რუსეთის პრეზიდენტი 25 ნოემბერს შეხვდა იმ სამხედრო მოსამსახურეების დედებს, რომლებიც, კრემლის ოფიციალური ცნობით, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობენ. რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს მხოლოდ შეხვედრის დასაწყისი, როდესაც სამხედროების დედებს ვლადიმირ პუტინმა მიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეხვედრა მისი ინიციატივით მოხდა, რათა უშუალოდ მათგან მოესმინა შეფასებები და გააფრთხილა, რომ არ დაუჯერონ, რასაც ეკრანებზე და ინტერნეტით უჩვენებენ. „იქ საერთოდ არაფრის ნდობა არ შეიძლება. იქ გროვად დგას ყველანაირი ფეიკი, ტყუილი და სიცრუე“, - განაცხადა პუტინმა.
საინტერნეტო ტელევიზია „მედუზის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობა 18-მა ქალმა მიიღო. მათ შორის იყო რამდენიმე მაღალჩინოსანი და ასევე კრემლთან დაახლოებული ქალი აქტივისტები.
გამოცემამ „მოჟემ ობიასნიტ“ რამდენიმე ქალის იდენტიფიცირება მოახდინა:
- მოსკოველი მოხელე ქალი და „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატი, ოლგა ბელცევა;
- რუსეთის საერთო-სახალხო ფრონტის მოსკოვის ოლქის ხელმძღვანელი იულია ბელეხოვა;
- ორეხოვო-ზუევოს საზოგადოებრივი პალატის წევრი, მარინა მიგუნოვა;
- ოჯახის, ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა ერთ-ერთი რაინული განყოფილების ხელმძღვანელი, ირინა ტას-ოოლი;
- და რეჟისორი ოლესია შიგინა, რომელიც მართლმადიდებლური და პატრიოტული სულისკვეთების ფილმებს იღებს.
სამაგიეროდ რუსეთის პრეზიდენტთან არ მიიწვიეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები- „ჯარისკაცთა დედების კომიტეტი“ და „ჯარისკაცთა დედებისა და ცოლების კავშირი“, რომლებიც საჯაროდ აკრიტიკებენ სამხედრო ნაწილებში გამეფებულ უკანონობას და სააშკარაოზე გამოაქვთ ჯარისკაცების უფლებების დარღვევის ფაქტები.