კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მიუხედავად ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, დედაქალაქის 60% კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
„ენერგეტიკოსები ახლა კრიტიკულ პირობებში მუშაობენ. სისტემის აღდგენა თანაბრად ხდება. უპირველეს ყოვლისა, ელექტროენერგია მიეწოდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - წყალ-საკანალიზაციო სისტემას, საავადმყოფოებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ჩვენ უკვე ავამოქმედეთ მიწისზედა სახმელეთო ელექტროტრანსპორტი. მეტროს მატარებლებს შორის ინტერვალებიც შემცირდა, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ყველაზე მასობრივი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილებისთვის", - აღნიშნა კლიჩკომ ეროვნული ტელემარათონის ეთერში.
მისივე თქმით, ქალაქის ყველა უბანში წყალმომარაგება აღდგენილია, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთ მომხმარებელს სისტემაში წნევის სიმცირის გამო, ჯერ კიდევ ჰქონდეს პრობლემები.
23 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ათამდე ოლქზე. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. დაიღუპა 10 ადამიანი. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ავარიულად გაითიშა იუჟნოუკრაინსკის, როვნოს და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურები. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, გენერატორების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სადგურები შიდა წყაროებით მომარაგებაზე გადაიყვანეს.