თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქის პარკებსა და სკვერებში ხშირია ვანდალიზმის შემთხვევები, განათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს და ამით საფრთხეში აგდებენ სხვა ადამიანებს. ფოტომასალა მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე აჩვენა მედიას.
"ახლად რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სივრცეებში მიზანმიმართულად აზიანებენ ინფრასტრუქტურას. ბოლო დღეების განმავლობაში, სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს ხსნიან დამცავ ხუფებს. ასეთ ფაქტებს ყოველთვის აქვს შესაბამისი რეაგირება - ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა და განათების ბოძებზე მოპარული ხუფების თავიდან მონტაჟი, მაგრამ თავად ფაქტი დიდი პრობლემაა", - თქვა მერმა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, მსგავსი დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მუნიციპალურ სამსახურს ცხელ ხაზზე აცნობონ.