Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაათავისუფლეს


სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეებტან ერტად.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეებტან ერტად.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაათავისუფლეს. ვლადიმერ ჯოხაძე და მალხაზ ტიელიძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და მათ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ გათავისუფლებამდე ჯერ სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები არასრულწლოვანი მოქალაქე გამოუშვეს. სამივე მათგანი 1 ნოემბერს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

„უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყონებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“.- აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამჟამად ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება, მათგან ერთი, მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. მათი გათავისუფლების საკითხს საქართველოს ხელისუფლება ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში დააყენებს, რომლის გამართვაც 10 ნოემბერს იგეგმება.

XS
SM
MD
LG