Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვანი დაიღუპა პერუში საპროტესტო აქციაზე


საპროტესტო აქცია პერუში. 7 დეკემბერი, 2022 წელი
საპროტესტო აქცია პერუში. 7 დეკემბერი, 2022 წელი

პერუში ახალი პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს წინააღმდეგ მეორე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კვირას, 11 დეკემბერს, დემონსტრანტებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ანდაჰუაილასის აეროპორტის მუშაობის პარალიზება მოახდინეს და საწვავის ავზს ცეცხლი წაუკიდეს. ოფიციალური მონაცემებით, შედეგად დაიღუპა ერთი არასრულწლოვანი მომიტინგე, კიდევ ხუთი ადამიანი კი დაშავდა.

კომპანია Corpac-ის ინფორმაციით, რომელიც პერუს რამდენიმე დეპარტამენტში აეროპორტებს მართავს, მძევლადაა აყვანილი 50 ადამიანი, მათ შორის ორგანიზაციის თანამშრომლები და პოლიციელები. ადგილზე გაგზავნილია პოლიციის სპეციალური დანაყოფები.

საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა ქვეყნის სხვა ნაწილებში ძირითადი გზებიც გადაკეტეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ერთი დღით ადრე ქალაქ ანდაჰუაილასში არეულობების დროს 16 მშვიდობიანი მოქალაქე და ოთხი პოლიციელი დაშავდნენ.

პერუში საპროტესტო აქციები პრეზიდენტ პედრო კასტილიოს თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ დაიწყო. 7 დეკემბერს პარლამენტმა მას იმპიჩმენტი გამოუცხადა “მორალური არაკომპეტენტურობისთვის”. რამდენიმე საათში კასტილიო პოლიციამ დააკავა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას შვიდი დღით წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

კასტილიოს ბრალად ედება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და გადატრიალების მცდელობა. დაკავების შემდეგ მან მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

პედრო კასტილიოს ხელისუფლებიდან მოხსნის შემდეგ, მისი მოადგილე დინა ბოლუარტე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. დემონსტრანტები მის გადადგომას, კასტილიოს პატიმრობიდან გათავისუფლებას, ასევე ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. ისინი დასაქმებულებს ქვეყნის მასშტაბით გაფიცვისკენაც მოუწოდებენ.

XS
SM
MD
LG