საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაურისთვის წარმოუდგენელია, რომ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმაზე განაცხადა. მან ჟურნალისტებს რამდენჯერმე გაუმეორა, რომ მზად იყო გაკეთებინა კომენტარი, თუ მსგავსი რამ მართლაც თქვა მოსამართლემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც გახდა.
"თქვენ ადასტურებთ, სხვა ჟურნალისტებსაც მივმართო, რომ ასეთი რამ განაცხადეს, რომ "ჩვენ ახლა თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავდივართო" და "თავს უნდა დავესხათ". ასეთი სიტყვები თუ იყო, შემიძლია კომენტარი გავაკეთო. იყო ასეთი რამ?!. ახლა ჩვენ თავდასხმაზე გადავდივართო?! წარმოუდგენელ რამეს საუბრობთ, ბოდიში... იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეულ წევრებზე, მოსამართლეზე როცა საუბრობთ. თუ ასეთი რამ იყო, რომ "ჩვენ თავს უნდა დავესხათო", პირდაპირ გეუბნებით, ეს არის წინააღმდეგობრივი მათ საქმიანობასთან", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
გუშინ, 25 ოქტომბერს, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმით რეჟიმზე".
„გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს „ჭეშმარიტებას“, სხვა დანარჩენი, ყველა, განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. გეკითხებით, სად არის კლანი? სასამართლოშია კლანი თუ არასამთავრობო სექტორში? მტკიცებულებებით ვამხელთ ყველა სუბიექტს, მიუხედავად მისი სტატუსისა, იქნება ეს პოლიტიკოსი, მედიის წარმომადგენელი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას, მის თამაშგარე დატოვებას და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანას, იმ კუთხით, რომ არაჯანსაღ კომუნიკაციას ამყარებს ცალკეულ მოსამართლეებთან", - თქვა გვრიტიშვილმა. მან ასევე განაცხადა: „თავდაცვითი რეჟიმიდან, სასამართლო ხელისუფლება, ჩათვალეთ, რომ გადადის თავდასხმით რეჟიმზე".
23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულმა მოსამართლეთა 31-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი მეორე ვადით აირჩია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოსამართლეებმა გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.