უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ამ ეტაპზე ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას ხერსონიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების ე.წ. გაყვანის შესახებ - განაცხადა დღეს, 10 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ. გენერლის თანახმად, უკრაინის არმია შეტევას საკუთარი გეგმით განაგრძობს.
ზალუჟნის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან, უკრაინის ჯარებმა ხერსონის მიმართულებით წინ წაიწიეს 36.5 კილომეტრით და კონტროლი აღადგინეს 41 დასახლებულ პუნქტზე. მათ შორის 12-ზე ბოლო 24 საათის განმავლობაში.
გენერალ ზალუჟნის განცხადებით, მოწინააღმდეგის ყოველი, ე.წ. კეთილი ნების ჟესტის მიღმა დგას უკრაინის თავდაცვის ძალების კოლოსალური ძალისხმევა და ისევე, როგორც მტრის მიერ კიევის, ხარკოვის ოლქის და კუნძულ ზმეინის დატოვებისას, ხერსონიდან სავარაუდო გასვლაც უკრაინის არმიის აქტიური მოქმედების შედეგია. ვალერი ზალუჟნის თანახმად, თავდაცვის ძალებმა ხერსონის მიმართულებით გაანადგურეს მოწინააღმდეგის ლოგისტიკის გზები და მომარაგების და ჯარების მართვის სისტემა და გაქცევის გარდა, სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს.
უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს 9 ნოემბერს, საღამოს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე. შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი.
გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ბოლო ხანს, დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურები და ანალიტიკური ცენტრები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰესზე დარტყმის საფრთხეს გამოიყენებდა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გასვლის საბაბად.
დღეს, 10 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სამხედრო დაჯგუფებამ დაიწყო გადაადგილება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ დამტკიცებული გეგმის მკაცრად დაცვით, ნიკოლაევი-კრივოი-როგის მიმართულებით ხორციელდება რუსული ქვედანაყოფების მანევრი დნეპრის მარცხენა ნაპირზე მომზადებულ პოზიციებზე.