ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც ამავდროულად ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც გახლავთ, სიტყვით გამოვიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე, რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაგმო და ეს ქმედებები რუსეთი მიერ საქართველოში განხორციელებულ სცენარს შეადარა.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, რუსეთმა საქართველოში ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა, რადგან 250 000-მდე ეთნიკურ ქართველს არ აძლევს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა, ბავშვები განათლებას ვერ იღებენ საკუთარ ენაზე და მუდმივად გრძელდება მცდელობა ოკუპირებულ რეგიონებში ქართული კვალის წაშლისა.
„ დღეს, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ რეგიონებში დამყარებული აქვს აპართეიდის რეჟიმი, სადაც ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია გრძელდება. ეს ფაქტი დადასტურებული აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, სადაც საქართველომ რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. საქართველომ ასევე, მოიგო დავა საქართველოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოშიც, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეები დამნაშავედ სცნეს ომის დანაშაულების ჩადენაში“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ გამოსვლისას.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზეც ილაპარა და თქვა, რომ საქართველო იყო ის ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც უკრაინამ შეიტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში.“საქართველო მომავალშიც გაუწევს მსგავს დახმარებას ჩვენს მეგობარ უკრაინას,“ - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.