საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს პარლამენტის დაცვის თანამშრომლები არ აძლევდნენ უფლებას, შენობაში შეეტანა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები. ფოტოებზე აღბეჭდილი კადრები პენიტენციური სამსახურის მიერ 14 დეკემბერს გავრცელებული ვიდეომასალიდანაა ამოღებული. დეპუტატს უნდა ეს ფოტოები აჩვენოს იუსტიციის მინისტრს, რომელსაც დღეს ელიან პარლამენტში.
"პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი რა დღეში ჩააგდეს! დღეს იუსტიციის მინისტრი მოდის, თვითონ გაასაჯაროვა ეს ვიდეო. მინდა ვაჩვენო ფოტოები, ამ მდგომარეობაში რომ ადამიანი ჰყავს და ამბობენ, რომ კარგად არის. კითხვები მაქვს და მოვიტანე ფოტოები. იმიტომ რომ თურმე დისკომფორტი შეექმნება, არის დაცვა და რა შეიტანო და რა - არა, ამას აკონტროლებენ. ეს არც იარაღია, არც თავდასხმის შესაძლებლობას იძლევა, ეს ფოტოა, რომელიც ყველა ჯერზე მომაქვს ილუსტრაციისთვის", - აღნიშნა ხაბეიშვილმა, რომელსაც დაცვის თანამშრომელი ასე უპასუხებდა: "თქვენ გიშვებთ".
როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იუწყება პარლამენტიდან, რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ, დაცვის თანამშრომლებმა დეპუტატს ფოტოების შეტანის საშუალება მისცეს.
დღეს, 16 დეკემბერს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმენენ. ოპოზიციას კითხვები იმ ვიდეომასალასთან დაკავშირებით აქვს, რომელიც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის რამდენიმე დღეს ასახავს. კადრები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.
სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.