Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის კრიტიკული მდგომარეობა განგაშს და შეშფოთებას იწვევს - უკრაინის ომბუდსმენი


დმიტრო ლუბინეცი, უკრაინის ომბუდსმენი
დმიტრო ლუბინეცი, უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, მიეცეს საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა, ამის შესახებ დმიტრო ლუბინეცმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, აუცილებლად მიმაჩნია, პირადად, როგორც უკრაინის ომბუდსმენი, დავრწმუნდე, რომ მისი სიცოცხლე არაა საფრთხეში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ამჟამად „ვივამედის“ სამედიცინო ცენტრში იმყოფება. კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, განგაშს და შეშფოთებას იწვევს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მისი სათანადო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის სათანადო პირობები. ან დაეხმაროს მის გადაყვანას ევროპის ან ამერიკის სამედიცინო დაწესებულებაში“, - ნათქვამია უკრაინის ომბუდსმენის განცხადებაში.

მანამდე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ხელისუფლებას მისი სათანადო სამედიცინო მომსახურებისკენ მოუწოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო, რომელიც ამ წუთებში თბილისის სამედიცინო ცენტრ "ვივამედში" იმყოფება. უკრაინის მოქალაქის კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, გაუწიოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს მიხეილ სააკაშვილის თხოვნა სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით, რათა იგი შემდგომში გადაიყვანონ ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში სამკურნალოდ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი დაუშვან მიხეილ სააკაშვილთან. უკრაინა გააგრძელებს განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე, კერძოდ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 15 დეკემბრის განცხადებაში.

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრები გაავრცელა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი კადრების გავრცელების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება. აპარატი განმარტავს, რომ დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს საკითხის შესწავლას სთხოვს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" ყოფნის ამსახველი კადრების გავრცელების საკითხის შესწავლა დაიწყო.

14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა, რომელსაც ექსპრეზიდენტი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის გამო ვერ ჩართავდა პატიმარს დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. მორიგი სხდომა 22 დეკემბერს არის დანიშნული.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG