუფალი გრაფიკი ჰქონდეს, - „სკოლას არის მორგებული დღეს ბევრი და ამის თქმა, რომ გინდა თუ არა 7 საათზე დაიწყე მუშაობა, არ გამოვა. ამას ჯობსმიიყვანოს ბავშვი 9 საათზე სკოლაში, მოვიდეს სამსახურში და თუნდაც შუაღამისას გააკეთოს თავისი საქმე“.

ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ ევროპაში სკოლა რვა საათზე, რვის ნახევარზე და ზოგან უფრო ადრეც იწყება.

„ამაზეც შეიძლება ფიქრი, სკოლამ რომ ერთი საათით ადრე გადაინაცვლოს. ცოტა ამოისუნთქავს ქალაქი, მაგრამ როდესაც ამდენი მანქანაა და გაჩერებებზეც საზოგადოებრივ ტრანსპორტს დიდხანს ელოდები... არ ვიცი, რა უნდა შეიცვალოს, რომ ამას ეშველოს. იმ ქვეყნებში, სადაც ხერგილები არ არის, იქ უბრალოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტია გამართული“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი მანანა ხარხელი, რომელიც დროის მენეჯმენტზე მუშაობს, ამბობს, რომ მსგავსი ცვლილება თანამშრომლებთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგი ადამიანი ბუნებით „ბუა“ და ზოგი - „ტოროლა“.

როგორც აუცილებლობა რომ შემოიღო, სწორი არ იქნება. „ტოროლებს“ ურჩევნიათ რთული საქმეები დილით გააკეთონ, ამ დროს უფრო ენერგიულები და მიზანდასახულები არიან. მაგრამ არიანბუები“, რომლებიც ერთხელ და ორჯერ შეიძლება გააღვიძო, მაგრამ თუ მუდმივად ასეთ მდგომარეობაში ამყოფებ, ნერვულ აშლილობამდე მივლენ. შეიძლება ორგანიზაციამ თავად სცადოს, გადააწყოს ისე, რომ ნაწილმა ადრე დაიწყოს (მაგალითად, 8 საათზე) და დაამთავროს მუშაობა, მეორე ნაწილმა კი გვიან (მაგალითად, 13-14 საათზე)“, - ამბობს მანანა ხარხელი. მისი აზრით, ამ მხრივ თუნდაც ექსპერიმენტის ჩატარება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, - „რამდენიმე წარმატებულმა კომპანიამ რომ დანერგოს და ნახოს რა შედეგებზე გავლენ, ამაზე უკეთეს ვერაფერს გააკეთებენ“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG