სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო გორის ტრანსპორტის სააგენტოდან და სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჯირკველიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. ეს ფაქტი მედიას თავად ჯირკველიშვილმაც დაუდასტურა გამოკითხვის შემდეგ.
საქმე ეხება საბიუჯეტო თანხების სავარაუდო მითვისება-გაფლანგვის შემთხვევას. სატრანსპორტო სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება სწავლობს მათ დოკუმენტებს ბუღალტრის, ლეილა წკრიალაშვილის საქმეზე - ის ბრალდებულია გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის სამსახურიდან თანხის მითვისებაში. წკრიალაშვილი გორის მერიის ამ ორ სამსახურში მუშაობდა.
"ჩემთვის არაფერია ცნობილი. საბუთები სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა წაიღეს. ჩვენთან დროებით ბუღალტრად მუშაობდა ლეილა წკრიალაშვილი", - ამბობს გორის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც მედიას არ დაუსახელა თანხა, რომლის შესაძლო მითვისების გამოკვლევითაც ახლა გამოძიებაა დაინტერესებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის აპრილში დააკავა გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტერი ლეილა წკრიალაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, უწყების ბუღალტერი სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო თანხებს სისტემატურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა ბანკებში თავის პირად საბანკო ანგარიშებზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში - "2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და საკუთარი საჭიროებებისათვის გამოიყენა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 370 479 ლარი". ამ საქმეზე გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს (ააიპ) ყოფილი და მოქმედი დირექტორები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე პასუხისგებაში მისცა.
რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია, რომ დაკავებული ბუღალტერი გამოძიებასთან თანამშრომლობს და სატრანსპორტო სამსახურის დოკუმენტაციის შემოწმებაც მისი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.