Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები ყველას უნდა - წავა თუ დარჩება მელია?


ნიკა მელია აქციაზე. 21 დეკემბერი, 2021 წელი.
ნიკა მელია აქციაზე. 21 დეკემბერი, 2021 წელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ჯგუფი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას, ბოლო ორი დღეა, საგანგებო ბრიფინგებით ითხოვს. პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აეჭვებს თანაპარტიელების აჩქარება, რადგან, როგორც ამბობს, არჩევნების იდეა, თვე-ნახევრის წინ, თავად წამოაყენა და პარტიაში მზადებაც დაწყებული იყო.

ეს რომ ასეა, რადიო თავისუფლებას პარტიის რამდენიმე წევრმა დაუდასტურა. ამ პროცესებს წინ უსწრებდა ნიკა მელიას დაპირისპირება თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე მელია ორი წლის წინ, ონლაინკენჭისყრით აირჩიეს. პარტიის წევრებისა თუ მხარდამჭერების მხრიდან მზარდი დაპირისპირების მიუხედავად, ის ახლაც მზადაა, კვლავ იყაროს კენჭი მომავალ არჩევნებში. ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა ფორმით აირჩევს პარტია ახალ თავმჯდომარეს.

"საეჭვო" ბრიფინგები და რეაქციები

9 ნოემბერს - საკრებულოს დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ, თანამოაზრეებთან ერთად, ხოლო 10 ნოემბერს, პარლამენტის დეპუტატმა - ირაკლი ხაბეიშვილმა, მარტომ, მედიასთან გააკეთეს განცხადებები - "ნაციონალურ მოძრობაში" სწრაფი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ეს ჯგუფი ითხოვს, რომ პარტიამ ხელახლა აირჩიოს პოლიტიკური სამდივნო, საბჭო და აუცილებლად - თავმჯდომარე.

"პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების 80% ემხრობა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს და ცვლილებებს. ასევე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი საკრებულოების, მათ შორის - დედაქალაქისა და სხვადასხვა რაიონის საკრებულოების წევრების უმრავლესობა ემხრობა არჩევნებს... წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში პარტიის გაძლიერებისთვის", - თქვა ხაბეიშვილმა 10 ნოემბერს და იქვე უარყოფითად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თავად ხომ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.
"პარტია უნდა დაუბრუნდეს მის ამომრჩეველს", - ამბობს ხაბეიშვილი.

როგორც თანდათან ირკვევა, პარტიაში არჩევნების წინააღმდეგი არავინაა - არც მელიას ოპონენტები, არც მომხრეები და არც თავად - მელია. ის ამბობს, რომ არჩევნები მისთვის "ყველაზე კომფორტულია" და ეს ინიციატივა პარტიაში, თვე-ნახევრის წინ, თავადვე წამოაყენა. ერთადერთი, რასაც თავმჯდომარე საეჭვოდ მიიჩნევს, ეს მისი პარტიის წევრების მიერ შიდაპარტიული მსჯელობების დასრულებამდე საკითხის გახმაურებაა.

"ამ საკითხებზე შიდაპარტიული აქტიური, ყოველდღიური მსჯელობა მიმდინარეობდა კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. დრო აუცილებლად გამოაჩენს, რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზეზი და მიზანი, მით უმეტეს, რომ დღეს მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი შეფასებები", - განაცხადა მან 9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ადასტურებენ, რომ პარტიაში შიდაარჩევნების გარშემო მსჯელობა და მზადება უკვე არაერთი კვირაა მიმდინარეობს და ამ პროცესის ინიციატორი მართლაც ნიკა მელია იყო.

"ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამ ეტაპზე, როდესაც მთავარი თემა "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხია, არ ღირდა არჩევნებზე [საჯაროდ] საუბარი", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, აკაკი მინაშვილი. თანაპარტიელების აჩქარება აეჭვებს ნუგზარ წიკლაურსაც.

​"ნუ მიწყენენ და არ მჯერა, ამდენად უდროო ინიციატივების უკან ღია და დემოკრატიული პროცესების გულწრფელი სურვილები იდგეს. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საბჭოს ვადა მარტში ეწურება. ასე რომ, ისედაც მალე დგება ყრილობის და არჩევნების საკითხი. რა დროს ახალი განხეთქილების ვაშლის შემოგდება იყო? თან გუშინდელი [ევროპარლამენტის კომიტეტის] უმნიშვნელოვანესი რეზოლუციის ექოდ და მისი გადაფარვით? თუ ვინმე მუდმივად მოითხოვდა ენმ-ში ღია პროცესებს, ერთ-ერთი მე ვარ", - წერს თავის ფეისბუკპოსტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა წამალაშვილი და იქვე შიდაპარტიულ დემოკრატიაში "კულუარული გავლენების" გამორიცხვის აუცილებლობასაც ახსენებს.

რას ნიშნავს "კულუარული", "არაფორმალური" გავლენები მთავარ ოპოზიციურ პარტიაში?

ამ შეკითხვას პარტიაში საჯაროდ არ უპასუხებენ და არც ნიკა მელიას მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებების დეტალებს აკონკრეტებენ.

ზედაპირულად, მინიშნებებით ხატავდა სურათს თავად მელია, როცა ის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს რამდენიმე ღია განცხადებით დაუპირისპირდა და "მოოლიგარქო ტიპიც" უწოდა. ​24 სექტემბერს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ასევე თქვა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი მისი პარტიისთვის სახიფათოა.

"პარტიაში არაფორმალური გავლენა არცერთმა პარტნიორმა არ უნდა შემოიტანოს... დავინახე ამის საფრთხე", - თქვა ნიკა მელიამ.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ნიკა მელიას ახლა სწორედ კეზერაშვილის მომხრეები უპირისპირდებიან, როგორც პარტიის შიგნით, ასევე - მის გარეთაც. ამ ვერსიით, პარტიაში ზეგავლენისთვის მებრძოლთა ჯგუფშია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და ეს პროცესი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა ქართულ პოლიტიკასა და პარტიის მიმართ ინტერესებზეც.

"მე არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა. ერთადერთი, რასაც ვთვლიდი და ვთვლი ჩემ მოვალეობად, გვერდში დავუდგე ყველას, ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა. გვერდში დავუდგე მხოლოდ მათი სურვილისა და პარტნიორობისთვის მზადყოფნის შემთხვევაში", - წერს კეზერაშვილი სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნებულ ღია წერილში.

პრეტენზიები მელიას მმართველობასთან

2 წლის წინ, ონლაინკენჭისყრის გზით, ფართო მხარდაჭერით არჩეულ ნიკა მელიას, რომელმაც ამ პერიოდში პატიმრობაც მოასწრო და დიდწილად, ქუჩაში, მიტინგებზე უწევდა დგომა, კრიტიკოსები თანდათან მოუმრავლდნენ და დაპირისპირება ბოლო თვეებში აშკარა გახდა, განსაკუთრებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ფონზე.

მას აკრიტიკებდნენ, მაგალითად, მასშტაბური მიტინგების დაშლისა და ხალხის სახლში გაშვების გამო, არასაკმარისი ძალისხმევისა თუ იმის გამოც, რომ სააკაშვილის "ტყვეობიდან დახსნა" მას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წარმოედგინა.

"არ მაინტერესებს იმ ადამიანების პოზიციები, რომლებიც რაციონალურობას არიან ჩამოშორებული. არც ვითვალისწინებ და არც გავითვალისწინებ არასოდეს. უბრალოდ მიჩნდება განცდა, რომ ეს ადამიანი არ არის კეთილისმსურველი პარტიისთვის. მე ვალდებული ვარ, ვიფიქრო ამომრჩევლების საჭიროებებზე და მათი რიცხვის გაზრდაზე", - ასე უპასუხა ნიკა მელიამ, იანვარში, რადიო თავისუფლების მიერ დასმულ შეკითხვას პარტიის მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან იმ პერიოდში გამოხატულ პრეტენზიებზე.

მაგრამ თუკი მანამდე მას ძირითადად პარტიის მხარდამჭერების ნაწილი უპირისპირდებოდა, თანდათან უფრო ხმაურიანი ამბებიც გავრცელდა და ბოლო თვეებში პარტია არაერთმა წევრმა, მათ შორის - თავად მელიას მიერ მიყვანილმა, დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ღიად და მწვავედ დაუპირისპირდნენ მოძრაობის "საქართველოსთვის" წევრებიც.

"ყველამ თავის დროზე უნდა იცოდეს როგორც მოსვლა, ასევე წასვლა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, გიორგი ჩალაძე, რომელიც შარშან იანვარში, გუნდის შემადგენლობაში ასევე მელიამ წარადგინა, მაგრამ, ბოლო წელია, ის მხოლოდ პატიმარ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხებით არის დაკავებული. ჩალაძის განცხადებებში ყოველთვის იკითხებოდა უკმაყოფილება, მაგრამ ღიად არასოდეს უპირისპირდებოდა პარტიის თავმჯდომარეს. ახლა ამბობს, რომ არჩევნების ჩატარება სწორი, მაგრამ დაგვიანებული გადაწყვეტილებაა:

"არ აქვს მნიშვნელობა - ვერ შეძლეს, არ შეძლეს თუ რა მოხდა, ფაქტია, არ არის შედეგი. პარტიას არ აღმოაჩნდა შესაბამისი ძალა, თუ არ გაჭრა ამ ძალამ... შედეგი უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მტყუან-მართლის გარჩევა არ გვინდა, რადგან შედეგი არ დაიდო და პრეზიდენტი სააკაშვილი ისევ საპატიმროშია, უნდა გამოიცვალოს ხელმძღვანელი, როგორც ნებისმიერ კომპანიაში", - ეუბნება ჩალაძე რადიო თავისუფლებას.

კრიტიკის ობიექტი ნიკა მელია სექტემბერში გაკეთებული განცხადების გამოც გახდა, რომ პარტია იწყებდა ბრძოლას ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. მას შედეგს სთხოვენ; მელია ამბობს, რომ ყველაფერი თვალის დახამხამებაში ვერ მოხდება. წლის დასაწყისში, რადიო თავისუფლებასთან, ის "მტკივნეული ცვლილებების" აუცილებლობაზეც ლაპარაკობდა.

აქვს თუ არა შანსი მელიას, დარჩეს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე?

პარტიის წევრების და მხარდამჭერების ნაწილი ფიქრობს, რომ მას რეალური კონკურენტი ვერ გამოუჩნდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიამ, 2020 წლის დეკემბერში, პარტიიდან სრულიად მოულოდნელად და ყველასთან შეუთანხმებლად წასული გრიგოლ ვაშაძე შეცვალა. მელიამ ღია ონლაინარჩევნებში გაიმარჯვა და ლევან ვარშალომიძეს მოუგო. მაშინ გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა პროცესში ყალბი ანგარიშების - ტროლებისა და ბოტების ჩარევასთან დაკავშირებით, თუმცა ამ მცდელობებს პროცესი არ შეუფერხებია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, როგორ ჩატარდება არჩევნები ახლა. პარტიის წევრების ნაწილი ითხოვს, რომ მენეჯმენტის შემადგენლობა პარტიის ყრილობაზე, მხოლოდ დელეგატების ჩარევით შეიცვალოს; ნაწილი კი არჩევნებში კვლავ მხარდამჭერთა ფართო წრის მონაწილეობას ემხრობა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG