დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შოტლანდიაში კანონმდებლებს არა აქვთ უფლება, მოაწყონ მეორე რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ, თუკი საამისოდ არ მიიღებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ნებართვას.
საქმე სასამართლოს გადაეცა მას შემდეგ, რაც შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯერსმა წარმოადგინა გეგმები მეორე კენჭისყრის მომავალი წლის 19 ნოემბერს გამართვის თაობაზე. სასამართლოს მიმართა სამეფო ადვოკატმა დოროთი ბეინმა.
როგორც ოთხშაბათს განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ლორდმა რობერტ ჯონ რიდმა, შოტლანდიის პარლამენტს არა აქვს უფლება, გამოსცეს კანონები, რომლებიც სამეფოს ამ ნაწილის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს ეხება. გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შოტლანდიის მთავრობის მთავარი იურისტი ვერ შეძლებს შესაბამისი საბუთების დამტკიცებას, რათა ადგილობრივმა კანონმდებლებმა განიხილონ ისინი.
დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი ეწინააღმდეგება მეორე პლებისციტის ჩატარებას. ლონდონში აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის საკითხი უკვე გადაწყდა 2014 წლის რეფერენდუმზე. მაშინ 55%-მა დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მისცა ხმა. გამოყოფის მომხრე შოტლანდიის ნაციონალური პარტია განმეორებით რეფერენდუმს ითხოვს.
უკანასკნელ წლებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ შოტლანდიელი ამომრჩევლები დაახლოებით თანაბრად არიან გაყოფილი ამ საკითხში.